Galt & Taggart-ის ინფორმაციით, 2026 წლის ივნისის თვეში ქვეყანაში ელექტროენერგიის კომერციული იმპორტი და ექსპორტი არ განხორციელებულა.

მათივე ცნობით, ივნისში თურქეთში ელექტროენერგიის ექსპორტი შემცირდა 7.9-ჯერ რაოდენობრივად და 12.0-ჯერ ღირებულებით. როგორც ინფორმაციიდან ვიგებთ, თურქეთის ბაზარზე გენერაციის ზრდა გამოწვეული იყო კარგი ჰიდროლოგიით და მზის სადგურების ინტენსიური მშენებლობით.

"ექსპორტმა თურქეთში შეადგინა 24.0 გვტ.სთ და $0.7 მლნ, ხოლო ექსპორტის საშუალო ფასმა კვტ.სთ-ზე 2.8 აშშ ცენტი (-34.4% წ/წ). ერთადერთი ექსპორტიორი იყო ესკო, რომლის მიზანიც ძველი ვალის დაბრუნება იყო.

ექსპორტის ფასის, მოცულობისა და შემოსავლის მსგავსი შემცირება თურქეთის ბაზარზე ფასების მკვეთრ კლებასა და თურქეთში გაზრდილ გენერაციას უკავშირდება. კერძოდ, 2026 წლის ივნისში, ელექტროენერგიის საშუალო ფასი თურქეთის ბაზარზე შეადგენდა 2.9 აშშ ცენტს/კვტ.სთ-ზე, რაც წლიურად 34.4%-იანი კლება, თუმცა თვიურად 61.1%-იანი ზრდაა.

ასეთი დაბალი ფასი ექსპორტის ეკონომიკურ მიმზიდველობას მნიშვნელოვნად ამცირებს, რადგან ექსპორტიორებს გადაცემის ტარიფისა და გარანტირებული სიმძლავრის საფასურის გადახდაც უწევდათ - ჯამში 1.5 ცენტის. თურქეთის ბაზარზე ელექტროენერგიის გენერაცია იმდენად გაიზარდა, რომ თურქეთმა საქართველოდან ელექტროენერგიის კომერციულ იმპორტზე უარი თქვა. საქართველოდან თურქეთში ელექტროენერგიის ექსპორტი დაიწყო 6 ივლისს, რაც თურქეთის ბაზარზე ფასების ზრდით იყო გამოწვეული. 1-20 ივლისის საშუალო მაჩვენებლით, თურქეთში ელექტოენერგიის საშუალო ფასი კვტ.სთ-ზე 6.0 აშშ ცენტს შეადგენდა. 2026 წლის ივლისში ექსპორტიორი კომპანიები არიან აჭარ-ენერჯი 2007, ენერჯი დეველოპმენტ ჯორჯია, სვანეთი ჰიდრო, კასლეთი 2, შპს აისი, ავსტრიან ჯორჯიან დეველოპმენტი და ესკო", - ვკითხულობთ კვლევაში.