„ვფიქრობ, 2025 წელს გვექნება იმის პოტენციალი, რომ მაღალი ეკონომიკური მაჩვენებლებით დავასრულოთ,“ - ასეთია სტატისტიკოსის სოსო არჩვაძის მოლოდინი მიმდინარე წელთან დაკავშირებით.
თუმცა, მისივე თქმით, არსებობს გამოწვევებიც, რომლის დასაძლევადაც მეტი ძალისხმევა იქნება საჭირო.
„ვფიქრობ, 2025 წელს გვექნება იმის პოტენციალი, რომ მაღალი ეკონომიკური მაჩვენებლებით დავასრულოთ. თუმცა, ბუნებრივია არსებობს გამოწვევები, რომელსაც უნდა გავუმკლავდეთ.
კერძოდ, უკვე რამდენიმე კვარტალია მცირდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ამასთან, მკვეთრად შემცირდა ფულადი ნაკადები რუსეთის ფედერაციიდან. თუმცა, დანარჩენი მსოფლიოდან გვაქვს ტრანზაქციების საიმისოდ მაღალი ზრდა, რომ რუსეთიდან კლება ჩაანაცვლოს.
ვფიქრობ, ჩვენ უფრო ინტენსიურად უნდა გამოვიყენოთ ის შიდა ენდოგენური რესურსები, რომელიც აქვს საქართველოს. სხვათა შორის, ბოლო პერიოდში, ხსენებული შემცირებული ინვესტიციებისა და ფულადი გზავნილების ფონზე გვქონდა გაცილებით მაღალი ეკონომიკური ზრდა, ვიდრე გასული წლის იგივე პერიოდში. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ შიდა რესურსების უფრო ეფექტიანად გამოყენება ვისწავლეთ. ამ მიმართულებით, დაგვჭირდება კიდევ მეტი ძალისხმევა 2025 წელს. საკუთარი რესურსების გამოყენებას უნდა მივაქციოთ მეტი ყურადღება, არა მხოლოდ ბუნებრივი მატერიალური რესურსების, არამედ ბიზნესების მეტი სტიმულირება უნდა მოვახდინოთ, რათა მათი აქტიურობის ხარჯზე შევძლოთ იმ პოზიციური ტრენდის შენარჩუნება, რაც ბოლო წლებშია,“ - ამბობს სოსო არჩვაძე.
წყარო: bpn.ge