„სულ 6 თეა რაც ნარჩენების სისტემური მართვის სამუშაოები დავიწყეთ. ამის კვალობაზე კარგი შედეგი გვაქვს. მაგალითად, საბურავების შემთხვევაში, არ არსებობდა ორგანო ან სტრუქტურა, რომელიც მათ ამოღებას განახორციელებდა. ამ პერიოდში დაახლოებით 500 ტონამდე ნარჩენი საბურავი ავიღეთ. მომავალში გაცილებით მეტის ამოღებას ვფიქრობთ და ბაზარზე არსებულ ორ კომპანიასთან ერთად ვცდილობთ ეს პრობლემა ეტაპობრივად გადავჭრათ“, -  ამის შესახებ ნარჩენების მართვის ბიზნესასოციაციის დირექტორმა ვანო მთვრალაშვილმა რადიო „კომერსანტის“ გადაცემა „კომერსანტის დილაში“ საუბრისას განაცხადა. 

მისი თქმით, პრობლემური ნარჩენების სამეულში ასევე შედის საავტომობილო ზეთი და აკუმულატორი, რომელთა უკონტროლო გადამუშავებით ეკოლოგიას მნიშვნელოვანი ზიანი ადგება. 

„ასევე არის ორი პროდუქტი, ნარჩენი ზეთი და ნარჩენი აკუმულატორი, რომელთაგან ორივე სახიფათოა. საავტომობილო ზეთი, საბურავზე გაცილებით მავნეა. მისი წვის შედეგად განსაკუთრებით მავნე ნივთიერებები გამოიყოფა ატმოსფეროში და ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ მისი ამოღება მოხდეს სტანდარტების შესაბამისად, რის შემდეგაც ხდება მისი ტრანსპორტირება გადასამუშავებელ საწარმოში. პირველი 6 თვის განმავლობაში უკვე 250-300 ტონა გვაქვს ამოღებული, თუმცა, რა თქმა უნდა, არის გამოწვევა შავ ბაზართან დაკავშირებით და ხდება მისი გადინება. გვაქვს ინფორმაცია, რომ მას იყენებენ პურის საცხობები და სათბურები, რაც დაუშვებელია. თუ არ არსებობს გარემოსდაცვითი ნებართვა, მისი დაწვა ყოვლად დაუშვებელია. 

აკუმულატორი არის სახიფათო ტყვია და ის სითხე, რომელიც სწორედაც მნიშვნელოვანი დამაბინძურებელია, შესაბამისად, მისი შავ ბაზარზე განთავსება და უნებართვოდ გამოყენება, ეკოლოგიაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს“, - აღნიშნა ვანო მთვრალაშვილმა.

როგორც მან განმარტა, ნარჩენების მართვის ბიზნესასოციისთვის მთავარი გამოწვევა პრობლემური ნარჩენი პროდუქტების ამოღებაა. 

მისი თქმით, ასოციაციის მიზანია შავ ბაზარზე მომუშავე პირებთან, ლეგალურ, საქმიან ურთიერთობაში შევიდეს, რათა მათთან თანამშრომლობით პრობლემური ნარჩენი პროდუქტების მაქსიმალური მოცულობით ამოღება მოხდეს. 

„ჩვენი ასოციაცია ცდილობს გავიდეს ყველა კონტაქტზე, ვინც ასეთ შავ ბაზარზე საქმიანობს და შევთავაზოთ, რომ ჩვენი პარტნიორები გახდნენ, ჩვენთან ერთად იმუშაონ. მზად ვართ იმისთვის, რომ ყველა ამ საქმიანობით დაკავებული ადამიანი რაღაცნაირად ინტეგრირდეს ჩვენთან და ვთავაზობთ მათ ყველანაირ პირობას, ვცდილობთ ავიყვანოთ ხელშეკრულებით და მათ არ ჰქონდეთ ფინანსური ზარალი. უბრალოდ ეს ყველაფერი უნდა განხორციელდეს ლეგალურად და კანონმდებლობის ფარგლებში.

სახიფათო ნარჩენების ამოღებაში მთავარი ხელშემშლელი ფაქტორი სწორედ ისაა, რომ შავი ბაზრის მოთამაშეებთან გვიწევს კონკურენცია. ისინი არანაირ რეგულაციას არ იცავენ და არ იხდიან გადასახადებს, რის გამოც რთულია მათთან კონკურენციაში შესვლა, თუმცა მიზანდასახულად ვმოქმედებთ და ვაძლიერებთ თანამშრომლობას“, - განაცხადა ვანო მთვრალაშვილმა.