მეფუტკრეები საკუთარი მეურნეობების ბიზნესოპერატორად ან ოჯახური წარმოების სუბიექტად რეგისტრაციისგან თავს იკავებენ, - ამის შესახებ ვკითხულობთ momxmarebeli.ge-ს „თაფლის უვნებლობის კონტროლის“ შესახებ ანგარიშში.
სურსათის ეროვნული სამსახურის თანამშრომელთა ინფორმაციით, რეგისტრაციის წასახალისებლად არაერთი შეხვედრა შედგა მწარმოებლებსა და მეფუტკრეებთან, თუმცა, მათი ცნობით, მიუხედავად ინფორმირებისა, „ფერმერებს/გლეხებს დაბეგვრისა და კონტროლის შიში აქვთ და ამიტომ იკავებენ თავს რეგისტრაციისგან“.
„სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2023 წლის მონაცემების თანახმად, საქართველოში აღრიცხული იყო 192.7 ათასი ფუტკრის სკა, აქედან ოჯახური მეურნეობების წილი 94.9%, ხოლო სამეურნეო საწარმოების წილი 5.1%-ს შეადგენდა.
სეს-ის მონაცემთა ბაზას რაც შეეხება, რომლის მეშვეობითაც ვეტერინარული კონტროლი იგეგმება, ბოლო 2 წლის მანძილზე მიმდინარე იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროცესის შედეგად, გაიზარდა იქ შესული საფუტკრე მეურნეობებისა და სკების რაოდენობა. კერძოდ, 2022 წლის 31 დეკემბრამდე რეგისტრირებული იყო 39 საფუტკრე მეურნეობა და 4 363 სკა, ხოლო 2024 წლის ბოლოსათვის - 1 262 საფუტკრე მეურნეობა და 52 013 სკა.
აღსანიშნავია, რომ საფუტკრე მეურნეობებისა და სკების რეგისტრაცია 2023 წლის 1-ლი იანვრიდან გახდა სავალდებულო. კიდევ ერთი მექანიზმია სურსათის ბიზნესოპერატორად რეგისტრაცია. ეს იმისათვისაა საჭირო, რომ სეს-მა სურსათის უვნებლობის კონტროლი ეფექტიანად დაგეგმოს და განახორციელოს. ბოლო 2 წლის მანძილზე ამ მიმართულებით დიდი ზრდა არ შეინიშნება. 2022 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, თაფლის წარმოებით დაკავებული 30 ბიზნესოპერატორი იყო რეგისტრირებული, ხოლო 2024 წლის ბოლოსათვის ამ რიცხვმა 40 შეადგინა.
კიდევ ერთი მექანიზმია ოჯახური წარმოების სუბიექტად რეგისტრაცია. მეფუტკრეობის სექტორში ოჯახური წარმოების სუბიექტებად რეგისტრაცია ევალებათ იმ მეურნეობებს, რომელთაც არაუმეტეს 30 ფუტკრის ოჯახი ჰყავთ, დანარჩენი, უფრო მსხვილი მეურნეობები კი სურსათის ბიზნესოპერატორებად უნდა დარეგისტრირდნენ.
2023-2024 წლების მანძილზე თაფლის წარმოებით დაკავებული ოჯახური წარმოების სუბიექტების რაოდენობა არ გაზრდილა და 2024 წლის ბოლოსათვის ეს რიცხვი მხოლოდ 15 სუბიექტს შეადგენდა“, - ვკითხულობთ ანგარიშში.
ცნობისთვის, რეგისტრაციის მთავარ დანიშნულებას ოჯახური მეურნეობებისა და მათ მიერ წარმოებული პროდუქციის მიკვლევადობა წარმოადგენს, რაც სურსათის უვნებლობის უზრუნველსაყოფად აუცილებელია.