დაუმთავრებელ მშენებლობებს სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლების ვადა 2028 წლამდე გადაუვადდათ. კანონის პროექტი პარლამენტმა გამარტივებული წესით განიხილა და დაამტკიცა.

მოქმედი კანონმდებლობით, დაუმთავრებელი მშენებლობები თავისუფლდებიან სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის გადახდისგან, იმ დათქმით, რომ ობიექტი 2025 წლის 1 იანვრამდე უნდა იყოს ექსპლუატაციაში მიღებული. კანონპროექტით კი, ეს ვადა 2028 წლის 1 იანვრამდე გადაიწევს.

“აღნიშნული სამართლებრივი საფუძვლებით, დაუმთავრებელი ობიექტები დღემდე სარგებლობენ ამ შეღავათით. თუმცა, დღეის მდგომარეობით, ზოგიერთი ეს ობიექტი 2025 წლის 1 იანვრამდე ვერ ახერხებს ობიექტის დასრულებას და მის ექსპლუატაციაში მიღებას. აღნიშნულის მიზეზად, მათ შორის, აღსანიშნავია პანდემიის ხანგრძლივი პერიოდი”, - აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

კანონპროექტის ინიციატორები განმარტავენ, იმის გათვალისწინებით, რომ ამ მშენებლობის დასრულებას უამრავი დაზარალებული პირი ელოდება და შესაბამისად, ამ ობიექტების მიმართ არსებობს მაღალი საჯარო ინტერესი, მიზანშეწონილია შეღავათის სარგებლობის ვადა გახანგრძლივდეს.