რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვა მიმდინარე წლის 10 მაისს გააუქმა. ამის შესახებ განკარგულება კრემლის პორტალზე გამოქვეყნდა. დოკუმენტის თანახმად, პუტინის 2019 წლის 21 ივნისის ბრძანება ძალადაკარგულად გამოცხადდა, რომელიც რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენას უკრძალავდა.
რა ეკონომიკურ ეფექტს გამოიწვევს რუსეთის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმება და ფრენების აღდგენა, ამ თემაზე „კომერსანტთან“ საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ცენტრის ვიცე-პრეზიდენტმა, ანალიტიკოსმა ნიკა შენგელიამ ისაუბრა.
„2022 წლის მაჩვენებლები შევაჯამე და ქართული ეკონომიკის დამოკიდებულება რუსეთზე გაზრდილი იყო 3-ჯერ, მათ შორის გათვალისწინებულია, ექსპორტი, იმპორტი და ა.შ. დარწმუნებული ვარ წელს ეს დამოკიდებულება 5-6-ჯერ გაიზრდება, გარდა იმისა რომ პრობლემაა ზოგადად რუსეთზე ასე ჩამოკიდება, ზოგადადაც ვინც არ უნდა იყოს ის, ასე დამოკიდებულების ზრდა არ შეიძლება. არავინ იცის, რა მოხდება ხვალ, როგორ განვითარდება მოვლენები, პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სხვა თვალსაზრისით, ჩვენ შეიძლება აღმოვჩნდეთ კოლაფსში.
აუცილებელია დივერსიფიცირება და ასევე თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების გაფორმება სხვადასხვა ქვეყანასთან. ახლახან გავეცანი ინფორმაციას, რომ მთავრობა გეგმავს ზოგიერთ ევროპულ ორგანიზაციასთან დათვალიერების გარეშე გააკეთონ განბაჟებები და სხვა ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე მოხდეს პროდუტის შემოტანა, კარგია გამარტივება, თუმცა ეს უნდა მოხდეს რაც შეიძლება მალე, რომ არ ვიყოთ დამოკიდებული ერთ ქვეყანაზე.
მიუხედავად იმისა, რომ ყველამ იცის და ამაზე უარის თქმა ევროპასაც გაუჭირდა, რომ რუსეთის ბაზარი მარტივია, მაინც დივერსიფიცირება აუცილებელია და ასე ფრენების აღდგენა და მათზე კიდევ უფრო მეტად ჩამოკიდება ნამდვილად არასასურველი“, - აღნიშნა ნიკა შენგელიამ.