პარასკევს, 2 ივნისს  თბილისში PTC Holding LLP-სა და ქართველ პარტნიორებს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომელიც ქალაქ ფოთში მულტიმოდალური ტერმინალის მშენებლობის პროექტის განხორციელებას ითვალისწინებს. ამის შესახებ forbes.kz-ი წერს.

პორტის ტერმინალის მშენებლობა იქნება პირველი ყაზახური ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც განხორციელდება ფოთში, საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს პორტში, რომელიც წარმოადგენს საყრდენ წერტილს ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტზე.

მსოფლიოში არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, ასევე ლოგისტიკური მარშრუტების დივერსიფიკაციისთვის  ეს პროექტი ყაზახი ოპერატორებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ობიექტია.

”როდესაც ვსაუბრობთ ტვირთების დიდ ნაკადებზე და მსხვილ გადამზიდავებზე, საჭიროა დავეყრდნოთ ვინმეს და რამეს. ამ თვალსაზრისით, საპორტო ინფრასტრუქტურასთან მუშაობა ფილიგრანული უნდა იყოს. მან უნაკლოდ უნდა უზრუნველყოს საქონლის მიღება, გაფორმება და გაგზავნა. აქედან გამომდინარე განვიხილავთ ჩვენ საქართველოს შავი ზღვის პორტებს. თუ ვსაუბრობთ ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის საზღვაო ნაწილზე, მაშინ ეს სეგმენტი ამ ლოგისტიკური მარშრუტის დასასრულია.

ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი თუ საკონტეინერო მატარებლების ფორმირების წერტილიდან - ალტინკოლის სადგურზე, ჩინეთსა და ყაზახეთს შორის სასაზღვრო გადასასვლელზე იწყება, დამთავრებით ის  ზუსტად ფოთში ან ბათუმში მთავრდება. ამიტომ, ჩვენ უნდა ვიყოთ იქ“, - განაცხადა PTC Holding-ის გამგეობის თავმჯდომარემ ტიმურ კარაბაევმა.

ფოთის პორტი წარმოადგენს ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტზე საქონლის გადაზიდვის ბოლო პუნქტს შავ ზღვაზე, ხოლო საკონტეინერო ტერმინალის მშენებლობა ყაზახეთის ბიზნესებს საშუალებას მისცემს მონაწილეობა მიიღონ ტვირთის ნაკადების ფორმირებაში, შექმნან ყაზახი ექსპორტიორებისთვის ამ მარშრუტზე ხელსაყრელი სატარიფო პირობები და მოიზიდონ დამატებითი მოცულობის სატრანზიტო ტვირთები ყაზახეთის გავლით.

„ქართველ პარტნიორებთან მოლაპარაკებები 2023 წლის დასაწყისში დაიწყო. ყაზახეთის პრეზიდენტი მთელი გასული წლის განმავლობაში საუბრობდა და ამოცანები დასახა ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად და ლოგისტიკაში არსებული ხარვეზების „გასასუფთავებლად“. ამ პოლიტიკის ფარგლებში, ფოთისა და ბათუმის პორტების მონახულების შემდეგ, ჰოლდინგმა პროექტის განხორციელება გადაწყვიტა“, - განაცხადა PTC Holding-ის განვითარების დირექტორმა ოლჟას არიკბაევმა.

ფოთის არჩევა და არა ბათუმის, მისი თქმით, აიხსნება იმ სპეციფიკით, რაც საქართველოში განვითარდა: ბათუმის პორტი ძირითადად ნავთობსა და მყარ ტვირთს ემსახურება, ფოთი კი - კონტეინერებსა და ავტომობილებს.

რაც შეეხება პროექტის ტექნიკურ მახასიათებლებს, მისი განხორციელებისთვის პარიტეტის საფუძველზე შეიქმნა ერთობლივი საწარმო ს.ს Poti Transterminal , რომელშიც ყაზახური მხარე (PTC Holding) და ქართველი პარტნიორები ფლობენ წილების 50%-ებს.

