ბოლო დღეებში კვლავ უფასურდება ლარი, რასაც ეკონომისტები პოლიტიკურ-ეკონომიკური პრობლემების გამოძახილად მიიჩნევენ. ეკონომისტების ნაწილი აპრილამდე დიდ რყევებს ნაკლებად ელოდება. ბიზნესი უკვე ღიად საუბრობს პრობლემებზე. სადამდე მივა ყოველივე ეს და როგორ აისახება ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე, - ამ საკითხებზე "კვირის პალიტრა" ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ სოსო არჩვაძეს ესაუბრა.
სოსო არჩვაძე: "ზოგადად ეკონომიკურ მდგომარეობაზე რომ ვისაუბროთ - რაც არ უნდა სწორი, გამართული იყოს ეკონომიკური პოლიტიკა, მეტი ფულადი ტრანზაქცია შემოდიოდეს და ექსპორტიც იმპორტთან შედარებით მაღალ დონეზე იყოს, თუ სიტუაციის პოლიტიკური მდგენელი მყარი არ არის, ეკონომიკის პოზიტიური ეფექტი შედარებით ხანმოკლეა - ანუ არასტაბილური პოლიტიკური ვითარება უარყოფით გავლენას ახდენს ეკონომიკაზე და ამიტომ უპირველესად მის განვითარებაზე უნდა ვიფიქროთ, არა არსებული საგადასახადო-საბიუჯეტო კოდექსის, არამედ იმის მიხედვით, თუ როგორია სოციალური თანხმობა საზოგადოებაში ერთიანი განვითარების პერსპექტივის, ზოგადად, სამოქალაქო განვითარების თვალსაზრისით. პირველად ამას უნდა მიექცეს ყურადღება და შემდეგ ამაზე არის აწყობილი ყველაფერი. ერმაც და ბერმაც პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს საკუთარი ქვეყნის აწმყოსა და მით უმეტეს, მომავლის მიმართ და კონსენსუსი იქნეს მიღწეული. ეს ერთი აუცილებელი მომენტი. მეორე - კვირის ბოლოს მედიასაშუალებებით გავრცელდა, რომ ბიზნესმენები შეიკრიბნენ, ისაუბრეს და აქცენტი აქვთ გადატანილი პრობლემებზე, რთულად იქნება საქმეო, და მე გამახსენდა მერფის კანონი, რაც უფრო გეშინია რაღაცის, მით უფრო სავარაუდოა, რომ მოხდება. როდესაც ნეგატიური ენერგიის ან აზრების კონსპირირება ხდება რაიმე მიმართულებით, რომ იტყვიან, სიტყვას საკრალური მნიშვნელობა აქვს და მერე ის სრულდება. ამიტომ სიტყვითაც არ უნდა მოახდინო იმის დამკვიდრება, აჩქარებულ რეჟიმში გავრცელება, რამაც შეიძლება ნეგატიური შედეგები მოიტანოს. რეალობას უნდა შევხედოთ ობიექტური თვალით და ვეცადოთ იმ გზების მოძიება, რომლებიც პრობლემებს მოხსნის. რაც ახლა ეკონომიკაში ხდება, არ არის კატასტროფული მდგომარეობა, თუმცა ნეგატიური ღრუბელი ეკონომიკის თავზე საკმაოდ მოქუფრულია და ამას უნდა გაფანტვა და არა ძახილი, რას დააზიანებს და რას მოიტანს ეს ღრუბელი."
კითხვა: სულ ის გვესმის, რომ ბიზნესი რისკებს უნდა თვლიდეს, და ეს ღრუბელი არ არის რისკი, ამაზე არ უნდა ილაპარაკონ?
სოსო არჩვაძე: პრობლემების დაძლევაზე უნდა ვიყოთ ორიენტირებული და არა იმის კონსტატაციაზე, რა პრობლემები შეიძლება შეგვხვდეს. განწყობასაც ხომ გააჩნია? პესიმისტსა და ოპტიმისტს შორის განსხვავებისა არ იყოს, ერთი რომ ამბობს, ჭიქა ნახევრად ცარიელიაო, ხოლო მეორე - ნახევრად სავსეო. ორიენტირებული იმაზე უნდა ვიყოთ, რომ ჭიქა ნახევრად სავსეა და უნდა ვიმოქმედოთ, რომ ეს ჭიქა ნახევრად კი არ იყოს სავსე, არამედ ბოლომდე იყოს ავსებული.
