ეკონომისტი რამაზ გერლიანის განცხადებით, საქართველოში მინიმალური ხელფასის სტანდარტის ამოქმედება ნეგატიურ ეკონომიკურ შედეგებს მოიტანს. 

მან მინიმალური ხელფასის ზღვრის დაწესების უარყოფით მხარეებზე რადიო „კომერსანტის“ ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ მინიმალური ხელფასის ოდენობის განსაზღვრა ქვეყანაში უმუშევრობის დონეს საგრძნობლად გაზრდის. 

„მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებით სახელდება სხვადასხვა რიცხვი 300-იდან 600 ლარის ფარგლებში. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ 500 ლარი იქნება მინიმალური ხელფასი, იმ კატეგორიებში, მაგალითად სტუდენტებში, სადაც ბევრი 500 ლარზე ნაკლებ ხელფასზე გამოცდილების მისაღებად მუშაობს, უმუშევრობა მოიმატებს. 

პრაქტიკულად შეუძლებელია რომ მინიმალური ხელფასის დიფერენცირება მოხდეს რეგიონების ჭრილში, იმიტომ, რომ რეგიონებს შორის სხვადასხვა ეკონომიკური თვალსაზრისით განსხვავება ისედაც მაღალია. მინიმალური ხელფასის დაწესება გამოიწვევს იმას, რომ იმ რეგიონებიდან, სადაც ანაზღაურება იქნება დაბალი, ადამიანები გადავლენ იქ, სადაც ეკონომიკური აქტივობა მეტია. შესაბამისად, თუ მოხდება მინიმალური ხელფასის განსაზღვრა, ეს უარყოფით ზეგავლენას მოახდენს ურბანულ განშლაზე. ისედაც ყველა მოისწრაფის დედაქალაქისკენ და შიდა მიგრაციის კიდევ ერთი მიზეზი გახდება მინიმალური ხელფასი“, - განაცხადა რამაზ გერლიანმა. 

როგორც ის აღნიშნავს, მინიმალური ხელფასის სტანდარტი იმ ქვეყნებში ამართლებს, სადაც უმუშევრობის დონე დაბალია, საქართველო კი ასეთი ქვეყნების რიგს არ განეკუთვნება. 

„ქვეყნებში, სადაც მინიმალური ხელფასის ზღვარი მოქმედებს და შრომითი ურთიერთობები დარეგულირებულია, უმუშევრობის მაჩვენებელი ერთნიშნაა. ჩვენთან უმუშევრობის მაჩვენებელი ორნიშნაა და საკმაოდ მაღალია. შესაბამისად, სადაც უმუშევრობა მაღალ დონეზეა, ნიშნავს იმას, რომ ბევრი ადამიანი ეძებს სამუშაოს, სადაც სამუშაოს სიჭარბეა, იქ მინიმალური ხელფასის კანონის ამ სახით მიღება დიდი მეთოდოლოგიური შეცდომა იქნება. 

საზღვარგარეთ მუშა ხელის დეფიციტია და ხშირ შემთხვევაში მიგრანტები ავსებენ დასაქმებულთა რიცხვებს. ჩვენთან კი პირიქითაა, ერთ სამუშაო ადგილზე რამდენიმე ადამიანი მოდის და მინიმალური ხელფასის განსაზღვრა, უმუშევრობის საკმაო მაჩვენებლის ზრდას გამოიწვევს“, - განაცხადა ეკონომისტმა. 

მისი პოზიციით, ყველაზე სწორი იქნება თუ მინიმალური ხელფასის განსაზღვრა მოხდება საათობრივ ჭრილში, თუმცა საქართველოში არსებული ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, ახლა ამის განსაზღვრაც არასწორი იქნება. 

„ყველაზე სწორი იქნება საათობრივად დადგენა, მაგრამ ჩვენი ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე, იგივე რა სივრცესაც განვეკუთნებოდით, ესეც რეალურ შედეგს არ მოგვცემს, რადგან სადაც სამუშაო ძალა პროფიციტურია, ქაღალდზე გაუფორმო რომ 4 საათი იმუშავა და იქ უკვე მოხდეს ამ მინიმალური ხელფასის კრიტერიუმების დარღვევა და ჩრდილოვნად მუშაობა, ეს აუცილებლად გვექნება ასე. ძალიან დიდად იქნება იმის სტიმულირება, რომ ადამიანები, რეალურად, არაოფიციალურად მეტს იმუშავებენ. ამიტომ ამ ეტაპზე, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე მინიმალური ხელფასის ასე განსაზღვრით ანტისტიმულებს გავაჩენთ. 

ნებისმიერი ტიპის ცვლილებებს გააჩნია დადებითი და უარყოფითი მხარეები და ეკონომისტები ამ ორ ნაწილს ვაანალიზებთ და დადებითი ეფექტი უნდა აჭარბებდეს ნეგატიურს. ჩვენი მდგომარეობით, დღეს მინიმალური ხელფასის შესახებ კანონის მიღება, რომელიც შეიძლება იყოს გარკვეულწილად წონასწორულ ხელფასზე მაღლა, ვგულისხმობ 400-500 ლარზე მაღლა, ეს უფრო მეტ ზარალს გამოიწვევს ეკონომიკისთვის და თვითონ დასაქმებულებისთვისაც“,- აღნიშნა რამაზ გერლიანმა. 

ინფორმაციისთვის, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება მოითხოვს, რომ ქვეყანაში დაწესდეს მინიმალური ხელფასის სტანდარტი, რაც საქსტატის მიერ გამოანგარიშებული საშუალო ხელფასის 40% იქნება და რაც, დღეის მდგომარეობით, 636 ლარს შეადგენს.