Galt & Taggart-ის ეკონომისტი ლაშა ქავთარაძე აცხადებს, რომ ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარების ფონზე იმპორტირებული ინფლაციის ზრდის ტემპის დაჩქარებაა მოსალოდნელი.

მან საქართველოს ეკონომიკაზე ახლო აღმოსავლეთის ომის გავლენა "საქმიანი დილის" ეთერში შეაფასა.

ეკონომისტი აღნიშნავს, რომ ამ ფონზე, საინვესტიციო ბანკის მოლოდინი, რომ ინფლაცია სებ-ის 3%-იან სამიზნე მაჩვენებელს სწრაფად დაუახლოვდებოდა, შეიძლება გარკვეული პერიოდით გადაიწიოს და დამოკიდებული იქნება ირანში ომის ხანგრძლივობაზე.

"მიმდინარე ტენდენციები რომ შევაფასოთ, წლიური ინფლაცია თებერვალში წლიურად 4.6 პროცენტამდე შენელდა იანვრის 4.8 პროცენტიანი ინფლაციის შემდეგ. ეს შენელება ძირითადად განპირობებული იყო სურსათისა და ჯანდაცვის კატეგორიებში ფასების ზრდის ტემპის შენელებით. მაგალითად, იანვარში თუ სურსათის ფასების ზრდის ტემპი იყო დაახლოებით 10.6 პროცენტი, 9.5 პროცენტამდე ჩამოვიდა თებერვალში. ასევე ჯანდაცვაში თუ იანვარში ზრდის ტემპი იყო 8.3 პროცენტი, 5.9 პროცენტამდე შენელდა. თუმცა ამავდროულად თებერვალში შეინიშნებოდა შერეული საქონლის ფასების ზრდა, ანუ ადგილობრივად წარმოებული ფასების ინფლაცია შენელდა, მაგრამ ამავდროულად გაიზარდა შერეული საქონლის ფასების ინფლაცია და პროდუქტების დონეზე რომ შევხედოთ 4.6 პროცენტიან ინფლაციაში გამოირჩევა ტრადიციულად ის სამი პროდუქტი, რომელსაც 1.5 პროცენტულ პუნქტიანი გავლენა აქვს ინფლაციაზე, ეს არის ხორბლის პური, ძროხის ხორცი და იმერული ყველი. ამასთან აღსანიშნავი არის იმპორტირებული საქონლიდან საქორწინო ბეჭედი, რომელსაც ამ 4.6 პროცენტიან ინფლაციაში დაახლოებით 0.4 პროცენტული პუნქტი საქორწინო ბეჭდის გამო არის გაზრდილი [ოქროს ფასის ზრდიდან გამომდინარე]. შერეულში შოკოლადი, ასევე მზესუმზირის ზეთი და კარტოფილი არის, რომელიც ინფლაციას ზემოთ ექაჩება.

