2023 წლის პირველი ხუთი თვის მდგომარეობით, კავკასიის ეკონომიკის ზრდა 4.8%-ია, სადაც გამორჩეული ქვეყანა სომხეთია. ამ უკანასკნელში ზრდა ორნიშნა მაჩვენებელზე ნარჩუნდება. ორნიშნა მაჩვენებელზე რჩება აზერბაიჯანში ინფლაცია, ხოლო საქართველოსა და სომხეთში თვალსაჩინოდ შემცირებულია. ამ პირობებში აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკი მონეტარულ პოლიტიკას ამკაცრებს, ხოლო საქართველოსა და სომხეთში პოლიტიკის შერბილება დაიწყო.

კვლევითი ინსტიტუტის „გნომონ ვაისის“ პუბლიკაციის „კავკასიის ეკონომიკის ყოველთვიური მიმოხილვის“ მიხედვით, ბოლო ათწლეულში კავკასიის საშუალო წლიური ზრდა 2.9% იყო.

„პანდემიის პირველ წელს რეგიონის ეკონომიკა 5.5%-ით შემცირდა. მომდევნო ორი წელს კი აღდგენის სწრაფი ტემპი იყო. 2021 წელს კავკასიის ეკონომიკური ზრდა 7.2%-ს შეადგენდა, რაც 2022 წელს 7.8% იყო. გასული წელს მაღალი ზრდით სომხეთი და საქართველო გამოირჩეოდა.

სომხეთში ეკონომიკა 14.2%-ით გაიზარდა, ხოლო საქართველოში 10.1%-ით. ამ ქვეყნების ზრდაში არსებითი წვლილი რუსეთიდან მიგრანტებმა და შესაბამისად, ფინანსურმა ნაკადებმა ითამაშა. 2022 წელს აზერბაიჯანის ეკონომიკა 4.6%-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში კავკასიის საშუალო ზრდა 4.8%-ია, რაც აპრილში 4.4% იყო“, - აღნიშნულია მიმოხილვაში.

ამ პერიოდში, ზრდის შედარებით მაღალი ნიშნული სომხეთშია. ამ უკანასკნელის ზრდა 12.5%-ს შეადგენს. მაისში სომხეთის ეკონომიკა 13.7%-ით გაიზარდა. ზრდაში განსაკუთრებული წვლილი სავაჭრო სექტორს გააჩნდა, რომელიც სომხეთის ეკონომიკის არსებითი ნაწილია. მაისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სავაჭრო ბრუნვა 28.6%-ით გაიზარდა, ხოლო მშენებლობის სექტორის ზრდა 18.4%-ს შეადგენს. იანვარ-მაისში საქართველოს ეკონომიკის საშუალო ზრდამ7.4% შეადგინა. მაისში ზრდის ნიშნული 7.5% იყო. მიმდინარე წლის მეოთხე თვეს ზრდის ტემპი გაზრდილია.

საქართველოშიც დადებითი კონტრიბუცია სავაჭრო და სამშენებლო სექტორებს გააჩნდა. მიმდინარე პერიოდში აზერბაიჯანის ეკონომიკა დაბალი ზრდით ხასიათდება. იანვარ-მაისში, წინა წელთან შედარებით, ეკონომიკა მხოლოდ 0.7%-ით არის გაზრდილი. თუმცა, ნავთობისა და გაზის ინდუსტრიის გარეშე, სხვა დანარჩენი სექტორების ზრდა შედარებით მაღალი, 4.0%- ია. ეს სექტორები კი მთლიანი ეკონომიკის 58.2%-ია. თავად ნავთობისა და გაზის ინდუსტრიაში არასახარბიელო მდგომარეობა ამ უკანასკნელზე ფასების ვარდნას უკავშირდება. შედეგად, ამ სექტორში დამატებული ღირებულება 2.5%-ით შემცირდა.