ეკონომისტები პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას ეხმიანებიან, რაც საქართველოში $624 მილიონის და €35 მილიონის გათეთრებას ეხება.
ეკონომისტი გიორგი ხიშტოვანი ამ ამბავს "გამაოგნებელ ისტორიას" უწოდებს და ამბობს, რომ დანაშაულის ჩამდენმა პირმა მთლიანი საბანკო სექტორის დეპოზიტების 3,9% გაათეთრა, რაც მისთვის საეჭვო ფაქტია.
"აქ პირველი დიდი კითხვა ისმის, ამ მასშტაბის სქემის არსებობა, როგორ არ მოხვდა არავის თვალში (ზედამხედველს, საბანკო სექტორს, ფინანსური მონიტორინგის სამსახურს, სამართალდამცველებს ან ვინმე სხვას)", - წერს იგი.
ამასთან, გიორგი ხიშტოვანს საეჭვოდ ეჩვენება ის ფაქტი, რომ გადამცვლელი პუნქტი, 3 წელი, ყოველ დღე, 1,7 მილიონი ლარის დოლარს და ევროს ახურდავებდა და ამაზე ეჭვი როგორ არავის გაუჩნდა.
"ფულის გათეთრების მასშტაბი არის გასაოცარი; როგორც განცხადებიდან ჩანს, ეს ამბავი 2022-2024 წლებში ხდებოდა. 2022-ის დასაწყისში, მთლიანი დეპოზიტების ოდენება საბანკო სექტორში იყო 36,8 მილიარდი ლარი; 2024 წლის ბოლოს - 58,2 მილიარდი ლარი. ანუ საშუალოდ, ამ პერიოდში, დეპოზიტების ოდენობა იყო 47,5 მილიარდი ლარი. ამ დროს, გათეთრებული ფულის ოდენობა, მაშინდელი (სამი წლის) საშუალო კურსის მიხედვით გამოდის 1,84 მილიარდი ლარი. ანუ ამ ადამიანმა, აღნიშნულ პერიოდში, მთლიანი საბანკო სექტორის დეპოზიტების 3,9% გაათეთრა!
როგორც განცხადებიდან ჩანს, ვალუტის გადამცვლელმა პუნტქმა 3 წელიწადში გაყალბებულ საბუთებში დააფიქსირა 1,84 მილიარდი ლარის გადახურდავების ოპერაციები. ანუ, გამოდის, რომ ეს პუნქტი დღეში ფიქტიურად ახურდავებდა 1,7 მილიონ ლარს, ანუ, დაახლოებით 700 ათას დოლარს. ამ ბიზნესის საშუალო დღიური ბრუნვების შესახებ დეტალები არ ვიცი. მაგრამ, ინტუიტიურად, უკვე ის გარემოება, რომ გადამცველი პუნქტი, 3 წელი, ყოველ დღე, 1,7 მილიონი ლარის დოლარს და ევროს ახურდავებს, ძალიან საეჭვო მეჩვენება. აქაც იდენტური კითხვა მიჩნდება. როგორ არ მოხვდა არავის თვალში ამ გაყალბებული დოკუმენტაციის და ამ დოკუმენტაციის საფუძველზე გათეთრებული თანხის წარმომავლობას საეჭვო ხასიათი", - წერს გოგა ც
მისივე აზრით, პროკურატურის ეს ჩანაწერიც მრავლისმეტყველია: „დანაშაულებრივი წარმომავლობის თანხის და სხვა აქტივების სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად, პროკურატურა შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს გაატარებს" და ასე განმარტავს:
"წელს სახელმწიფო ბიუჯეტს საკმაოდ გაუჭირდა. შესაბამისად, მისი ინოვაციური ხერხებით შევსების საჭიროებაც დადგა. მეორე კვარტალში, ეროვნულმა ბანკმა ითავა ეს როლი და 670 მილიონი ლარით შეავსო სახელმწიფო ბიუჯეტი, როდესაც საკუთარი მოგებიდან დივიდენდები გადაურიცხა მთავრობას. ახლა, მე-3 და მე-4 კვარტალში, სავარაუდოდ ამ ჩამორთმეული ფულით შეივსება ბიუჯეტი ასეული მილიონი ლარით. როგორც იტყვიან ხოლმე, ფულს სუნი არ ასდისო. საბოლოო ჯამში, ერთი დასკნის გაკეთება შეიძლება ამ ყველაფრიდან. საქართველო, ნელ-ნელა, მაგრამ შეუქცევლად ისევ გახდა ადგილი, სადაც, საბოლოო ჯამში, ყველაფერი მოსული. ხოლო სახელმწიფო, ისევ, ვიწრო ჯგუფის ხელში არსებული და მხოლოდ მისი ინტერესების გამტარებელი სუსტი ინსტიტუტი რჩება. ძალიან სამწუხაროა ეს", - წერს გოგა ხიშტოვანი.
სებ-ის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე კი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ფაქტის შესახებ ალბათ ცნობილი იყო ხელისუფლების მაღალ ეშელონებში და მფარველებიც ეყოლებოდათ.
გოცირიძის მოსაზრებით, არალეგალურად შემოტანილი ფული დიდი ალბათობით რუსული რუბლია და რამდენად არის ეს ფული ქვეყნის უსაფრთხოების კუთხით ურისკო, ეს შესაფასებელია.
"რომელი ქვეყნის მოქალაქეების მიერ არის შემოტანილი, გაურკვეველია. როგორც ჩანს, თანხის ნაწილი ქვეყნიდანაც გავიდოდა( ალბათ რუსული რუბლით დოლარის შეძენის გზით). ეს ლარზე არ მოახდენს არავითარ გავლენას, რადგან რუსული რუბლი ჩვენთვის სასურველი უცხოური ვალუტაა, სამწუხაროდ, რუსეთიდან მზარდი იმპორტის გამო. როგორც პროკურატურის განცხადებიდან ჩანს, საქმე ეხება 2022-2024 წლებს( რაც რუსეთის უკრაინაში შეჭრის პერიოდს ემთხვევა).
ამ ფაქტების შესახებ ალბათ ცნობილი იყო ხელისუფლების მაღალ ეშელონებში, მფარველებიც ეყოლებოდათ რა თქმა უნდა, ამბავი კი თითქმის ერთი წლის შემდეგ გამოამზეურეს. ეს უკვე შიდა კლანური ბრძოლის კონტექსტში უნდა იქნეს განხილული( ღარიბაშვილის მთავრობის მიმართ რეპრესიების დაწყების კუთხით).
რას მოხმარდა, [ეს ფული] საკითხავი აი ეს არის. შავი ფული, შავი იმპორტ-ექსპორტი, სანქციების გვერდის ავლა, ესაა ქართული ეკონომიკის რეალობა, რომელიც ასევე არის ეკონომიკური ზრდის ფაქტორი, ოღონდ ეს ნაზარდი ხალხამდე კი არ მიდის, არამედ მსგავსი სქემებით ხელისუფლებასთან დაკავშირებული პირებისა და ბიზნესის ჯიბეში ილექება", წერს რომან გოცირიძე.