კითხვა: თუ პრობლემას თავისი სახელი არ დაერქვა, ჭიქის ავსებაზე როგორ უნდა ვიფიქროთ? რაც ქვეყანაში ხდება, პასუხია "ოცნების" ქმედებებზე.
სოსო არჩვაძე: ეკონომიკის მიზანი უნდა იყოს, რაც შეიძლება მეტად იყოს დისტანცირებული პოლიტიკისგან. ყოველ შემთხვევაში, ეკონომისტებს არავინ წაართმევს უფლებას ისაუბრონ პოლიტიკაზე, მით უმეტეს, ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებს, რომლებიც ბიუჯეტში ძირითადი გადამხდელები არიან - ბიუჯეტის შემოსავლების 4/5-ზე მეტს სწორედ ბიზნესი იხდის, ხოლო შედარებით მოკრძალებულია ფიზიკური პირების წილი. ამიტომაც აქვთ სურვილი, რომ თავისუფლება იგრძნონ. ხელისუფლების ამოცანაა მათ შეუქმნას პირობები განვითარებისა და ნორმალური ფუნქციონირებისთვის. თუმცა აბსოლუტური თავისუფლება ამაშიც არ არსებობს, რადგან სახელმწიფოს ნორმალური განვითარებისთვის აუცილებელია შემოსავლები. ამის მობილიზება ხდება სამეწარმეო საქმიანობით, აგრეთვე ცალკეული ადამიანების შემოსავლებიდან. მოსაძებნია ოქროს შუალედი, რათა სახელმწიფომაც იფუნქციონიროს ნორმალურად და ბიზნესმაც იგრძნოს მეტ-ნაკლები თავისუფლება. ქვეყანას სჭირდება სტაბილურად მზარდი საბიუჯეტო შემოსავლები. სახელმწიფომ კი უნდა იზრუნოს ამ ხარჯების რაციონალურ და ეფექტიან გამოყენებაზე.
კითხვა: ხელისუფლების წარმომადგენლებისა და ივანიშვილისთვის დაწესებული და დაანონსებული სანქციები რა გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკაზე და რა შედეგებს მოიტანს უახლოეს და საშუალოვადიან პერსპექტივაში?
სოსო არჩვაძე: ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა უკვე იმდენად მასშტაბურია, რომ ყოველი 1%-ით ზრდა ან შემცირება, ერთი თვის მიხედვითაც კი, იძლევა მთლიანი ეროვნული პროდუქტის შესაბამისად ზრდას ან შემცირებას თითქმის 75 მილიონი ლარით - ანუ, თუ ვთქვათ, ზრდა ნოემბერში იყო 10%-იანი და დეკემბერში 9%-ზე ჩამოვიდა, ამ თვეში გვექნება 75 მილიონი ლარით ნაკლების წარმოების რესურსი და შესაბამისად, საგადასახადო ტვირთის ფაქტობრივი დონის გათვალისწინებით, ბიუჯეტში დაახლოებით 20 მილიონი ლარით ნაკლები შევა. საუბარია მხოლოდ 1 თვეზე და 1%-იან შემცირებაზე. თუ დიდ მასშტაბებზე გავალთ, კალკულატორის გარეშეც შეიძლება დავიანგარიშოთ შედეგები. ამიტომაც გამოწვევა აბსოლუტურად სერიოზულია. მეორე მხრივ, საქართველო არ არის ერთ ქვეყანაზე მიბმული და ერთი მიმართულებით არა აქვს სავაჭრო ურთიერთობები. ჩვენი ამოცანაა, ორიენტაცია იყოს ევროპისკენ, ევროკავშირისკენ, ყოველ შემთხვევაში, ამის საწინააღმდეგო ოფიციალურად არაფერი თქმულა და სასურველია, ეს პოლიტიკურ დონეზე გაცხადებული ევროინტეგრაცია გამყარებული იყოს ეკონომიკური კავშირებითაც, მათ შორის, სავაჭრო ბრუნვისა და ინვესტიციების ხაზით. თუ აქ მოხდება ორიენტაციის შეცვლა, ეს იქნება საკმაოდ ატიპური მოვლენა. პირობითად, ეს იმას ჰგავს, მანქანით მოძრაობისას მარჯვენა მოსახვევი ჩართო და მანქანამ მკვეთრად მარცხნივ მოუხვიოს. ასეთი ვითარება ქმნის საავარიო მდგომარეობას, ამიტომ ჩვენ გვინდა მოძრაობის წესების დაცვა, რომლებიც ცნობილია და რომლებსაც უნდა ვიცავდეთ უსაფრთხოებისთვისაც. უპირველესად საუბარია სახელმწიფოებრივ უსაფრთხოებაზე.
