„საქსტატის“ მონაცემებით, 2023 წლის I კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 7.7% შეადგინა. როგორც რადიო „კომერსანტის“ ეთერში ეკონომისტმა ნოდარ სირბილაძემ განაცხადა, ეკონომიკური ზრდა გვაქვს, მაგრამ ეს არასაკმარისია, ამასთან გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 15%-იანი ზრდა იყო, მაგრამ ორნიშნა ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება იოლად მისაღწევი არ აღმოჩნდა.
„ახლა რასაც ვუყურებთ, ზრდა გვაქვს, მაგრამ ეს ზრდა, როგორც წინა წლებში ვამბობდით, არასაკმარისია. მაგალითად, 2022 წლის პირველ კვარტალში, 2021 წლის პირველ კვარტალთან შედარებით ეკონომიკური ზრდა 15% იყო. მიმდინარე წელს გავაცნობიერეთ და მომავალშიც ასე იქნება, რომ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა იოლად მისაღწევი არ არის და სავარაუდოდ ისევ ერთნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე ვიქნებით. ამაზე მეტყველებს საერთაშორისო და მთავრობის პროგნოზებიც“, - აცხადებს ნოდარ სირბილაძე.
მისი თქმით, მთლად იმის თქმა, რომ, ჩვენნაირი პატარა ქვეყნის ეკონომიკისთვის, 7.7%-იანი ზრდა ძალიან მაგარი შედეგია, გადამეტებულია, რადგან ვაჭრობის და უძრავი ქონების სექტორში მნიშვნელოვანი კონტრიბუცია მიგრაციის ფაქტორმა ითამაშა. ამას გარდა, სტატისტიკაში ცალკეა გამოყოფილი სახელმწიფო მმართველობის ხარჯვითი ნაწილი, სადაც 7.9%-იანი ზრდაა. ნოდარ სირბილაძის თქმით, ეს მთავრობის მხრიდან დახარჯული ფულის შედეგად გაზრდილი ეკონომიკური მაჩვენებელია და მთავრობას ნებისმიერ დროს შეუძლია გაზარდოს ხარჯები და დაასტიმულიროს ეკონომიკა.
მისი თქმით, მთავრობა ეკონომიკური ზრდით ტრაბახობს, მაგრამ ამაში არაფერი სატრაბახო არ არის, რადგან მნიშვნელოვანია არა ზრდის ტემპი, არამედ ეკონომიკის მოცულობა და სტატისტიკა ხშირად გარკვეული მანიპულაციას შესაძლებლობას იძლევა.
„ქვეყანა ტრაბახობს ზრდის ტემპით. ჩემი აზრით, ქვეყანამ ეკონომიკური ზრდის ტემპით არ უნდა იტრაბახოს. არაფერია ამაში სატრაბახო. იგივე სომხეთს რომ შევადაროთ საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპი, პირველ კვარტალში ჩვენს მეზობლებს 12%-იანი ზრდა ჰქონდათ.
ის შეხედულება, რომ წინა წლებში რეგიონში ეკონომიკური ზრდის ტემპით ლიდერები ვიყავით, სამწუხაროდ, პოპულისტური განცხადებების შედეგად ჩამოყალიბდა. ჩვენ როცა ვსაუბრობთ იმაზე - ვის როგორი ეკონომიკა აქვს და ეკონომიკური ზრდის ტემპით ქვეყნებს ვადარებთ, მათ შორის რეგიონში, ეს არ მოგვცემს რელევანტურ შედეგს. მთავარია, რომელ ქვეყანას რამდენად დიდი მოცულობის ეკონომიკა აქვს. აზერბაიჯანის ეკონომიკა მოცულობით ჩვენს ეკონომიკაზე დიდია. აზერბაიჯანის ეკონომიკა რომ 5%-ით გაიზარდოს და ჩვენი 10%-ით, მოცულობით რომელი ქვეყნის ეკონომიკა იქნება უფრო დიდი? ცხადია, აზერბაიჯანის. სტატისტიკაში გარკვეული მანიპულაციაცაა შესაძლებელი და მოცულობით კონდიციაში, განსხვავებული მდგომარეობაა. სამეზობლოში ეკონომიკის მოცულობით, აზერბაიჯანი გვისწრებს, სომხეთთან მცირე უპირატესობა გვაქვს“, - აცხადებს ნოდარ სირბილაძე.
მისი თქმით, ქვეყნის ეკონომიკის მოცულობის გაზრდისთვის საჭიროა კონკურენტული უპირატესობები ვეძებოთ, მათ შორის - შუა დერეფნის ზედა პლანზე წამოწევა, მეტი აქტივის კერძო საკუთრებაში გადასვლა, შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და ლოგისტიკის განვითარება და ა.შ.
„უნდა ვეძებოთ ჩვენი კონკურენტული უპირატესობები, მათ შორის შუა დერეფნის წინა პლანზე ამოწევა და რეალიზაცია. შესაბამისი ინფრასტრუქტურაც არ გვაქვს, რომ გაზრდილ მოთხოვნას ლოგისტიკის კუთხით ვუპასუხოთ. ამდენი წლის განმავლობაში ეს ლოგისტიკური საკითხები ვერ მოვაგვარეთ, ანაკლიის პორტის პროექტიც ჯერ ვერ განვახორციელეთ. ფუნდამენტი უნდა იყოს ის, რომ მაქსიმალურად ბევრი აქტივი იყოს გადასული კერძო საკუთრებაში. სასოფლო-სამეურნეო მიწებიც კი, დაახლოებით 60%, სახელმწიფოს საკუთრებაშია და კერძო საკუთრებაში მხოლოდ 40%-ია. ნონსენსია, როცა ვსაუბრობთ ეკონომიკის განვითარებაზე და მიწების 60%-ს არ ვიყენებთ,“ - აცხადებს ნოდარ სირბილაძე.
რაც შეეხება რეფინანსირების განაკვეთს, ნოდარ სირბილაძის თქმით, რთულია იმის პროგნოზი რა გადაწყვეტილებას მიიღებს ხვალ ეროვნული ბანკი, თუმცა რეფინანსირების განაკვეთის შემცირების მცირე შესაძლებლობა მაინც არსებობს.
„პროგნოზი რთულია. მე მგონია, რომ შემცირების შესაძლებლობა მცირე, მაგრამ მაინც არსებობს. თუ შეამცირებს, ეს იქნება 0.25 საბაზისო პუნქტით შემცირება, ან იგივე მაჩვენებელზე დატოვებს, რადგან ეროვნული ბანკის პოლიტიკა საკმაოდ ფრთხილია“, - აცხადებს ნოდარ სირბილაძე.