პირველად საქართველოს ისტორიაში, ჰიდროტექნიკურ ნაგებობებთან მიმართებით უსაფრთხოების ისეთ მაღალ სტანდარტს ვნერგავთ, რომელიც მათ საიმედო ექსპლუატაციას უზრუნველყოფს, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ.

გენადი არველაძემ, მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძესთან ერთად საქართველოს ენერგეტიკული სექტორის წარმომადგენლებს ჰიდროტექნიკური ნაგებობების უსაფრთხოების ტექნიკური რეგლამენტის პროექტი გააცნო.

"როდესაც ენერგეტიკის სექტორის პრიორიტეტულობაზე ვაკეთებთ აქცენტს, მნიშვნელოვანია ამ დარგში უსაფრთხოების ნორმების დაცვა და საკანონმდებლო დონეზე მისი დარეგულირება. ტექნიკური რეგლამენტი უზრუნველყოფს მონიტორინგს და ტექნიკურ ზედამხედველობას როგორც ექსპლუატაციაში შესული ჰესების, ასევე იმ სადგურების, რომლებიც სამომავლოდ აშენდება" - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

მინისტრის მოადგილის თქმით, ტექნიკური რეგლამენტის პროექტის მომზადებაში საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად პროფილური ბიზნესიც აქტიურად მონაწილეობდა.

"ბიზნესის ჩართულობა იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რათა მოგვესმინა მათი მოსაზრებები. თუმცა ასევე ხაზგასასმელია, რომ აღნიშნული ტექნიკური რეგლამენტი საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად იქნა მომზადებული საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით," აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

გენადი არველაძის თქმით, ახალი რეგულაციის ამოქმედება უზრუნველყოფს ჰიდროტექნიკური ენერგეტიკული ობიექტების უსაფრთხო ფუნქციონირებასა და მართვას, რაც პირდაპირ კავშირშია ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის და გარემოს დაცვასთან.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს