ნავთობპროდუქტების ბაზარზე სტაბილურობა გარანტირებულია. სულ ცოტა ხნის წინ, რეგიონებში დიდთოვლობის გამო შექმნილმა მდგომარეობამაც დაგვანახა, რომ ავტოგსამართი ქსელები საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში გამართულად მუშაობენ და ინფრასტრუქტურა სრულად მოწესრიგებულია. თუკი გავითვალისწინებთ იმ გარემოებასაც, რომ საწვავის და ყველა სხვა საჭირო მასალების მიწოდება მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული, დასკვნა ნათელია - ნავთობპროდუქტების ბაზარი ერთ-ერთი ყველაზე მდგრადი და სტაბილური სექტორია, რომელმაც კრიზისულ სიტუაციაშიც კი მაღალი პასუხისმგებლობა და სტაბილურობა აჩვენა.
როგორც საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ ვახტანგ იობაშვილმააღნიშნა, არც ერთ სტიქიის ზონაში არანაირი ნავთობპროდუქტის დეფიციტი და მიწოდების პრობლემა არ შექმნილა. სტიქიის პერიოდში ყველა რეგიონი საწვავით მომარაგებული იყო და იმ დროისთვის არსებულ გამოწვევას სრულად გაართვა თავი, რაშიც დადებითი როლი ინფრასტრუქტურის გამართულობამ შეასრულა.
,,მსოფლიო სანავთობო ბაზრებზე დღესდღეობით სტაბილური მდგომარეობაა და ასეა საქართველოშიც. როდესაც საუბარია შიდა სანავთობო სისტემაზე, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ სტაბილურობა აუცილებლად იქნება გარანტირებული. ასეა დღეს და ამ მხრივ არც მომავალში შეიცვლება ვითარება. ამას ხელს უწყოპბს ის გარემოებაც, რომ მოწოდების ჯაჭვი საქართველოში მაღალ დონეზე დარეგულირებულია. მოგეხსენებათ, რომ კომპანიებს აქვთ მარაგებიც და ყოველთვის ცდილობენ ამ მხრივ წყვეტა არ იყოს.
ფასების არითმია, ანუ ნავთობპროდუქტების ღირებულება ყოველთვის მოძრავი იყო. ეს ცოცხალი ბიზნესია, არასდროს არის გაყინული. ფასი, რითაც ვიძენთ პროდუქტს, ცვალებადია, მაგრამ ჩვენი კომპანიები, მიმდინარე ტენდენციას ძალიან კარგად უწყობენ ფეხს. ქვეყანაში ქსელები და ინფრასტრუქტურა უმაღლეს დონეზეა მოწესრიგებული.
რაც შეეხება სტიქიას და დიდთოვლობას. სტიქიური მოვლენები არის ნებისმიერ ადგილზე ჩვენს პლანეტაზე და ამისაგან დაცული არავინაა. ადრეც ხდებოდა სტიქიური მოვლენები, მაგრამ საქართველოს მოსახლეობა უმკლავდებოდა გამოწვევებს.
ზოგადად ჩვენზე განვითარებულ ქვეყნებსაც უჭირთ სტიქიის თავიდან აცილება. ეს კარგად აჩვენა ლოს-ანჟელესში განვითარებულმა პროცესმა, როცა ხანძარმა უდიდესი ტერიტორია გაანადგურა. ამ დროს აშშ შესაბამისი ტექნიკითა და ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით უმაღლეს დონეზეა მომზადებული, მაგრამ უზარმაზარ ინფრასტრუქტურას და დასახლებულ ტერიტორიებს მაინც ვერ უშველეს. ამიტომ სტიქიური მოვლენები შევაფასოთ ობიექტურად და როგორც გამოწვევა, ისე მივიღოთ“, - განაცხადა ვახტანგ იობაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, მარაგი ყოველთვის არის საქართველოში საკმარის დონეზე და ამ მხრივ პრობლემა არც სტიქიის პერიოდში ყოფილა და საფრთხე არც სამომავლოდ იკვეთება. ნებისმირ დროს და სიტუაციაში დარგი მზადაა, ნავთობპროდუქტების მომარაგება და დროული მიწოდება უზრუნველყოს.
