„ბაქტერია, რომლის იდენტიფიცირებაც მოვახდინეთ, არის „ფსევდომონა“ - ძალიან მძიმე ბაქტერიაა“, - ასე პასუხობს საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე, მერაბ ჭითანავა „ბიზნესპრესნიუსის“ კითხვას, რით არის გამოწვეულია ქვეყანაში თხილის ხმობა.

შეგახსენებთ, „ბიზნესპრესნიუსი“ ჯერ კიდევ ივნისში წერდა, რომ საქართველოს ნაწილში თხილი ხმება. ჩვენთან საუბარში ფერმერები გურიიდან აცხადებენ, რომ თხილის ხმობის პროცესი ბოლო პერიოდია ინტენსიურად მიმდინარეობს.

თხილის მწარმოებელთა ასოციაციაში განგვიცხადებს, იდენტიფიცირებულია ბაქტერია, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად კი მიმდინარეობს მკურნალობისთვის სათანადო პროტოკოლის შემუშავება.

„ბაქტერია, რომლის იდენტიფიცირებაც მოვახდინეთ, არის „ფსევდომონა“. ეს არის ძალიან მძიმე ბაქტერია, მასზე მუშაობა უნდა დავიწყოთ ოქტომბრის თვეში მაშინ, როცა თხილს ფოთლები დასცვივა - ვემზადებით ამისთვის. სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უკვე გაავრცელა გაავრცელა დასკვნა, რომელიც ერთობლივად შევიმუშავეთ. ეტაპობრივად ვამზადებთ პროტოკოლს“, - აღნიშნავს ჭითანავა.

ამასთანავე, მანვე დასძინა, რომ მკურნალობისთვის საჭირო ფინანსურ ნაწილში დახმარებისთვის აპირებენ, სოფლის სამინისტროსთან კომუნიკაციას.

„ვაპირებთ სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კომუნიკაციას, რომ იქნებ რაიმე დახმარების პროექტი შევიმუშაოთ, რადგან ფინანსურად საკმაოდ დიდი წნეხია, განსაკუთრებით მძიმე მოსავლელი და სამკურნალოა ბაღები, რომლის დიდი წილიც არის დაავადებული.

მკურნალობა უნდა განხორციელდეს სპილენძის შემცველი პრეპარატებით და შემდეგ ანტიბაქტერიული პრეპარატით, რომლის შეძენაც საქართველოს ბაზარზე შესაძლებელია“, - განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას მერაბ ჭითანავამ.

შეგახსენებთ, დასავლეთ საქართველოში თხილის ბაღების დეტალური კვლევა იგეგმება. მომსახურების შესყიდვას სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი აპირებს. ცენტმა 12 აგვისტოს გამარტივებული შესყიდვა მოითხოვა. მოთხოვნა ამჟამად განხილვის ეტაპზეა. შესყიდვის ღირებულება 15 000 ევროს შეადგენს.

დოკუმენტის მიხედვით, მიმდინარე წელს დაფიქსირებულია თხილის უეცარი ხმობის შემთხვევები დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ხობის, ჩხოროწყუს და ზუგდიდის, გურიის რეგიონის ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში.

წყარო: ბიზნესპრესნიუსი