კითხვა: კობახიძის განცხადება არ იყო საავარიო სიტუაცია, როდესაც თქვა, რომ მოლაპარაკებას ვაჩერებთ 2028 წლამდე და 2030-ში გავწევრდებითო. თავი დავანებოთ იმას, რომ მოლაპარაკებების დაწყებიდან 2 წელში როგორ უნდა გაწევრდნენ, აქ ხომ მთავარი ევროკავშირთან ურთიერთობის შეჩერებაა, რბილად რომ ვთქვათ? ეს არ იყო საავარიო სიტუაცია, როგორც თქვენ ამბობთ, და ეს ხომ შექმნა ხელისუფლებამ, რაც კონკრეტულად ეკონომიკაზე ახდენს გავლენას და ამისთვის პასუხი არ მოეთხოვება?
სოსო არჩვაძე: გარედან მსჯელობა ადვილია და დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, ამ თემაზე განცხადება საერთოდ არ უნდა გაკეთებულიყო. მეორე - ჩემი აზრით, მეტისმეტ აქცენტებს ვაკეთებთ სტრუქტურებზე მაშინ, როდესაც ორიენტაცია უნდა გვქონდეს ფასეულობებზე. სტრუქტურები დროებითია, წარმავალი და შეიძლება შეიცვალოს, სხვა ფორმა მიიღოს, სხვა დატვირთვა, ხოლო ფასეულობები გაცილებით გრძელვადიან პერიოდზეა გათვლილი და შესაბამისობაში მოდის ქვეყნის ეროვნულ და სახელმწიფოებრივ ინტერესებთან. ამიტომ წინა პლანზე ყოველთვის უნდა წამოვწიოთ ის ფასეულობები, რომლებითაც გვიზიდავს ევროპა და არა ის, ევროკავშირის წევრობა გინდა თუ არა. შვეიცარიაც არ არის ევროკავშირის წევრი, მაგრამ ევროკავშირის წევრი რომელი ქვეყანა დაუდგება გვერდით ცხოვრების დონით, კანონის უზენაესობით ან პიროვნული დაცულობით. აი, ამას უნდა მივაქციოთ ყურადღება და არა იმას, გინდა თუ არა, ევროკავშირის წევრი უნდა გავხდეთ ან როდის მოხდება ესო.
კითხვა: ჯერ ერთი, შვეიცარიას სულ სხვა მდებარეობა და ისტორიულ-პოლიტიკური კონტექსტი აქვს და ვერანაირად ვერ შევედრებით, მეორეც, ევროკავშირი რა ფასეულობას გვართმევს, როცა ზუსტად პიროვნული თავისუფლების დაცვაზეა ორიენტირებული?.. დავანებოთ პოლიტიკას თავი, ეკონომიკაში რა არის მოსალოდნელი? მით უმეტეს, ლარი გაუფასურებულია, რაც მალე ფასებზეც აისახება. ეს რა პროგნოზების გაკეთების საშუალებას იძლევა?
