„საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორის, ლევან სილაგავას განცხადებით, 12 ივნისს სახელმწიფოს შემოღებულ პროგრამას, რომელიც ხორბლისა და ფქვილის ფასის დარეგულირების ხარჯზე ადგილობრივი მარცვლეულის რეალიზაციასა და წისქვილ-კომბინატების ამუშავებას გულისხმობს, პურის ფასზე გავლენა არ ჰქონია.

როგორც ლევან სილაგავამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში კონფერენციაზე აღნიშნა, ხარისხობრივი მაჩვენებლების გათვალისწინებით, საქართველოს წისქვილ-კომბინატები ქვეყანაში მიღებული მოსავლის უმეტეს ნაწილს შეისყიდიან.

„12 ივნისიდან ხუთთვიანი სახელმწიფო პროგრამა დაიწყო, რომლის მიხედვითაც, შემოიღეს გამათანაბრებელი მოსაკრებელი საქართველოს ბაზარზე ფქვილის გაყიდვასთან დაკავშირებით. მანამდე, ძალიან აგრესიული იმპორტი არსებობდა, რის გამოც წისქვილებმა მუშაობა შეწყვიტეს, ხორბლის ადგილობრივი წარმოების ჩაბარებას პრობლემები შეექმნა. 12 ივნისს მიღებული გადაწყვეტილების მიზანი იყო ის, რომ ადგილობრივი ხორბლის ხარჯზე, პურის მწარმოებლებისთვის მიზნობრივი ფასის დაწესების ფონზე, ქვეყანაში პურის ფასი არ გაზრდილიყო. მეორე მიზანი იყო ის, რომ ხორბლის ადგილობრივი მოსავალი, რომელიც წინა წლიდან დარჩენილი იყო, რეალიზებულიყო.

პირველი ამოცანა წარმატებით მიმდინარეობს, ამას პურის ფასზე გავლენა არ ჰქონია. რაც შეეხება მეორე ამოცანას, ანუ ადგილობრივი ფერმერებისგან როგორც ძველი, ისე ახალი მოსავლის მიღებას, მაქსიმალური რაოდენობა, რისი მიღებაც წისქვილ-კომბინატებს შეეძლოთ, უკვე მიიღეს.

ვფიქრობთ, რომ წელს, ხარისხობრივი მაჩვენებლების გათვალისწინებით, საქართველოში მოსულ ხორბლის მოსავალს მთლიანად მივიღებთ, ამიტომ, ამ პროგრამას საფრთხე არ ემუქრება. თუმცა ხორბლის წარმოება ორად იყოფა და არსებობს სხვა სეგმენტიც - საფურაჟე ხორბალი, რომელსაც წისქვილების გაერთიანება ვერ იღებს და ფერმერებს სამინისტროსთან ამ თემაზე მოლაპარაკებები აქვთ“, - აღნიშნა ლევან სილაგავამ.

გარდა ამისა, მისი თქმით, მარცვლეულის ხარისხის კონტროლის ორი მექანიზმი არსებობს. როგორც მან აღნიშნა, თავიდან მარცვლეული შესამოწმებლად წისქვილ-კომბინატების ლაბორატორიაში მიაქვთ, მაგრამ თუ კითხვები შემოწმების შემდეგაც რჩება, პროდუქტს უფრო მაღალი ხარისხის ლაბორატორიებში ამოწმებენ, სადაც ადამიანური ჩარევა მინიმალურია.

„რაც შეეხება მომავალ ფასებს, ჩვენთან ფასები იმპორტირებული ხორბლის მესამე კლასთან მიმართებით ფორმირდება. წისქვილ-კომბინატების სწორება 1 ტონა ხორბალზე 650 ლარით განისაზღვრება. გარკვეული ხარისხობრივი მაჩვენებლები ფასს ცვლის. ხარისხის გასაკონტროლებლად ორი მექანიზმი გვაქვს. ერთ შემთხვევაში წისქვილ-კომბინატების ლაბორატორია აკეთებს ანალიზს და მეორე შემთხვევაში უფრო მაღალი დონის ლაბორატორიაში მივდივართ, სადაც ადამიანური ფაქტორი შემოწმებაში მინიმალურად ერთვება და სუბიექტურობა გამორიცხულია“, - განაცხადა ლევან სილაგავამ.