რუსული არყის ფანერა, რომელიც ევროკავშირში აკრძალულია, კვლავ აღწევს ევროპულ ბაზრებზე - ოღონდ როგორც ქართული პროდუქტი, - ამის შესახებ "აი ფაქტი" იუწყება.

ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, 2022 წელს რუსთავში დაარსდა კომპანია „პალატი-2022“. ფორმალურად, ის ჩვეულებრივი ხის გადამამუშავებელი საწარმოა, მაგრამ ჩვენმა გამოძიებამ გამოავლინა, რომ კომპანია რუსულ ფანერას ქართულად აფორმებს და ევროპაში გზავნის, რაც შესაძლებელს ხდის სანქციების გვერდის ავლას.

სტატისტიკა ამ ამბავს ადასტურებს. 2023-2025 წლებში საქართველომ რუსეთიდან დაახლოებით, 45 მილიონი დოლარის არყის ხის პროდუქცია შეიძინა, ხოლო დანარჩენი ქვეყნებიდან იმპორტი მხოლოდ 200 000 დოლარს შეადგენდა. სწორედ ეს ნედლეული მუშავდებოდა საქართველოში და ექსპორტზე გადიოდა უკვე „საქართველოში დამზადებულის“ ეტიკეტით. ამავე პერიოდში ევროპის ქვეყნებმა მიიღეს, თითქმის, 29 მილიონი დოლარის ღირებულების ასეთი "ქართული ფანერა".

ევროკავშირმა ჯერ კიდევ 2021 წელს დააწესა ანტიდემპინგური ტარიფები რუსულ ფანერაზე, ხოლო 2022 წლის აპრილიდან მთლიანად აკრძალა რუსული ხის პროდუქცია.

"პალატს" ამგვარ ვაჭრობაში ხელს უწყობს ერთი გარემოება. კომპანია  საქართველოში ფლობს „ავტორიზებული ექსპორტიორის“ სტატუსს, რაც აძლევს უფლებას, თვითონ მოამზადოს საექსპორტო პროდუქტის წარმოშობის სერთიფიკატი. შედეგად, რუსული მასალებით დამზადებული ფანერა კანონიერად ხდება ქართული წარმოშობის. ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში ჩატარებული ექსპერიმენტისას, კომპანიის წარმომადგენლებმაც დაადასტურეს, რომ შეუძლიათ მოამზადონ დოკუმენტები ისე, რომ რუსეთზე არავითარი მინიშნება არ იყოს.

„პალატის“ მფლობელობა დამატებით კითხვებს ბადებს. კომპანიის მმართველს კავშირი აქვს „ციტადელთან“, სხვა ქართულ კომპანიასთან, რომელიც ასევე რუსული არყის ხის მასალის იმპორტიორია და ინდონეზიურ ფირმასთან, რომელსაც დაფარული ბენეფიციარები ჰყავს.

ჩვენი გამოძიება მხოლოდ სტატისტიკურ მონაცემებსა და დოკუმენტების ანალიზს არ ეყრდნობა. ჩვენმა კოლეგამ, ჩეხმა ჟურნალისტმა „პალატის“ მიერ ევროპაში გაგზავნილი ფანერების შეკვრები ჩეხეთის საწყობში იპოვა, თანდართული ქართული წარმოშობის სერტიფიკატებით. სხვადასხვა საერთაშორისო მონაცემთა ბაზის გადამოწმებამ კი გვიჩვენა, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ 16 ევროპულ ქვეყანაში მკვეთრად გაიზარდა ქართული ფანერის იმპორტი — მათ შორის სლოვენიაში, პორტუგალიაში, პოლონეთსა და საბერძნეთში. თავად „პალატი“ აცხადებს, რომ მისი პროდუქციის 100% ექსპორტზე გადის - უმეტესად ევროკავშირში, ხოლო ნაწილი ამერიკის შეერთებულ შტატებში.

აღსანიშნავია, რომ არც „პალატმა“, არც „ციტადელმა“ და არც საქართველოს შემოსავლების სამსახურმა არ ისურვეს კომენტარის გაკეთება.

ამ საქმეს სერიოზული შედეგები შეიძლება ჰქონდეს: ევროპისთვის კითხვის ნიშნის ქვეშ დგას სანქციების დაცვის ეფექტიანობა; საქართველოსთვის სავაჭრო სისტემის სანდოობა და საერთაშორისო რეპუტაცია. ხოლო რუსეთი კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რომ სანქციების მიუხედავად, ექსპორტის გზები მაინც არსებობს.