სოსო არჩვაძე: მოდი, შევხედოთ ასე - საქართველოს ეროვნული ბანკის რეზერვების ზრდას არა აქვს საკრალური მნიშვნელობა, რომ გინდა თუ არა, უნდა იზრდებოდეს და, თუ იზრდება, კარგია, მაგრამ მიზეზთა გამო თუ შემცირდა, ტრაგიკული ელფერის მატარებელია. ეროვნული ბანკის რეზერვები უნდა იქნეს გამოყენებული იმდენად და იმ მასშტაბით, როგორც ესაჭიროება ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მდგრადობას, ინფლაციის დონის შენარჩუნებასა და სტაბილურობის შემოტანას როგორც ბიზნესის, ისე მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაში. რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა აშშ-ის ინფლაციის მაჩვენებელი დეკემბერში - 2,9%, ევროკავშირში არის 2,4%, ჩვენთან კი 1,9%. ეს წინა წლის დეკემბერთან შედარებით, ხოლო თუ ავიღებთ ბოლო ორი წლის საშუალო წლიურ მაჩვენებელს, საქართველოში არის დაახლოებით 1,8%, ხოლო აშშ-ში არის 3,15%. ამით იმის თქმა მინდა, რომ ყველაფრის მიუხედავად, საკმაოდ პოზიტიური მაჩვენებლები გვაქვს. კიდევ ერთ რიცხვს დაგისახელებთ - 27 იანვრამდე ეროვნული ბანკი ახალ მონაცემებს არ გამოაქვეყნებს, მაგრამ ნოემბრის ბოლოს, როდესაც მღელვარება უკვე დაწყებული იყო, ფულადი დეპოზიტების მარაგი ოქტომბრის ბოლოსთან შედარებით, ანუ ერთ თვეში, იმაზე მეტად გაიზარდა, ვიდრე საერთოდ ჰქონდა დეპოზიტები საქართველოს მოსახლეობას ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში 2007 წლის ივლის-აგვისტოში - ანუ ერთ თვეში მატებამ რაოდენობრივად იმაზე მეტი შეადგინა, ვიდრე იყო 2007 წლის ივლის-აგვისტოში. ეს, რა თქმა უნდა, ყველაფერს არ გადაწყვეტს, მაგრამ აჩვენებს, რომ საზოგადოებაში თვითშენახვის, გადარჩენის ინსტინქტი გაცილებით პოზიტიურია, ვიდრე ის პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ვნებათაღელვა, რასაც დღეს ვხედავთ დედაქალაქის მთავარ მაგისტრალზე - ანუ საზოგადოებას რომ აქვს თვითშენახვისა და გადარჩენის მექანიზმი, ეს უფრო ძლიერი სამოტივაციო მექანიზმია, ვიდრე ამა თუ პოლიტიკოსის განცხადება.
კითხვა: ბიზნესები ჩერდება, გვესმის, რომ თუნდაც მომსახურების სფერო, იგივე ტურისტული, გაჩერებულია და ასეთ ვითარებაში სადამდე გაქაჩავს საზოგადოებაში არსებული ეს თვითშენახვის ინსტინქტი?
სოსო არჩვაძე: პოლიტიკური დაძაბულობა ნეგატიურად მოქმედებს ტურისტულ ინდუსტრიაზე. კოვიდპანდემიის გამო ყველაზე მძიმე მდგომარეობაში ეს სფერო აღმოჩნდა. ამიტომ ეს უნდა იქნეს გათვალისწინებული და შეიქმნას პირობები, რათა ეს ინდუსტრია მაქსიმალურად იყოს დაცული, ხოლო პოლიტიკური ვნებათაღელვა დარჩება გეოგრაფიულად იმ შემოსაზღვრულ არეალში, სადაც მიტინგები იმართება და ამით სტუმარმასპინძლობის ბიზნესს პრობლემები არ შეექმნება.
კითხვა: უახლოეს პერიოდში ხელისუფლებას რისი გაკეთება შეუძლია?
სოსო არჩვაძე: იმდენად ტურბულენტური სიტუაციაა გლობალური მასშტაბით, რომ ჩვენ ისიც კი არ ვიცით, როდის გახდება ტრიუდო აშშ-ის 51-ე შტატის გუბერნატორი, ხატოვნად რომ ვთქვათ. ასეთ პირობებში პროგნოზების გაკეთება ძნელია. ყოველ შემთხვევაში, ხელისუფლება მოწოდებულია, რომ სამოქალაქო მშვიდობაზე იზრუნოს და ბიზნესს ნორმალური ფუნქციონირების საშუალება მისცეს. რაც შეეხება მოლოდინებს, არა მაქვს მაინცდამაინც ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მოლოდინი, მაგრამ ჩვენ გვაქვს სიჩქარე აკრეფილი და საკმაოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა გვექნება როგორც მეზობლებთან შედარებით, ასევე რეგიონული მასშტაბით.
წესით, უნდა იყოს 5-7%-ის ფარგლებში, თან ეს საკმაოდ ფრთხილი პროგნოზია და იმედია, გადაჭარბებით შესრულდება, მით უმეტეს, იზრდება საქართველოს, როგორც სატრანზიტო ჰაბის ფუნქცია, საქართველოს ფასი იზრდება მსოფლიოში. ამიტომაც 2025 წლისთვის, ვფიქრობ, ზომიერი ოპტიმიზმი უნდა იყოს ჩვენი ხედვის მაჩვენებელი.
წყარო: "კვირის პალიტრა"