საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA) აღმასრულებელი დირექტორის, მაია მელიქიძის შეფასებით, ჰესების მშენებლობას ყველაზე დიდ გამოწვევას ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი უქმნის.

ახალი ჰიდრო გენერაციის ობიექტების მშენებლობასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე BMG-ის კითხვის საპასუხოდ, მაია მელიქიძემ აღნიშნა, რომ არსებული ტენდენცია ჰესების წინააღმდეგ ნეგატიურმა პროპაგანდამ მოიტანა.

„ჰესების მშენებლობასთან მიმართებით ყველაზე დიდი გამოწვევა არის ადგილობრივი მოსახლეობიდან წამოსული პროტესტი. 30 წელია, რაც მიმდინარეობს ჰესების წინააღმდეგ ნეგატიური ხასიათის პროპაგანდა, რამაც ის სავალალო შედეგი დააყენა, რომლის წინაშეც ახლა ვართ. რა თქმა უნდა, მხარდაჭერა აქვს მცირე და საშუალო ჰესების მშენებლობას, თუმცა ეს საკმარისი არ არის იმისთვის, რომ დავაკმაყოფილოთ ქვეყანაში არსებული მოხმარება. ჩვენ ვსაუბრობთ ექსპორტზეც. მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყანა შეიძლება გახდეს ძალიან ძლიერი ექსპორტიორი თურქეთთან, სომხეთთან მიმართებით, 2030 წლიდან უკვე ევროპის ქვეყნებთან მიმართებით, ნამდვილად დასანანია, რომ ამხელა წინააღმდეგობა ხვდება ელექტროენერგიის გენერაციის ობიექტების მშენებლობას“, - თქვა GREDA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა.

მან CFD აუქციონების პირდაპირი კონტრაქტების მექანიზმით ჩანაცვლებაც შეაფასა და აღნიშნა, რომ სამინისტრო ჯერ კიდევ მსჯელობს და აქვს დრო, გადაწყვიტოს რა მექანიზმით მოხდება სექტორის ხელშეწყობა.

„ზოგადად, გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულება იყო ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ინსტრუმენტი სექტორისთვის. შემდეგ მორატორიუმი გამოცხადდა. დღეს საუბარი არის, რომ შესაძლოა ოდნავ სახეშეცვლილი სახით დაუბრუნდეს ეს ინსტრუმენტი ბაზარს, თუმცა ვნახოთ, ამაზე ჯერჯერობით მსჯელობს სამინისტრო. მესამე CFD აუქციონის გამართვაც არის ამასთან დაკავშირებული, ამიტომ, ჯერჯერობით არის დრო, რომ სამინისტრო ჩამოყალიბდეს, იქნება მესამე CFD აუქციონი, ის მედიანური ფასი, რაც დაფიქსირდა, გადაეფინება დარჩენილ სიმძლავრეს, თუ განვიხილავთ მესამე ვარიანტს - გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებების დაბრუნებას ბაზარზე“,- განაცხადა მაია მელიქიძემ.

მისივე ინფორმაციით, მეორე CFD აუქციონში გამარჯვებული კომპანიები უკვე ცნობილია და შესაბამისი მემორანდუმები მალე გაფორმდება.

“რადგან გაგვაჩნია პრაქტიკა, თუ როგორ უნდა გაფორმდეს მემორანდუმი, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ იმაზე ნაკლები დრო დასჭირდება, ვიდრე პირველი CFD აუქციონის შემთხვევაში და უკვე უახლოეს მომავალში მოხდება მემორანდუმების გაფორმება“,- აღნიშნა მაია მელიქიძემ.

bm.ge