უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველომ მკვეთრად გაზარდა ექსპორტი ცენტრალური აზიის  ქვეყნებთან - ყირგიზეთსა და ყაზახეთთან. 20 ივლისს აშშ-მ ახალი სანქციები დააწესა 120-მდე კომპანიისა და ფიზიკური პირის წინააღმდეგ, ვინც რუსეთს ამ ქვეყანაში შესატანად აკრძალული  პროდუქტებით მომარაგებაში ეხმარება.

სანქციები შეეხო ყირგიზ ბიზნესმენებსა და ყირგიზულ კომპანიებს.

“ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ტაქტიკა, რომელსაც რუსეთი იყენებს ელექტრონიკისა და ტექნოლოგიების იმპორტის გასაგრძელებლად, არის რუსეთის საზღვრებს გარეთ მყოფი მესამე მხარის შუამავლებისა და გადამზიდავების გამოყენება მომარაგებისთვის. ყირგიზეთში რეგისტრირებული ბიზნესსუბიექტები უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთს ელექტრონიკით და სხვა ტექნოლოგიებით ამარაგებდნენ. ამ გადამზიდავების ნაწილი რუსეთს აწვდიდა ორმაგი დანიშნულების ისეთ პროდუქციას, რომელსაც რუსეთი სამხედრო წარმოებაში იყენებდა”, - ასეა ახსნილი ყირგიზეთისთვის დაწესებული სანქციები 20 ივლისს აშშ-ს ფინანსთა სამინისტროს საგარეო აქტივების კონტროლის ოფისის (OFAC) მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

საქსტატის საგარეო ვაჭრობის პორტალზე გამოქვეყნებული მონაცემების გადამოწმებით კი ჩანს, რომ ორმაგი დანიშნულების პროდუქცია, მათ შორის ის პროდუქცია, რომელიც ევროკავშირმა სპეციალურ, 38- კომპონენტიან სიაში გააერთიანა და რომელსაც რუსეთი დადასტურებულად იყენებს სამხედრო წარმოებაში, ყახაზეთსა და ყირგიზეთში საქართველოდანაც შედის.

მხოლოდ 2023 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან ყირგიზეთში წლიური ექსპორტი 1360,1%-ით გაიზარდა, ყაზახეთში 280,4%-ით.

2023 წლის ივლისის მონაცემებით, ორივე ქვეყანა საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების ათეულში მოხვდა და მეოთხე და მეხუთე ადგილები დაიკავა.

საერთო ექსპორტში, ყაზახეთში ექსპორტმა 9,8% შეადგინა, ყირგიზეთში ექსპორტმა 9,2%. 2 წლის წინ ყაზახეთი და ყირგიზეთი საქართველოს მსხვილი სავაჭრო პარტნიორების ათეულში საერთოდ არ იძებნებოდა. 2022 წლის პირველ ნახევარში საქართველოს ექსპორტში ყაზახეთს 3,1 % ეჭირა, ყირგიზეთს 0,8%.

საქართველომ რეკორდულად გაზარდა ავტომობილების ექსპორტი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. 2023 წელს ქვეყანაში შემოსული მანქანების თითქმის სრული უმრავლესობა სხვა ქვეყანაში ექსპორტზე გასატანად იყო განკუთვნილი.

ავტოექსპორტში ყურადღებას იქცევს ის ფაქტი, რომ 2023 წლიდან საქართველომ ძვირადღირებული ავტომობილების გატანა დაიწყო ყირგიზეთში, ქვეყანაში, რომლის მშპ ერთ სულ მოსახლეზე ათას დოლარს მცირედით აღემატება.

მხოლოდ 2023 წლის მაისში ყირგიზეთში საქართველოდან 1288 მსუბუქი ავტომობილი გავიდა, რომელთა საშუალო ფასი 42 ათასი დოლარი იყო. წინა წლის ამავე თვეში საქართველოდან ყირგიზეთში ექსპორტირებული ავტომობილის საშუალო ფასი მხოლოდ 6100 დოლარი იყო. 2023 წლის პირველ ექვს თვეში საქართველოდან იმაზე მეტი ღირებულების მსუბუქი ავტომობილი გავიდა ყირგიზეთში, ვიდრე გასული 5 წლის განმავლობაში ჯამში.

სრულად იხილეთ radiotavisupleba.ge