კონფლიქტის ფონზე სატრანსპორტო მარშრუტების ცვლილებამ საქართველო ერთ-ერთ მნიშვნელოვან ლოგისტიკურ ჰაბად აქცია, რის გამოც ქვეყნის მიმართ მოთხოვნა მომდევნო წლებშიც შენარჩუნდება, - ამის შესახებ საერთაშორისო ლოგისტიკური კომპანია Ibex Logistics-ის ხელმძღვანელმა ლევან თათარაშვილი BM.GE-სთან განაცხადა.

მისი თქმით, მიმდინარე ტენდენცია გადაზიდვის მიმართულებით ზრდადია და საქართველო ფაქტობრივად ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელ ცენტრად ყალიბდება.

"ზრდის ტენდენციები ისევ შენარჩუნებულია, გამომდინარე იქიდან, რომ ასე ვთქვათ, ახლა ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ცენტრი ვართ. ის ტვირთნაკადი, რაც აზიის მხრიდან შედიოდა ირანის გავლით, მთლიანად გადმოვიდა და უკვე საქართველოს გავლით შედის - ცენტრალურ აზიაზე მაქვს საუბარი. შესაბამისად, ჩვენთანაც გაიზარდა ტვირთბრუნვა. უბრალოდ ტარიფები ცნობილი მოვლენების გამო ოდნავ გაზრდილია - გაიზარდა საწვავი და ა.შ. რაც პირდაპირპროპორციულად მოქმედებს გადაზიდვებზე და ზრდის ტენდენცია ისევ შენარჩუნებულია. ჩვენს შემთხვევაში არის დაახლოებით 12-დან 15%-მდე ზრდა, მიმდინარე კვარტალში”, - თქვა მან.

თათარაშვილი მიიჩნევს, რომ კონფლიქტის დასრულებისა და რეგიონში ინფრასტრუქტურის აღდგენის შემდეგ, ბაზარი შესაძლოა ძველ ნიშნულს დაუბრუნდეს, თუმცა ეს პროცესი დროში გაჭიანურებული იქნება და რამდენიმე წელი დასჭირდება.

“სიტუაცია რომ დასტაბილურდება, ომი რომ დასრულდება და შესაბამისად ის ინფრასტრუქტურა ისევ აღდგება, რაც იყო ამ ქვეყნებს შორის დამაკავშირებელი, თავისთავად ისევ ძველ საწყის ნიშნულს დაუბრუნდება ალბათ, მაგრამ ეს ყველაფერი დროში იმდენად გაწერილი იქნება, რომ დაახლოებით ალბათ რამდენიმე წლის პერსპექტივაში ფიზიკურად შეუძლებელი არის ისევ იმ კონდიციაში დაბრუნება ამ მოვლენების, რაც ომის დაწყებამდე იყო”, - ამბობს თათარაშვილი.

დღევანდელ რეალობაში, მისი შეფასებით, ქართული პორტები გადატვირთულია, რაც ტვირთების დაგვიანებულ დამუშავებას იწვევს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ერთის მხრივ მაღალი აქტივობის მაჩვენებელია, მეორე მხრივ მცირე შეფერხებებს ქმნის. თათარაშვილი აღნიშნავს, რომ პრობლემა არა მზადყოფნაში, არამედ ტერმინალების ფიზიკურ შესაძლებლობებსა და რესურსებზეა დამოკიდებული, რაც არსებული ტვირთბრუნვის პირობებში სრულადაა დატვირთული : "იმდენად დიდი ტვირთბრუნვა არის ამ მომენტისთვის, რომ ფიზიკურად ვერ ხდება სწრაფად დამუშავება”, - აცხადებს Ibex Logistics-ის წარმომადგენელი.

კომპანიის ხელმძღვანელის თქმით, მიუხედავად ამ გამოწვევებისა, კომპანიის ოპერაციები სტაბილურად და დინამიკურად მიმდინარეობს. საქართველო, მისი შეფასებით, უკვე მანამდეც მზარდი მოთხოვნის ბაზარი იყო, თუმცა მიმდინარე პროცესებმა ეს ტენდენცია კიდევ უფრო დააჩქარა.

კომპანია აქტიურად მუშაობს ცენტრალური აზიის მომხმარებლებთან და გეგმავს გაფართოებასაც. თათარაშვილის ინფორმაციით, Ibex Logistics უახლოეს პერიოდში სასაწყობე ინფრასტრუქტურის მოწყობას გეგმავს, რომელიც შესაძლოა თბილისში ან ფოთში განთავსდეს. პროექტი ამჟამად დაგეგმვის ფაზაშია და მისი განხორციელება სავარაუდოდ მომდევნო წლის პირველ ან მეორე ნახევარში მოხდება.

წყარო: bm.ge