რაც შეეხება მოლოდინებს, ჩვენი პროგნოზი იყო, რომ საკმაოდ კარგი შენელება გამოჩნდებოდა მარტისა და აპრილის ინფლაციაში, თუმცა ირანში მიმდინარე მოვლენები მოგეხსენებათ უპირველეს ყოვლისა გავლენას ახდენს ნავთობის საერთაშორისო ფასზე, რომელიც გუშინ მაგალითად 100 დოლარს გადასცდა, 115-ით იყო გახსნილი, 120-მდეც იყო ფასი, მაგრამ დღის ბოლოს შემდგომ უკან წამოვიდა ნავთობის ფასი, რაც ძირითადად უკავშირდებოდა იმას, რომ დიდი შვიდეულის ქვეყნების ფინანსთა მინისტრებმა განაცხადეს, რომ საჭიროების შემთხვევაში მათ სტრატეგიული რეზერვებიდან მოახდენდნენ ნავთობის მიწოდებას და ეს პოზიტიურად აღიქვა ბაზარმა და 100 დოლარს ჩამოსცდა და ეხლა მიმდინარეობს 90 დოლარის ფარგლებში არის, თუმცა ესეც გაზრდილი არის, სანამ ომი დაიწყებოდა 65 დოლარი იყო მანამდე ბარელზე. რა თქმა უნდა ეს გაზრდილი ნავთობის ფასი გადაითარგმნება იმაში, რომ მარტიდან მოყოლებული ჩვენ დავინახავთ იმპორტირებული ინფლაციის ზრდის ტემპის დაჩქარებას, რომელიც მაგალითად თებერვალში უარყოფითი იყო - 0.7 პროცენტით იყო შემცირებული თებერვალში და წინა თვეებშიც ესეთი ტენდენცია ჰქონდა. ამიტომ აი ეს არის ერთ-ერთი ფაქტორი. ამასთან მცირედი გავლენა ექნება გაცვლითი კურსის გაუფასურებასაც. გაცვლითი კურსის გამყარების ტრაექტორია იყო, 2.67-თან იყო დაახლოებული თებერვლის ბოლოს მარტის დასაწყისში და ეხლა 2.74-ზე ცოტა მაღალი არის გარეთ, ესეც გავლენას მოახდენს, ანუ იმპორტირებული საქონლის ფასების ინფლაცია დაჩქარდება, ეს გადაითარგმნება რომ საერთო ინფლაციაზე გავლენას მოახდენს, ამიტომ ის მოლოდინი რაც გვქონდა რომ ინფლაცია სწრაფად წამოვიდოდა და 3 პროცენტს სწრაფად დაუახლოვდებოდა, ეს შეიძლება ეხლა გადაიწიოს გარკვეული პერიოდით და დამოკიდებული იქნება კვლავ იმაზე ირანში ომის ხანგრძლივობა როდის დასრულდება. თუ ეს დასრულდება მაგალითად ერთ თვეში, ეს არის ყველაზე კარგი სცენარი, ამ სცენარის მიხედვით ინფლაცია 3.5%-ის ფარგლებში მოექცევა. თუ ეს გახანგრძლივდება სამ თვეზე, მაშინ 4%-თან დაუახლოვდება ინფლაცია და მთელი წლის განმავლობაში თუ გაგრძელდა, მაშინ ინფლაცია აქ მნიშვნელოვნად გაიზრდება, დაახლოებით შესაძლოა ვიფიქროთ რომ 2.5 პროცენტული პუნქტით იყოს ხრდა",- ამბობს ლაშა ქავთარაძე.

მან ყურადღება საერთაშორისო რეზერვებზეც გაამახვილა, რომელიც მისივე თქმით, წარმოადგენს ბალიშს მოკლევადიანი შოკების რომ ადვილად იყოს გადავლილი და უარყოფითი ეფექტები შემცირდეს. ლაშა ქავთარაძის თქმით, საერთაშორისო რეზერვების დონე იანვარში $6.3 მილიარდი იყო, რაც 5.7%-ით გაიზარდა თვის ჭრილში და თებერვალში $6.7 მილიარდს მიაღწია, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია.

"საკმაოდ კარგად არის გაზრდილი საერთაშორისო რეზერვების დონე და ეს ფაქტობრივად აძლევს ეროვნულ ბანკს იმის საშუალებას, რომ ერთჯერადი შეტევები მაქსიმალურად გაანეიტრალოს. ეს პოზიტიური არის დღევანდელი გადმოსახედიდან როდესაც ირანში არის განვითარებული ეს სიტუაცია და გარკვეული უარყოფითი მოლოდინები ჩნდება. აი ამ მოლოდინების ფონზე არ არის გამორიცხული რომ ეროვნული ბანკი - შეიძლება ამას სტატისტიკაში ვერ ვხედავდეთ და ერთი თვის დაგვიანებით დავინახოთ - რომ გარკვეულწილად მცირე ინტერვენციებს ახორციელებდეს და ამით ანეიტრალებდეს იმ ერთჯერად შეტევებს. ამიტომ ჩვენ წლის განმავლობაში უნდა ველოდოთ რომ გაცვლითი კურსის ნახტომები ისეთი ვერ იქნება როგორიც ეს მაგალითად წინა პერიოდებში იყო და მაგალითად ერთ დღეში დიდი გაუფასურებებს ვღებულობდით. ამის ასე ვთქვათ მოლოდინი არ უნდა გვქონდეს. ის რომ მაგალითად ერთ დღეში ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს - ესეც დავინახეთ გუშინდელი დღიდან გამომდინარე - ნავთობის ფასი გაიზარდა. პროცესები ცვალებადი არის, აუცილებელია დავაკვირდეთ ინფლაცია იქნება, სავალუტო შემოდინებები, გაცვლითი კურსი და ასე შემდეგ - და ამის შემდგომ შევქმნათ საბაზისო სცენარი, რომელიც იქნება რეალისტურთან ახლოს",- ამბობს ლაშა ქავთარაძე.

bm.ge