„სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სასწავლო ცენტრი მნიშვნელოვანი და სასარგებლო სიახლეებით გიბრუნდებათ“ - ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო ავრცელებს.
„სააგენტო იწყებს ახალი და მრავალფეროვანი სასწავლო და საკონსულტაციო სერვისების მიწოდებას, რომლის მიზანია, შემსყიდველებს შევთავაზოთ ცოდნა და გავუზიაროთ პრაქტიკული მაგალითები მათ საჭიროებაზე მორგებული თემატიკითა და სასწავლო პროგრამებით.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, 10 ივლისიდან დაიწყება რამოდენიმე სრულიად ახალი სასწავლო მიმართულების დანერგვა და დაინტერესებული აუდიტორიისათვის თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება.
სასწავლო ცენტრის მთავარი სასწავლო პროგრამა - სახელმწიფო შესყიდვების კურსი განიცდის მოდიფიცირებას და გაიყოფა ორ ნაწილად. პირველი ნაწილი დაეთმობა შემსყიდველ ორგანიზაციაში დასაქმებულ იმ პირებს, რომლებსაც ესაჭიროებათ საბაზისო ცოდნის მიღება სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით, ხოლო მეორე ნაწილის ფარგლებში ცოდნას გაიღრმავებენ ის შემსყიდველები, რომელთაც უკვე გააჩნიათ გარკვეული გამოცდილება. შესაბამისად, დიდი ხნის განმავლობაში ძალიან პოპულარული კურსი გახდება კიდევ უფრო მორგებული შემსყიდველი ორგანიზაციის საჭიროებებზე.
უახლოეს დღეებში დაიწყება ონლაინ ტრენინგების კურსი “თემატური საკითხები“, რომელიც დაეფუძნება მხოლოდ კონკრეტულ, თემატურ საკითხებს და მომზადებული იქნება სხვადასხვა წყაროებიდან მიღებული მომართვების აგრეგირებისა და მათი ანალიზის შედეგად.
სასწავლო ცენტრს ემატება ახალი სერვისი “ჩემი ზარი“, რომლის საშუალებითაც დაინტერესებულ პირს უჩნდება შესაძლებლობა სასწავლო ცენტრის ფარგლებში, ონლაინ, მოითხოვოს მინი კონსულტაციის/ტრენინგის ორგანიზება მისთვის საინტერესო იმ საკითხზე, რომელიც ვერ გადაიჭრა ცხელის ხაზის, ან სხვა შესაბამისი კონსულტაციის ფარგლებში.
ამასთან, განახლდება საინფორმაციო შეხვედრები რეგიონების წარმომადგენლებისთვის, რათა თითოეულ შემსყიდველ ორგანიზაციამდე მივიტანოთ მიმდინარე და დაგეგმილი სისტემური და საკანონმდებლო ცვლილების არსი. ასევე, მოვისმინოთ მათი შეფასება კონკრეტულ ცვლილებებთან და სიახლეებთან დაკავშირებით.
მიმდინარეობს სათანადო ღონისძიებები, რათა ტრენინგების/საინფორმაციო შეხვედრების ფორმატით, სახელმწიფო შესყიდვების სფეროში არსებულ და დაგეგმილი სიახლეებს სრულად იყვნენ გაცნობილნი და პროცესში ჩართულნი ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.
სწავლების ახალი მიმართულებების დანერგვა მნიშვნელოვნად აამაღლებს ცნობიერებას სახელმწიფო შესყიდვების სფეროში და ხელს შეუწყობს არსებული პროცედურებისა და ინსტრუმენტების სწორად და ეფექტურად გამოყენებას.
დაინტერესებულ მხარეებს დეტალური ინფორმაციის მიღება სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე შეუძლიათ (https://procurement.gov.ge/).“ - ნათქვამია ინფორმაციაში.