საქართველოს სახელმწიფო საპენსიო სააგენტოს მთავარ საინვესტიციო ოფიცერმა, გოგა მელიქიძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა, რომ ხუდონჰესის და ანაკლიის პორტის ფინანსურ ინვესტირებას საპენსიო სააგენტო არ აპირებს.
მელიქიძის თქმით, ერთის მხრივ ამ ეტაპზე მსგავსი სივრცე სააგენტოს საერთოდ არ გააჩნია, მეორეს მხრივ კი, არაერთი პირობაა, რის შემდეგაც შეიძლება ჩაღრმავებული კვლევის საფუძველზე სააგენტომ პროექტში ინვესტირება მოახდინოს. მაშინაც კი, თუ კანონი შეიცვალა.
„არ ვაპირებთ, რადგან ჩვენთან მსგავსი პროექტების გავლა არ მომხდარა. ამ ეტაპზე ჩვენ, კანონით არ შეგვიძლია მსგავსი ინვესტირების განხორციელება. შემდეგში, თუ გაფართოვდება პორტფელი, კანონის ცვლილებამდე მაინც არ გვექნება უფლება მსგავს პროექტში ინვესტირების. შემდეგში, თუ კანონი გააჩენს სივრცეებს, შევძლოთ პროექტების დაფინანსება, მხოლოდ შემდეგ შეგვეძლება ამაზე საუბარი და ამის ანალიზი, რომელიმე დიდი პროექტი ხომ არ არის საინტერესო.
რთულია ამაზე საუბარი, რა იქნება მომავალში და დეტალური ანალიზის შემდეგ x პროექტი რამდენად მიმზიდველი იქნება ჩვენთვის. დღეს ჩვენი საინვესტიციო სივრცე არის მხოლოდ ფასიან ქაღალდები, ობლიგაციები, დეპოზიტები, სახაზინო ვალდებულებები. სხვა მხრივ კანონიც არ გვაძლევს საშუალებას, თუ კანონი შეიცვლება, ეს ცხადია იქნება საინტერესო მიმართულება, ჩვენს სამყაროში ეს არის ალტერნატიული აქტივი, რომელსაც ნაკლები კორელაცია აქვს გლობალურ ბაზრებთან, თუმცა კრიტიკულია, რა იქნება კონკრეტული პროექტი და რამდენად გაამართლებს ჩვენს რისკებს. აქაც, მხოლოდ 20%-ით დავაფინანსებთ და აუცილებელი პირობაა თანაინვესტორი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი, ვისთან ერთადაც ამას გავაკეთებთ. დიდი ანალიზის შემდეგ შეიძლება კანონის ცვლილების შემთხვევაშიც კი თქმა, რომ კი, ჩვენს ეს გვაწყობს“ - განაცხადა მელიქიძემ „საქმეში“.
შეგახსენებთ, 2022 წლის დეკემბერში, ეკონომიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა ანაკლიის პორტის მშენებლობის პერსპექტივაზე ისაუბრა და თქვა, რომ სახელმწიფო მშენებლობის ერთ-ერთ შიდა წყაროდ საპენსიო ფონდში აკუმულირებულ თანხებს განიხილავს და მათ, ეს შეფასებული აქვთ.
„რაც შეეხება დაფინანსების წყაროებს, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამის რესურსები სახელმწიფოს გააჩნია. მათ შორის სახელმწიფო საწარმოების კუთხით და სახელმწიფო საწარმოები, რომლებსაც შეუძლიათ მსგავსი ტიპის პროექტების თანადაფინანსებაში მონაწილეობის მიღება. ვფიქრობთ, რომ მათ ჯანსაღი, კარგი ფინანსური მდგომარეობა აქვთ იმისთვის, რომ მოიზიდონ ფინანსური რესურსები, როგორც საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისგან, ისე ჩვენ გვაქვს შიდა რესურსები, რომლის გამოყენებაც შეგვიძლია. ჩვენ გრძელვადიან სტრატეგიულ პროექტებში ვფიქრობთ, რომ გამოვიყენებთ გრძელვადიან დანაზოგებს, რომელიც იგივე საპენსიო ფონდიდან შეიძლება მომდინარეობდეს და კომბინაციაში ჩვენ ამ ფინანსების მობილიზებას უპრობლემოდ შევძლებთ. ესეც შეფასებული გვაქვს,“ - აღნიშნა მინისტრმა.
bpn.ge