მთავრობამ ენერგეტიკული კომპანიებისთვის ჯარიმის ჩამოწერის შესახებ განკარგულება გამოაქვეყნა.

დოკუმენტის მიხედვით, ჯარიმის ჩამოწერა „ნენსკრა ჰესისა" და თბოელექტროსადგურების მშენებლობაზე დადებულ ხელშეკრულებებს არ შეეხებათ.

მთავრობამ ეკონომიკის სამინისტროს დაავალა მოიძიოს ინფორმაცია ყველა იმ კომპანიაზე, რომელსაც ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის ან მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისთვის ჯარიმა აქვთ დაკისრებული.

ინვესტორებს, რომელთაც ჯარიმა დაეკისრებათ, აქვთ შესაძლებლობა 2026 წლის 16 მარტამდე: 1. წარადგინონ განახლებული საბანკო გარანტია; 2. მოითხოვონ ჯარიმის პატიება ვალდებულების შესრულების პირობით. ამ შემთხვევაში, სამინისტრო მთავრობას წარუდგენს წინადადებას ჯარიმის ჩამოწერისა და პროექტის დასასრულებლად ახალი გონივრული ვადის დაწესების შესახებ.

"ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მიენიჭოს უფლებამოსილება, რათა არაუგვიანეს 2026 წლის 10 თებერვლისა, უზრუნველყოს ენერგეტიკის დარგში საქართველოს მთავრობასთან ელექტროსადგურ(ებ)ის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის აწ/და მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებით/მემორანდუმით ნაკისრი ვალდებულებ(ებ)ის დარღვევისთვის გათვალისწინებული ჯარიმის/ პირგასამტეხლოს დაკისრება ყველა იმ შესაბამისი კომპანიისთვის, რომელსაც ამ განკარგულების გამოცემის დღისათვის დარღვეული აქვს საქართველოს მთავრობასთან გაფორმებული ხელშეკრულება/მემორანდუმი.

ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომპანიების მიერ არაუგვიანეს 2026 წლის 16 მარტის ჩათვლით სამინისტროს მიერ დაკისრებული ჯარიმის/პირგასამტეხლოს პატიების მოთხოვნისა და განახლებული საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს სამინისტროს, რათა მთავრობას წარმოუდგინოს წინადადება კომპანიაზე დაკისრებული/დასაკისრებელი ჯარიმის/პირგასამტეხლოს ვალდებულების შესრულების პირობით პატიებისა და დარღვევის გამოსწორებისთვის განსაზღვრული განახლებული ვადის დაწესების თაობაზე.

ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომპანიების მიერ არაუგვიანეს 2026 წლის 16 მარტის ჩათვლით სამინისტროს მიერ დაკისრებული ჯარიმის/პირგასამტეხლოს პატიებისა და ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის აწ/და მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების/მემორანდუმის შეწყვეტის მოთხოვნის შემთხვევაში, დაევალოს სამინისტროს, რათა საქართველოს მთავრობას წარმოუდგინოს წინადადება კომპანიისათვის დაკისრებული/დასაკისრებელი ჯარიმის/ პირგასამტეხლოს პატიებისა და ხელშეკრულების/მემორანდუმის შეწყვეტის შესახებ", - წერია განკარგულებაში.