ლოკოკინების (ლოკოკინები, ლიპარისის გარდა) ექსპორტი 241.90%-ით გაიზარდა.

პირველივე წელს, ანუ 2022 წელს საქართველოდან 263 520 დოლარის ღირებულების 44.30 ტონა ლოკოკინა გავიდა ექსპორტზე.

2023 წლის იანვარ-დეკემბერში  საქართელოდან 1 299 730 დოლარის ღირებულების 151.46 ტონა ლოკოკინების ექსპორტი განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.42-ჯერ მეტია.

რაც შეეხება საექსპორტო ბაზრებს, ქართული ლოკოკინას რეალიზაცია ამ ეტაპზე მხოლოდ იტალიასა და საფრანგეთში ხორციელდება.

2022

იტალია- $ 28 670 (4.86ტ)

საფრანგეთი- $ 234 850 (39.44ტ)

2023

იტალია-$ 7 090 (1.22ტ)

საფრანგეთი-$ 1 292 640 (150.24ტ)

„კომერსანტი“ დაინტერესდა ლოკოკინების ბაზარზე არსებული მდგომარეობით და დაუკავშირდა ლოკოკინების მწარმოებელ ფერმერებს, მათ შორის, „Snail Catch-ის“ დამფუძნებელს, მერაბ ნადარაიას.

კომპანია „Snail Catch” დაარსდა 2021 წელს. აქვს ქარხანა და ფერმა, რომელიც 15ჰა-მდე ტერიტორიაზეა გაშენებული, სამეგრელოში, სოფელ მენჯში. კომპანიას ამ ეტაპზე 50 თანამშრომელი ჰყავს. საწყისმა ინვესტიციამ კი 1.5 მილიონი ევრო შეადგინა.

Nadi Group-ისა და Snail Catch-ის დამფუძნებლის თქმით, მოთხოვნა ლოკოკინებზე იზრდება, საექსპორტო არეალი კი, ფართოვდება.

„ლოკოკინებზე მოთხოვნა და დაინტერესება დღითი დღე იზრდება. საექსპორტო ბაზარიც ფართოვდება.

საქართველოში ლოკოკინების ბიზნესის პერსპექტივა დიდია, ვინაიდან ევროკავშირის ბაზარი ამ პროდუქტით სრულად დაკმაყოფილებული არ არის.

ამ ეტაპზე ექსპორტზე გაგვაქვს საფრანგეთში, იტალიასა და ესპანეთში. მოთხოვნა საქართველოშიც გაზრდილია. ნახევარფაბრიკატების სახით ვაწვდით რესტორნებს.  ლოკოკინის ხორცის სარგებლიანობის შესახებ ცნობილი ხდება და დღითი დღე მეტი ადამიანი ინტერესდება,“ - აღნიშნა მან.

მერაბ ნადარაიას თქმით, საქართველო, როგორც ლოკოკინის მოსაყვანი მიწის რესურსი, კარგია. ფასები ადგილობრივ და საექსპორტო ბაზარზე კი განსხვავებულია.

„ლოკოკინების გასაღების პრობლემა არ დგას, ამიტომაც ეს ბიზნესი არის ძალიან პერსპექტიული. საქართველო გამოიყენება, როგორც ლოკოკინის მოსაყვანი მიწის რესურსი, უბრალოდ მოშენება ცოტა რთულია. მთისპირა რაიონებში უკეთ ხარობს, ვიდრე მზიან ტერიტორიებზე.

ერთი კილოგრამი ლოკოკინის სარეალიზაციო ფასი საქართველოში 3 ევროა, საექსპორტო ფასი კი 4-4.5 ევროს ფარგლებში მერყეობს“.

Snail Catch-ის დამფუძნებლის თქმით, იგეგმება ახალი საექსპორტო ბაზრის მოძიება და მიმდინარე წლითის კომპანიის გაფართოება.

„საექსპორტოდ ვფიქრობთ პორტუგალიას და ჩინეთს, ვინაიდან ამ ქვეყნებში ლოკოკინაზე დაინტერესება დიდია. ბაზრის სრულად ათვისება შეუძლებელია, თუმცა გარკვეული რაოდენობის ექსპორტი, მაინც შესაძლებელია.

ჩვენი ფერმა ამ ეტაპზე 15ჰა-მდე ტერიტორიაზეა გაშენებული. ზაფხულში კი 30ჰა-მდე გაფართოებას ვგეგმავთ“,“- აღნიშნა Nadi Group-ისა და Snail Catch-ის დამფუძნებლმა.