,,სტიქიის პერიოდში უამრავი პრობლემა გამოჩნდა, მაგრამ საწვავთან დაკავშირებით სამდურავი არავის დაცდენია - არც მომხმარებელს და არც რომელიმე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს. საწვავით ყველა მუნიციპალიტეტი მომარაგებული იყო. ამაში დაგვეხმარა ისიც, საქართველოს მასშტაბით ყველგან გვაქვს ინფრასტრუქტურა, ავტოგასამართი სადგურები, ნავთობპროდუქტების ტერმინალები და სხვა, რაც პროდუქტის მომარაგებასა და მიწოდებაში გადამწყვეტია. შესაბამისად, არც ერთ ქალაქსა და სოფელში დეფიციტი არ შექმნილა, უბრალოდ, გადაადგილების პრობლემა იყო.
რაც შეეხება საწვავის მარაგის საკითხს. როდესაც ზღვიდან შემოდის პროდუქტი, იმ სისწრაფით ვერ "მოძრაობს". საშუალოდ, 3 დღე სჭირდება ბულგარეთიდან ნავთობპროდუქტების შემოტანას საქართველოში. შემდეგ საჭიროა ტერმინალიზაცია, გადმოტვირთვა და შემდგომ რკინიგზის ვაგონების შევსება. ამას დრო და გარკვეული ხარჯი სჭირდება.
დღესდღეობით სისტემა კარგად არის აწყობილი. სახმელეთო ტრანსპორტიც უფრო მოქნილია. ამიტომ ყველა გაგებით უნდა მოეკიდოს რუსეთიდან საწვავის იმპორტის საკითხს. იმიტომ არის ჩვენთვის ხელსაყრელი, რომ ლოგისტიკა უფრო მოქნილია და ნებისმეირი კომპანიისთვის რუსული საწვავის შემოტანა უფრო მომგებიანი და ხელმისაწვდომია“, - აღნიშნა ვახტანგ იობაშვილმა.
2024 წლის განმავლობაში საქართველომ უცხოეთიდან 1.3 მილიარდი დოლარის ღირებულების 1.59 მილიონი ტონა ნავთობპროდუქტების იმპორტი განახორციელა, რაც წინა წელთან შედარებით თანხობრივად 12%-ით მეტია. 2024 წელს საქართველომ რუსეთიდან 520 მილიონი დოლარის ღირებულების 698 ათასი ტონა ნავთობი შეიძინა, რაც წლიურად 6%-ით არის შემცირებული. სავარაუდოდ, შემცირების მიზეზი თავად რუსეთის მიერ ბენზინის ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვაა, რომელიც ზაფხულის თვეებში მოხსნილი იყო, თუმცა 1-ლი სექტემბრიდან კვლავ ძალაში შევიდა და 31 დეკემბრამდე მოქმედებდა, რაც თავად რუსეთში ბენზინის დეფიციტით იყო განპირობებული. აღნიშნულიდან გამომდინარე ქართულმა კომპანიებმა გაზარდეს ბენზინის იმპორტი რუმინეთიდან, ბულგარეთიდან და თურქეთიდან. სხვათა შორის, რუსეთმა აღნიშნული შეზღუდვა წელსაც გაახანგრძლივა.
„საქსტატის“ ინფორმაციით, საქართველომ 2024 წელს შესყიდული ნავთობის ნაწილი ექსპორტზე გაიტანა და მან 94.5 მილიონ დოლარს, ანუ 139 ათას ტონას მიაღწია. თანხობრივად ექსპორტი 41%-ით, რაოდენობრივად კი 69%-ით არის გაზრდილი.
2024 წელს საქართველოდან ყველაზე მეტი - 30.7 მილიონი დოლარის 60.6 ათასი ტონა ნავთობი ექსპორტზე ნიდერლანდებში გავიდა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ამ ქვეყანაში ნავთობის ექსპორტი არ ხორციელდებოდა. ზრდა ძირითადად ნიდერლანდების მიმართულებით ნედლი ნავთობის ექსპორტირებას/რეექსპორტირებას უკავშირდება.
წყარო: რეზონანსი