საქართველოში იანვარ-სექტემბერში ნედლი ნავთობის იმპორტი 36 992%-ით, ხოლო ადგილობრივი ნავთობპროდუქტების ექსპორტი 1 192%-ით გაიზარდა.

„საქსტატის“ ინფორმაციით, უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2026 წლის იანვარ-სექტემბერში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 2 652.0 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 18.4 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 1 407.2 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 9.8 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა სამკურნალო საშუალებები დაფასოებული 526.8 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 3.7 პროცენტი).

რაც შეეხება ექსპორტს, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 1 529.3 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 24.9 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 811.8 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 13.2 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები 464.0 მლნ. აშშ დოლარით (7.5 პროცენტი).

ოფიციალური მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში ნედლი ნავთობი საქართველოში რუსეთიდან და ყაზახეთიდან შემოვიდა. კონკრეტულად რუსეთიდან 9 თვეში 269.394 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 643 353 ტონა ნავთობია შემოსული. რაც შეეხება ადგილობრივი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტს, მიმდინარე წლის 9 თვეში ყველაზე დიდი რაოდენობით პროდუქტი ტოგოში, ჩინეთსა და თურქეთში გავიდა.