არჩევნებიდან მოყოლებული ქვეყანაში არსებული დაძაბული პოლიტიკური პროცესების მიუხედავად ეკონომიკა წინსვლას მაინც ახერხებს. ლარის კურსის შენარჩუნებაც მეტნაკლებად ხდება, თუმცა თუ მდგომარეობა არ დარეგულირდა, სფეროს სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ კრიზისი გარდაუვალი გახდება და ვერც ეროვნული ვალუტა შეძლებს კურსის შენარჩუნებას. ზოგადად, იანვრის ბოლო და თებერვალი ლარი გამყარებისკენ მიდრეკილია, მაგრამ შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე რა მოხდება წელს, ამის პროგნოზირება სპეციალისტებისთვის რთული აღმოჩნდა.
ანალიტიკოსი ნიკა შენგელია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ თუ პოლიტიკური სიტუაცია არ დასტაბილურდა, უახლოეს მომავალში, ლარის კურსი კიდევ უფრო გაუფასურდება და ეკონომიკური წინსვლის ბერკეტიც ოდნავ შენელდება.
,,შექმნილი პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, ლარის კურსის ცოტათი კიდევ გაუფასურებას ველოდებით და რა თქმა უნდა, ეკონომიკური ზრდის ოდნავ შენელებასაც. თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა, პოლიტიკური ჩიხიდან ვერ გამოვედით, მარტში კრიზისი საგრძნობი იქნება, რომელიც საქართველოში უკვე დაწყებულია. მართალია, ჯერჯერობით ეს სიმძიმე არ ჩანს, მაგრამ ფაქტია, სამშენებლო სექტორში ფასების ზრდა შეჩერდა. თუ ამ გაურკვევლობების დაძლევა არ მოხდა, მარტში მოსახლეობისთვისაც თვალშისაცემი იქნება არსებული პოლიტიკური კრიზისის გავლენა ეკონომიკაზე.
რაც შეეხება ლარის კურსს, მისი დაჭერა და შენარჩუნება ეროვნულ ბანკს გაუჭირდება. ვფიქრობ, უახლოეს კვირეებში შესაძლოა 2.85-იანი ნიშნულიც მივიღოთ. ეკონომიკური ზრდაც იმ ფარგლებში იქნება, რასაც ფასების ზრდა ჰქვია. ამ გაზრდილი ფასებიდან გამომდინარე სტატისტიკა აფიქსირებს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდასაც, რაც რეალური არაა. სამწუხაროდ, ჩვენ მატება ციფრებში გვაქვს. იზრდება საგარეო ვალები და ვალის მომსახურების პროცენტი. აქედან გამომდინარე, ცხადია, კარგი მდგომარეობა არ არის. მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, მომავლის გრძელვადიანი პროგნოზი საიმედო დასკვნების გაკეთების საშუალებას არ გვაძლევს", - ამბობს შენგელია.
ვითარება ცოტათი დაძაბულია, მაგრამ საგანგაშო ნამდვილად არ არის. ფინანსისტი მიხეილ თოქმაზაშვილი კი ფიქრობს, რომ ქვეყანის ეკონომიკა გზაჯვარედინზეა და საჭიროა მეწარმეებმა და ინვესტორებმა გადაწყვიტონ საით წავლენ: დასავლეთით თუ აღმოსავლეთით.
,,შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ამჟამად, ეკონომიკა გზაჯვარედინზეა. ამ ფონზე მეწარმემეებმაც და ინვესტორებმაც უნდა გადაწყვიტონ რომელი გზით წავლენ: აღმოსავლეთით თუ დასავლეთით. ცხადია, არსებული პოლიტიკური სიტუაცია დასავლეთიდან ინვესტიციების წამოსვლაზე უარყოფითად მოქმედებს, ხოლო აღმოსავლეთის ბაზრები უფრო გახსნილი და თავისუფალია. თუმცა, შემოტრიალება ასე მარტივად ვერ მოხეხდება, ამას დრო სჭირდება.
ასევე დრო გვიჩვენებს ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები როგორ წარიმართება. მასზე ბევრი რამეა დამოკიდებუი. გამომდინარე აქედან, მეწარმეებიც და ინვესტორებიც დაკვირვების რეჟიმში არიან. მათთვის მნიშვნელოვანია უახლოეს მომავალში რა შეიძლება მოხდეს. თუ არსებული მდგომარეობა ხანგრძლივი გახდა, ეკონომიკური ზრდის ტემპები აუცილებლად შენელდება და ძნელია წინასწარ იმის ვარაუდი, რითი დაკომპენსირდება", - განაცხადა თოქმაზაშვილმა.
ლარის კურსის ირგვლივაც გაურკვეველობაა. აუცილებელია ინვესტიციების შემოდინება, რაც შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გართულებულია.
,,რაც შეეხება ლარს, იქაც გაურკვევლობაა. აუცილებელია ინვესტიციების შემოდინება, მაგრამ ჯერჯერობით ვერავინ ვერ იტყვის საიდან შეიძლება წამოვიდეს. ვერც იმას ვიტყვით რამდენად გაართმევს თავს ბიზნესი არსებულ ვითარებას, განსაკუთრებით ისინი, ვინც სრულად შეტრიალებული არიან დასავლეთის ბაზრებისკენ. არის მესამე გზაც, შესაძლებლობა გაჩნდა აღმოსავლეთიდან მიიღონ გარკვეული ფინანსური ინექციები.
ეროვნულ ვალუტას რაც შეეხება, იანვრის თვე ზოგადად მკვდარი თვეა და მაინცდამაინც რყევები არ ხდება. რაც შეეხება თებერვალს, გამოცოცხლება იწყება ხოლმე. ეროვნულ ბანკს შეუძლია არსებული კურსი გარკვეული გადახრებით შეინარჩუნოს, მაგრამ საშუალოვადიან პერიოდში რამდენად ხანგრძლივად მოახერხებს ამ ყველაფერს, განჭვრეტა ძნელია", - აამბობს თოქმაზაშვილი.
სხვა დამოკიდებულება და მოლოდინი აქვს გაცვლით კურსთან დაკავშირებით ეკონომისტ ოთარ ანგურიძეს. იგი უკვე აღარ ელოდება გაუაფასურებას და დარწმუნებულია, რომ ლარის სტაბილურობის შენარჩუნება მოხერხდება.
„ლარის მეტად გაუფასურებას არ ველოდები. დღეს რა სურათიც გვაქვს და რაც ბოლო 4-5 თვეში ვნახეთ, დავრწმუნდით, რომ ეროვნული ბანკი ისეთი მოწოდების სიმაღლეზეა, როგორზეც მანამდე არ ყოფილა. როდესაც ლარი კურსი უფასურდება არა მაკროეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინებით, არამედ აჟიოტაჟური ან ცრუ მოლოდინის შექმნის საფუძველზე, ეროვნული ბანკი ბაზარზე მყისიერად ერევა და იჭერს იმ წონასწორულ ნიშანს, რომელიც ბუნებრივ მოცემულობაში უნდა იყოს.
ლარის მეტ გაუფასურებას აღარ ველოდები, ერთი მხრივ, როგორც ვთქვით, ეროვნული ბანკის სიძლიერიდან გამომდინარე და მეორე მხრივ, ეკონომიკის მოსალოდნელი გაუმჯობესების, გაჯანსაღების პირობების გათვალისწინებითაც,“ - ამბობს ანგურიძე.
წყარო: რეზონანსი