საქართველოში ენერგეტიკული ბირჟა ფუნქციონირებას მიმდინარე წლის 1-ელი ივლისიდან დაიწყებს, თუმცა საწყის ეტაპზე ბაზარი ნაწილობრივ გაიხსნება. ბირჟას სრულფასოვანი ფუნქციონირება ჯერ კიდევ 2021 წლის 1 ივლისს უნდა დაეწყო, თუმცა მისი გახსნა 6-ჯერ გადავადდა. დღით ადრე ბაზრის, საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრისა და დღიური ბაზრის გაშვება ამჯერად ზაფხულამდე გადაიდო. ეკონომიკის სამინისტროს განმარტებით, გადავადების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზეზი რეგიონში არსებული გამოწვევებია.
ენერგოპროექტების შემსრულებელი კომპანია „ფერის“ აღმასრულებელი დირექტორი ლაშა იორდანიშვილი აცხადებს, რომ ენერგეტიკული ბირჟის ასამოქმედებლად, რისკები, რომელიც არსებობს მაქსიმალურად გადაზღვეული უნდა იყოს. მისი თქმით, ამგვარად მოსახლეობის და ინვესტორების ინტერესები მაქსიმალურად დაცული იქნება.
„ენერგეტიკაში დერეგულირება ყოველთვის მოგებიანია. კონკრეტული პირობებში მოღვაწეობა ყოველთვის უფრო გამჭვირვალობა ყოველთვის უფრო საღია და ხელშესახები და მოგებიანია. გამორიცხულია, რომ ამ სიტუაციით არ ისარგებლოს როგორც მომხმარებელმა, ასევე ინვესტორმა, თუმცა ამას ახლავს რაღაც სირთულეები. ამას ჰქვია დღით ადრე ვაჭრობა, რაც გულისხმობს მონაცემების მიწოდება თუ რა იქნება მეორე დღის გამომუშავება და ამაში ძალიან ფრთხილი უნდა იყო, რადგან თუ ვერ დაემთხვიე ამ მონაცემებს, მერე ჯარიმები იქნება. ძალიან ძნელია წინასწარ განსაზღვრა მაგალითად ქარის და მზის სადგურების შემთხვევაში თუ როგორი პროგნოზი გექნება შენ ხვალ და რას გამოიმუშავებ, ჰიდროსადგურების შემთხვევაში ეს შედარებით მარტივია, ასევე როგორ დავიცავთ არაკეთილმოსურნე იმპორტიორის მონაწილეობას... ამ დაზღვევის მექანიზმების შემდეგ ენერგეტიკული ბირჟა ალბათ გაიხსნება და ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით. არაკეთილმოსურნე იმპორტიორების რისკების მაქსიმალურად დაზღვეული უნდა იყოს, რომ დაზღვეული იყოს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების და ინვესტორების ინტერესი“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ლაშა იორდანიშვილმა.
სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიას თქმით, ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედებასთან დაკავშირებით შიდა რისკები პრაქტიკულად არ არსებობს, მხოლოდ გარე რისკები რჩება. მისი თქმით, ეს არის საომარი მოქმედებები რეგიონში და აქედან გამომდინარე, ენერგეტიკულ რესურსებზე მაღალი ფასები.
„თუმცა საბოლოო ჯამში, მთავრობის გადასაწყვეტია, მიიღებს თუ არა გადაწყვეტილებას ბაზრის გახსნასთან დაკავშირებით. სისტემა მზადაა, ტესტირება ჩატარებულია, ბაზრის მონაწილეები მომზადებული არიან და შესაბამისად, დაველოდოთ მთავრობის გადაწყვეტილებას“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
ენერგეტიკოსი რევაზ არველაძე „კომერსანტთან“ ამბობს, რომ ბირჟის გახსნას სერიოზული მომზადება სჭირდება განსაკუთრებით მომხმარებლების მხრიდან, რადგან მიმწოდებელი ასე თუ ისე მზად იქნება, თუმცა საჭიროა მომხმარებელთა მზადყოფნაც.
„სწორი იქნება რომ ეტაპობრივად გაიხსნას, პირველ რიგში გადავიდნენ მსხვილი მომხმარებლები, რომელთა პერსონალიც უფრო მზად არის და უფრო მარტივად შეძლებენ“, - ამბობს ენერგეტიკოსი.
აღსანიშნავია, რომ ელექტროენერგეტიკული ბირჟის გახსნის ვალდებულება, ქვეყანამ ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით აიღო.