ნამოხვანჰესის პროექტის შეუსრულებლობით  საქართველოს ენერგეტიკული სექტორიც ზარალდება და ბიუჯეტიც, რომელსაც წაგებული საარბიტრაჟო დავის გამო დიდი ფინანსური ტვირთი დააწვა. კომპანია "ენკამ" საქართველოს საერთაშორისო არბიტრაჟში 383.2 მილიონი დოლარი მოუგო. გარდა იმისა,  რომ ნამოხვანჰესის ინვესტორთან წააგო ქვეყანამ, დიდი საფრთხეა, ეს სხვა ინვესტორებისთვისაც გახდეს სიგნალი და სასამართლო დავა მათაც წამოიწყონ, რაც დიდი ალბათობით მოსალოდნელია კიდეც.

"ენკამ" საარბიტრაჟო დავა 2021 წლის ოქტომბერში დაიწყო, მას შემდეგ, რაც სახელმწიფოსთან არსებული საინვესტიციო შეთანხმება ფორსმაჟორის გამო შეწყდა. კომპანია აღნიშნული პერიოდისთვის ნამოხვანჰესის 800-მილიონიანი ჰიდროელექტროსადგურის სამშენებლო სამუშაოების დასაწყებად ემზადებოდა და წინასწარ სამუშაოებზე 100 მილიონამდე უკვე ჰქონდა დახარჯული.

კომპანიამ არბიტრაჟს მიმართა სახელმწიფოს მიერ საინვესტიციო პირობების უხეში დარღვევის გამო, რაც საინვესტიციო შეთანხმების უგულვებელყოფას უკავშირდებოდა. ნამოხვანჰესის პროექტთან დაკავშირებით, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2021 წლის 9 ივნისს განაცხადა, რომ ჰიდროელექტროსადგურის პროექტი არსებული სახით აღარ განხორციელდებოდა, თუმცა ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო არბიტრაჟის შეფასებით წინააღმდეგობაში მოდიოდა სახელმწიფოს მიერ გაფორმებულ საინვესტიციო ხელშეკრულებასთან.

გადაწყვეტილება უკვე გამოტანილია. საქართველოს ზარალის ანაზღაურება დაეკისრა. პრემიერმა ირაკლი კობახიძემ დაადასტურა, რომ სახელმწიფოს შეიძლება მრავალმილიონიანი ზიანის ანაზღაურება მოუწიოს.

"გახსოვთ რა პროცესები უკავშირდებოდა და რის საფუძველზე წარმოიშვა ეს დავა. რეალურად თურქულ კომპანიას ჰქონდა შეთანხმება საქართველოს მთავრობასთან, ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით. პროექტი იყო აბსოლუტურად გამართული, თუმცა გაიმართა საპროტესტო აქციები. საეჭვო პირები იყვნენ ჩართული აქციებში და გარდა ამისა, უცხოეთიდან დაფინანსებული სამი კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაცია შეიძლება გამოიკვეთოს, მათ შორის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, სოციალური სამართლიანობის ცენტრი და მწვანე ალტერნატივა იყო ჩართული.

უცხოური დაფინანსებით დაიბლოკა ერთ-ერთი სტრატეგიული პროექტი და ამის გამო ქვეყანას შეიძლება მოუწიოს ზარალის ანაზღაურება. ჯერ გრძელდება კიდევ დავა და ეს არის მრავალმილიონიანი ზიანი. ვინ იღებს ამაზე პასუხისმგებლობას?", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დარგის სპეციალისტების შეფასებით, ნამოხვანჰესის შეჩერება დიდ საფრთხეში ჩააგდებს საქართველოს ენერგეტიკას და ფინანსურად დიდ ზარალს გამოიწვევს, რადგან ბიუჯეტისთვის უზარმაზარი დარტყმაა. ენერგეტიკოს დავით მირცხულავას განცხადებით, პროექტის შეუსრულებლობით დიდი დანაკარგი განიცადა ენერგოსექტორმა, ხოლო მეორე მხარეა ფინანსური ზარალი, რაც არბიტრაჟზე წაგებით განიცადა ქვეყანამ.

,,საარბიტრაჟო დავის წაგება საქართველოსთვის მრავალმხრივ ნეგატიური ფაქტია. პირველ რიგში, ეს საინვესტიციო კლიმატზე მოქმედებს. ნამოხვანის სახით საქართველომ უზარმაზარი პროექტი შეაჩერა, რაც დიდი ინვესტიციაა. აქამდე მიგვიყვანა პროტესტმა, რაც პროექტის  მიმართ გაჩნდა და ყოველგვარ საფუძველს იყო მოკლებული. ჩვენ ყველა ვთანხმდებით, რომ ასეთი ჰესების, წყალსაცავიანი სადგურების მშენებლობა აუცილებელია  საქართველოს ენერგოსისტემისთვის, რათა განახლებადი ენერგიის - ქარისა და მზის სადგურების მაქსიმალური გენერირება მოვახდინოთ. ამ ტიპის მანევრული სადგურების გარეშე ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება.

