საერთაშორისო სავალუტო ფონდი მიიჩნევს, რომ ეროვნულ ბანკს მთავრობასთან დისკრეციული ფინანსური ტრანსფერების განხორციელების შესაძლებლობა უნდა შეეზღუდოს, ამის შესახებ ფონდის მისიის შემაჯამებელ პრესრელიზში არის აღნიშნული.

,,ეროვნული ბანკი ახლა უნდა ფოკუსირდეს საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონის ცვლილებაზე: უზრუნველყოს საბჭოში არააღმასრულებელ წევრთა უმრავლესობის არსებობა.  მთავრობის მიმართ დისკრეციული ფინანსური ტრანსფერების შესაძლებლობა შეიზღუდოს და  - ნათელი გახადოს და დამატებით გააძლიეროს ეროვნულ ბანკში უფლებამოსილების გადაცემისა (მმართველობის გადაცემის ჩარჩო) და საბჭოს წევრთა კვალიფიკაციის კრიტერიუმები. ასევე რეკომენდებულია ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების მიღების მოდელის შეცვლა: საპრეზიდენტო გადაწყვეტილების მოდელიდან კოლეგიალურ მოდელზე გადასვლა,” - ნათქვამია სავალუტო ფონდის პრესრელიზში.

უშუალოდ რა სახის ოპერაციების შეზღუდვის რეკომენდაციას გასცემს IMF ამის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გასაჯაროებულა. ეკონომისტ რომან გოცირიძე „კომერსანტთან“ ამბობს, რომ მსგავსი განცხადება IMF-მა 2024 წელსაც გააკეთა და ეს  საერთაშორისო უწყების თითქმის ყოველწლიური მოთხოვნაა. მისივე შეფასებით, დისკრეციული ტრანსფერების შეზღუდვის მოთხოვნით, IMF- ი მიუთითებს, რომ ეროვნულ ბანკს არ უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, სურვილისამებრ (არაგამჭვირვალედ ან არარეგულარულად) გადასცეს თანხები მთავრობას.

„ასეთი ჩანაწერი საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2024 წელსაც გააკეთა და მაშინ ყურადღების გარეშე დარჩა.  დისკრეციული ტრანსფერების განხორციელების შეზღუდვა გულისხმობს, რომ ეროვნულ ბანკს არ უნდა ჰქონდეს უფლება, არაგამჭვირვალედ და არარეგულარულად გადასცეს თანხები მთავრობას.

კანონი კრძალავს, ეროვნულმა ბანკმა მთავრობა დააფინანსოს. მთავრობის მიერ ბიუჯეტის დაფინანსება ორი გზით ხდება: საგარეო ვალით და საშინაო ვალდებულება, რომელსაც მთავრობა იღებს სახაზინო ვალდებულებების გამოშვებით, რომელიც აუქციონზე იყიდება და კერძო სექტორი ყიდულობს, ძირითადად კომერციული ბანკები, მაგრამ სები მთავრობისგან ამ სახაზინო ვალდებულებებს ყოველგვარი აუქციონის გარეშე ყიდულობს და ეს რამდენიმე მილიარდის შენაძენია, ანუ ის აფინანსებს მთავრობის ხარჯებს დეფიციტური დაფინანსების გზით.

სავალუტო ფონდი მოითხოვს, რომ ეროვნულ ბანკში არააღმასრულებელი პირი  იყოს მეტი. ეს ნიშნავს, რომ საბჭოში მეტი უნდა იყოს ისეთი წევრი, ვინც არ არის უშუალოდ ჩართული ბანკის ყოველდღიურ მართვაში (ანუ დამოუკიდებელი ზედამხედველობა), ანუ პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტები არიან აღმასრულებელი პირები. ეროვნული ბანკის პრეზიდენტს არ უნდა ჰქონდეს მნიშვნელოვან საკითხებზე ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღების უფლება; მართვა უნდა იყოს კოლეგიალური, ანუ საბჭოს მიერ.

მემკვიდრეობითობის ჩარჩო (succession framework) ნიშნავს, იმას, რომ უნდა იყოს მკაფიოდ განსაზღვრული, თუ როგორ ინიშნება ან იცვლება ეროვნული ბანკის მმართველი პირები.

კვალიფიკაციის კრიტერიუმების გამკაცრება უზრუნველყოფს, რომ საბჭოს წევრებს ჰქონდეთ შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება.

ეს არის IMF-ის ის რეკომენდაციები იმ მიზნით, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი იყოს დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და პროფესიონალურად მართული“,- აღნიშნა რომან გოცირიძემ „კომერსანტთან“ ინტერვიუში.