28 ივლისიდან ავიაკომპანია Geosky-ის სამგზავრო მიმართულების Georgian Wings-ი სამგზავრო რეგულარულ ფრენებს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით, 70 ადამიანზე გათვლილი იტალიურ-ფრანგული წარმოების საჰაერო ხომალდით ყოველდღიურად შეასრულებს.
Georgian Wings-ის ბორტმა ბათუმის მიმართულებით პირველი საჩვენებელი ფრენა დღეს განახორციელა. პრეზენტაციაში მონაწილეობა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა მიიღო.
„პირველ რიგში, მისასალმებელია, რომ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სექტორი ძლიერდება. დღევანდელი ღონისძიება არის ამის მაგალითი - ქართული ავიაკომპანია მზად არის სახელმწიფოს დამატებითი ჩართულობისა და ფინანსური დახმარების გარეშე რეგულარულად შეასრულოს კომერციული რეისი თბილისსა და ბათუმს შორის. საწყის ეტაპზე ფრენები კვირაში 12 სიხშირით განხორციელდება, რაც ნიშნავს, რომ თბილისსა და ბათუმს შორის თვითმფრინავით მგზავრობის მოთხოვნა გაზრდილია. ფრენების დაწყებით ავიაკომპანია ხელს შეუწყობს მობილობის გაზრდას და რაც მთავარია, ტურისტული ნაკადების გადაადგილებას თბილისსა და ბათუმს შორის. ავიაკომპანიას ვუსურვებ დიდ წარმატებას და დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრიების უფრო მეტ გაძლიერებას," - განაცხადა მინისტრის მოადგილემ პრეზენტაციაზე.