ერთი მხარეა ის, რომ  ამხელა ფულს ვკრარგავთ (მილიარდიანი დანაკარგია), მაგრამ მთლიანობაში მეტი წააგო ქვეყანამ. ასეთი შეუსრულებელი ვალდებულება საქართველოს სხვასთან არ აქვს, როგორც ვიცით, ხუდონჰესთან დაკავშირებით სახელმწიფო განახორციელებს პროექტს, ნამოხვანჰესთან მიმართებით კი ასეთ დღეში აღმოვჩნდით. სულ რამდენიმე მდინარე გვაქვს, სადაც ამ ტიპის ელექტროსადგურის აგება შეიძლება - ენგური და რიონი, ამიტომ პროექტის გაჩერებით უმძიმესი გადაწყვეტილება მივიღეთ, რაც ბიუჯეტისთვის დიდი  დარტყმა იქნება, პარალელურად საინვესტიციო იმიჯიც დავაზარალეთ", - ამბობს მირცხულავა.

სპეციალისტები ასევე ფიქრობენ, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის ამხელა ვალის დაკისრება ლარის მდგრადობასაც დიდ საფრთხეს შეუქმნის. აუდიტორმა აკაკი ჩარგეიშვილმა პასუხისმგებლობის საკითხზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ თავიდანვე არასწორად იყო ვალდებულებები განსაზღვრული, რის გამოც დავა წააგო ქვეყანამ. შესაბამისად, შესასწავლია გარემო და ხელშეკრულების პირობები, რითაც თავიდანვე ინვესტორთან ურთიერთობა დაიწყო.

,,ვიდრე ბიზნესამდე მივალთ, მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ეკონომიკისთვის ამ ტიპის სახდელის დაკისრება ძალიან დიდი ტვირთია. ეს ფული რეალურად საქართველოს სახელმწიფოს გადასახდელი გამოდის, აქედან გამომდინარე, საკმაოდ რთულია ბიუჯეტისთვის. გასარკვევია, ინვესტორს რამდენად სწორად და სამართლიანად მოვეპყარით, რომ იგი იძულებული გახდა, არბიტრაჟისთვის მიემართა. აქედან გამომდინარე, სალაპარაკო და სამჯელოა, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან პასუხისმგებელი პირი ვინ იყო, ვინც ეს დაუშვა. რა ვალდებულებები აიღო ისეთი, რითაც ინვესტორმა შეძლო და სანქციების, ჯარიმის წინაშე დააყენა საქართველო. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან აღებული ვალდებულებები სწორად არ იყო თავიდანვე შეფასებული", - აღნიშნა ჩარგეიშვილმა.

კიდევ ერთი მომენტი, რაზეც მან ყურადღება გაამახვილა, სხვა ინვესტორებთან დაკავშირებული საკითხებია. შეუსრულებული პროექტების გამო შეიძლება მათაც ასევე  მიმართონ არბიტრაჟს და "ენკას" მიერ მოგებული სარჩლი ახალი დავების მასტიმულირებელი გახდეს.

,,სხვა ჰესებიც ვერ აშენდა ამ ქვეყანაში, შესაბამისად, სახელმწიფოსთვის რეალურია საფრთხე. ისინიც ანალოგიურად  საარბიტრაჟოებს მიმართავენ. საერთაშორისო სსაინვესტიციო წრეში და მით უმეტეს ენერგეტიკის სექტორში, აბსოლუტურად თითოეულ ინვესტორამდე მივა ეს ინფორმაცია, რაც ძალიან ცუდია. ნებისმიერი ინვესტორისთვის იქნება დავების მაპროვიცირებელი ფაქტორი.

მომავალი წლის ბიუჯეტის შედგენისას, ალბათ ამ ჯარიმასაც გაითვალისწინებენ, რაც საქართველოს ეკონომიკისა და მშპ-თვის დიდი ტვირთია. ყველაფერი ფისკალურ პოლიტიკას ეხება და ეროვნული ვალუტის სტაბილურობასაც საფრთხეს შეუქმნის. ამხელა თანხის ამოღება ბიუჯეტიდან ლარისთვის მორიგ წნეხად უნდა მივიჩნიოთ. ძალიან ბევრი ნეგატივია, რასაც ამ საქმის გარშემო ვამჩნევ", - აღნიშნა აკაკი ჩარგეიშვილმა 

კომპანია "ენკა" 433 მეგავატის სიმძლავრის ნამახვანჰესის ჰიდროელექტროსადგურის კასკადს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში აშენებდა, პროექტის ექსპლუატაციაში შესვლა 2025-26 წლებში იგეგმებოდა.

2021 წლის 22 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ კომპანია „ენკამ“, რომელიც რიონის ხეობაში ნამახვანჰესს აშენებდა, საქართველოს მთავრობას აცნობა გადაწყვეტილება ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ. აღნიშნულს წინ უძღოდა მრავალთვიანი პროტესტი ჰესის აშენების წინააღმდეგ. პროექტის ღირებულება დაახლოებით 830 მილიონი აშშ დოლარი იყო.

წყარო: რეზონანსი