IMF-მა საქართველოსთვის 40 მლნ დოლარიანი პროგრამის დამტკიცება გადადო. ეროვნულ ბანკში განმარტავენ, რომ ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა IMF-ის მისიასთან.

Fitch-ის ინფორმაციით, „სავალუტო ფონდის ბორდის მიერ ფონდის პროგრამის მეორე მიმოხილვა, როგორც ჩანს, გადაიდო, რაც ნაწილობრივ ეროვნული ბანკის მენეჯმენტის სტრუქტურის ცვლილებასთან დაკავშირებით უთანხმოებას უკავშირდება“. IMF-ის მისია ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებებს ჯერ კიდევ განხილვის დროს აკრიტიკებდა.

„საზოგადოება და ბანკების“ გამგეობის თავმჯდომარე გიორგი კეპულაძე „კომერსანტთან“ ამბობს, რომ IMF-ის კრიტიკული შეფასება აისახება სხვა ფონდების დამოკიდებულებაზე და ქვეყანა შესაძლოა იყოს მიჩნეული უფრო სარისკოდ ვიდრე აქამდე, საბოლოო ჯამში კი ეს აისახება იმ სესხების საპროცენტო განაკვეთებზე, რომელსაც საქართველო სხვადასხვა დონორი ორგანიზაციებიდან იღებს.

„სავალუტო ფონდის მხრიდან იყო მნიშვნელოვანი კრიტიკა ეროვნული ბანკის კანონში განხორციელებულ ცვლილებებზე და ჩვენ ვამბობდით, რომ მსგავსი ცვლილებები სავალუტო ფონდთან შეთანხმების გარეშე და მით უმეტეს მათი კრიტიკის პირობებში, არ იქნებოდა კარგი ქვეყნისთვის და ჩვენი ეკონომიკისთვის. შედეგიც სამწუხაროდ დადგა, მეორე მიმოხილვა ჯერჯერობით გადადებულია, ისინი ამბობენ, რომ შეისწავლიან ამ საკითხს.

სამწუხაროდ, საქართველოს მართავენ ადამიანები ვისთვისაც მნიშვნელოვანია მათი პოლიტიკური დღის წესრიგი, თუნდაც მოკლევადიანი, ვიდრე ქვეყნის ეკონომიკური მომავალი და IMF-თან ურთიერთობა. სავალუტო ფონდის პროგრამა არ ნიშნავს მხოლოდ ფულს, მის შეფასებას აკვირდებიან საერთაშორისო საინვესტიციო ფონდები, საერთაშორისო ბანკები და დონორი ორგანიზაციები, რომლებიც IMF-ს დასკვნების საფუძველზე იღებენ გადაწყვეტილებას. IMF-თან ურთიერთობის გაფუჭება აისახება საერთაშორისო ფონდებთან ურთიერთობაზე და შესაძლოა საბოლოოდ აისახოს საპროცენტო განაკვეთებზე ანუ როდესაც ჩვენ ვსესხულობთ თანხებს უცხოური ფონდებიდან, განაკვეთის სიდიდე დამოკიდებულია ქვეყნის საკრედიტო რეიტინგზე, საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებზე და სხვა.

სავალუტო ფონდის კრიტიკული შეფასება აისახება სხვა ფონდების დამოკიდებულებაზე და ქვეყანა შესაძლოა იყოს მიჩნეული უფრო სარისკოდ ვიდრე აქამდე, შესაბამისად რაც უფრო მეტი რისკია ეს მით მეტად აისახება საპროცენტო განაკვეთებზე. მართალია ეს ერთ და ორ თვეში შესაძლოა არ მოხდეს, მაგრამ ზოგადად მნიშვნელოვანია რომ IMF-ის პროგრამა ხორციელდებოდეს და ეროვნული ბანკი ეკონომიკურ გუნდთან ერთად ითვალისწინებდეს მის რეკომენდაციებს, რაც ბოლო შემთხვევაში არ მოხდა“, - ამბობს გიორგი კეპულაძე.

სავალუტო ფონდის მხრიდან ფინანსური მხარდაჭერის პროგრამის მეორე მიმოხილვის გადადების შემდეგ, IMF-მა პირველი განცხადება რამდენიმე დღის წინ გაავრცელა. IMF აღნიშნავს, რომ მთავრობასთან მოლაპარაკებები მიდის და ფონდი შეისწავლის, რა გავლენა ექნება ეროვნული ბანკის შესახებ კანონს, ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროგრამის მიმდინარეობაზე. საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოსთან შემდგომ თანამშრომლობაზე იმედს გამოთქვამს.