ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ირაკლი შენგელიას შეფასებით, საქართველოს პრემიერ მინისტრის ინიციატივით დამტკიცებული „სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა” ძალიან აქტიურად დაიწყო, რაც იმის მანიშნებელია, რომ მის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება. ირაკლი შენგელიამ ხაზი გაუსვა პროგრამის ფარგლებში დამტკიცებულ ერთ-ერთ პირველ პროექტს, რომლის განსახორციელებლად სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ შპს „სპორტის აკადემია 2025-ს“, 20 წლის ვადით, აღნაგობის უფლებით გადასცა ქალაქ თბილისში, ბავშვთა ქალაქ „მზიურის“ მიმდებარედ არსებული 11 650 კვ.მ. მიწის ნაკვეთი.
„ინვესტორი ვალდებულებას იღებს, რომ აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე ააშენებს ღია და დახურულ, ხელოვნურსაფარიანი სპორტულ მოედნებს, პადელის კორტებს და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურას, რისთვისაც მინიმუმ 2 000 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს“ - აღნიშნა ირაკლი შენგელიამ.
სააგენტოს თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობაზე და დაინტერესებული პირებისთვის პროექტში მონაწილეობის პირობები განმარტა.
„დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ აღნიშნულ პროგრამაში. მონაწილე უნდა იყოს ნებისმიერი მეწარმე სუბიექტი, რომელიც სახელმწიფოს შესთავაზებს მის დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთზე სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნის ან განვითარების საინვესტიციო პროექტს. დაინტერესებულ პირებს ოც წლიან სარგებლობაში გადაეცემათ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. ამასთან, სარგებლობის პირველი 10 წლის საფასური განისაზღვრება ჯამურად 1 ლარის ოდენობით, ხოლო მე-11 და ყოველი მომდევნო წლისთვის საფასური განისაზღვრება იმ დროისთვის არსებული საბაზრო ღირებულების შესაბამისად“ - განაცხადა შენგელიამ.
„სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის” შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე WWW.NASP.GOV.GE