„საერთაშორისო  გამჭვირვალობა საქართველო“ სატელევიზიო სარეკლამო ბაზრის ყოველწლიურ კვლევას აქვეყნებს. როგორც  კვლევაში ვკითხულობთ ხუთი ყველაზე შემოსავლიანი ტელეკომპანიაც კი მოგებაზე გასვლას

„ვერ ახერხებს და წელს კვლავინდებურად, მნიშვნელოვანი ზარალით ხურავენ. ამასთან, საყურადღებოა, რომ მათ მიერ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯი მკვეთრად აღემატება წლიურ შემოსავლებს. 2021 წელს, ყველაზე დიდი ხარჯი - 78,350,706 ლარი, ტელეკომპანია “იმედს” ჰქონდა. ანგარიშგების პორტალზე ატვირთული აუდიტის დასკვნებიდან ჩანს, რომ თითოეულ მათგანს მოცულობითი სასესხო ვალდებულებები აქვთ და ხარჯსა და შემოსალავალს შორის დისბალანსსაც სწორედ აღნიშნულის ხარჯზე ფარავენ.

წლიდან წლამდე, კვლევები აჩვენებს, რომ სარეკლამო ბაზარი არაა საკმარისი მედიის გამართულად ფუნქციონირებისთვის. ფინანსურ სიცოცხლისუნარიანობას დამატებითი საფრთხე შეექმნა იმის გამოც, რომ მედია შეზღუდულ ვადებში მოუმზადებელი შეხვდა გაუარესებულ კანონმდებლობას და გაიზარდა წნეხი მედიაზე. ქართული მედია, როგორც წარმატებული/მომგებიანი ბიზნესი რთულად ყალიბდება და ამის მიზეზი შესაძლოა იყოს ბიზნესგარემოში გაზრდილი თვითცენზურა.

ამასთან, სარეკლამო შემოსავალი პროსახელისუფლებო არხებზე სჭარბობს. ჰიბრიდული საინფორმაციო ომის პირობებსა და პოლარიზებულ გარემოში, ეს მოცემულობა კიდევ უფრო მოწყვლადს ხდის მედიას. აღნიშნული გამოწვევა განსაკუთრებით აქტუალური ხდება წინასაარჩევნო პერიოდში, როდესაც იზრდება პოლიტიკური რეკლამების წილი ტელევიზიებში. მნიშვნელოვანია იმ პროცესებზე დაკვირვება, რომლებმაც შესაძლოა ირიბი ან პირდაპირი ზეგავლენა მოახდინოს მედიის სიცოცხლისუნარიანობაზე. ეს შესაძლოა იყოს საკანონმდებლო ინიციატივების “მსუსხავი ეფექტი”, მედიის მფლობელების წინააღმდეგ წარმოებული სასამართლო დავები, მედიისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმდინარე ე.წ. SLAPP (საზოგადოებრივი ჩართულობის სტრატეგიული სარჩელები) შემთხვევები, რომელიც ზრდის ფინანსურ წნეხს მედიაზე. ასეთ დროს, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება მედიის საჭიროებების გათვალიწინება და მის ინსტიტუციურ მედეგობაზე გრძელვადიანი ორიენტირება.“ - წერია  კვლევაში.