ელექტროენერგიის ადგილობრივი მოხმარება აღმავალ დინამიკას დაუბრუნდა და 2024 წელს წლიურად 6.0%-ით გაიზარდა 2023 წლის დაბალი ბაზიდან (-7.9% წ/წ). 2024 წელს ქვეყნის ჯამურმა მოხმარებამ 13.8 ტვტ.სთ შეადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას Galt&Taggart საქართველოს ენერგეტიკის წლიურ შეჯამებაში აქვეყნებს.
საინვესტიციო ბანკის 2024 წლის შეჯამების მიხედვით, პირდაპირი მომხმარებლების მოხმარების ზრდა კრიპტო-მაინინგ და მეტალურგიის სექტორების აქტივობით აიხსნება.
„2024 წლის მოხმარების მატება ძირითადად საცალო (+7.5% წ/წ) და პირდაპირი მომხმარებლების (+13.1% წ/წ) გაზრდილი მოთხოვნის შედეგი იყო. ამასთან, აფხაზეთის რეგიონის მოხმარება წლიურად 5.6%-ით შემცირდა. პირდაპირი მომხმარებლების მოხმარების 13.1%-იანი წლიური ზრდა კრიპტო-მაინინგ და მეტალურგიის სექტორების აქტივობით აიხსნება, რაც საერთაშორისო ბაზრებზე კრიპტო აქტივების და ფეროშენადნობების ფასების ზრდამ გამოიწვია. 2024 წლის ოქტომბრიდან ფერაშენადნობების ქარხნები კვლავ გაჩერებულია და მათი ამოქმედების დრო უცნობია.
ეკონომიკის მინისტრის დამტკიცებული ელექტროენერგიის საპროგნოზო ბალანსი ამ ქარხნების ამოქმედებას ითვალისწინებს 2025 წლის მეორე კვარტლიდან. 2024 წელს საცალო მოხმარება გაიზარდა როგორც თელმიკოს (+8.9% წ/წ), ასევე ეპ ჯორჯიას (+6.5% წ/წ) მომხმარებლებისთვის, კერძოდ:
მოსახლეობის ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 7.5%-ით გაიზარდა და 3.0 ტვტ.სთ შეადგინა, აქედან თბილისის მაცხოვრებლების (თელმიკოს აბონენტები) მოხმარება გაიზარდა წლიური 6.8%-ით, ხოლო რეგიონების (ეპ ჯორჯიას აბონენტები) 8.0%-ით.
კომერციული სექტორის მოხმარებაც წლიურად 7.5%-ით გაიზარდა, აქედან თელმიკოს აბონენტების 10.0%-ით, ხოლო ეპ ჯორჯიას 5.4%-ით“, - ნათქვამია შეჯამებაში.