პროექტის სავარაუდო ღირებულება ამჟამად დაახლოებით 10 მილიონი დოლარია. თავად ტერმინალი განთავსდება 8 ჰექტარ ფართობზე, მისი ტევადობა იქნება 80 000 კონტეინერი (20 ფუტის ეკვივალენტი) წელიწადში. მშენებლობის დასრულება 2023 წლის ოქტომბერშია დაგეგმილი.

„დოსტიკის სადგურზე ავაშენეთ უდიდესი ტერმინალი, რომლის სიმძლავრე იქნება 320 000 კონტეინერი წელიწადში. 2022 წელს დაახლოებით 100 ათასი კონტეინერი „დავამუშავეთ“, 2023 წელს ეს მაჩვენებელი გაიზრდება. ჩვენ გავხსენით კომპანია შანხაიში, ახლა ვარეგისტრირებთ კომპანიას სტამბოლში. მადლობა ჩვენს პარტნიორებს საქართველოდან, რადგან ფოთის ახალი ტერმინალი არის ჩვენი მუშაობის ლოგიკური გაგრძელება ყაზახეთის სატრანზიტო პოტენციალის განვითარებისთვის“, - განაცხადა PTC Holding-ის აქციონერმა დანიარ აბულგაზინმა.

ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის პოტენციალის გახსნის მნიშვნელობაზე ერთიანი სატრანსპორტო ოპერატორების შექმნით, დახურული ლოგისტიკური ციკლის ჩამოყალიბებასა და ამ პროცესში ყაზახეთის ბიზნესის აქტიური მონაწილეობის შესახებ არაერთხელ ისაუბრა ყაზახეთის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა. კერძოდ, 2023 წლის მაისში, ჩინეთში ვიზიტის დროს, მან პირდაპირ განაცხადა, რომ „ტრანსკასპიური მარშრუტის განვითარება მნიშვნელოვანია ევროპასა და აზიას შორის ტრანზიტის გასაძლიერებლად“.

საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, მალიკ მურზალინის განცხადებით, ინვესტიციები ლოგისტიკაში ყაზახეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„აბრეშუმის გზა მრავალი საუკუნის წინ ტრადიციულად გადიოდა, როგორც ყაზახური სტეპების, ისე სამხრეთ კავკასიის ტერიტორიაზე და ახლა ჩვენ ვხედავთ ამ პროცესის გაგრძელებას. ახალი ლოგისტიკური მარშრუტები გადის ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და შემდგომ ევროპაში. ყაზახეთში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის განვითარებას. პრეზიდენტ ტოკაევის ინსტრუქციაა ამ მარშრუტის გაფართოება და დატვირთვა. იმ ბიზნესმენების წყალობით, რომლებსაც დღეს ასეთი დიდი წვლილი შეაქვთ, ჩვენ გავუმკლავდებით ამ ამოცანას“, - განაცხადა მან ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიაზე.

ბიზნესის განვითარების სტრატეგიის მიხედვით, კომპანიების PTC Holding ჯგუფი, ყაზახეთის გავლით ტრანზიტული ტვირთის დამატებითი მოცულობის მოსაზიდად, შვილობილი კომპანიების საერთაშორისო ქსელის („გაყიდვის ფანჯრების“ და ინფრასტრუქტურული პროექტების) შექმნის პროცესშია, რათა დადოს პირდაპირი კონტრაქტები შუამავლების გარეშე მსოფლიოს უმსხვილეს ტვირთის მფლობელებთან, მწარმოებლებთან და ლოგისტიკურ პლატფორმებთან. ბოლო ორი წლის განმავლობაში, ჰოლდინგმა დაარეგისტრირა შვილობილი კომპანიები უზბეკეთში (ტაშკენტი), ჩინეთში (შანხაი), თურქეთში (სტამბოლი) და ყირგიზეთში (ბიშკეკი).

„ჩვენი მთავარი მიზანია მივიღოთ საქონელი უშუალოდ პირველი ხელიდან, მისგან, ვინც ამ პროდუქტს აწარმოებს. იმისათვის, რომ, ერთი მხრივ, საუკეთესო განაკვეთი მივცეთ მომხმარებელს, მეორეს მხრივ, რადგან ჩვენ ვართ ყაზახური კომპანია, ჩვენ მიზნად ვისახავთ ვიმუშაოთ ტვირთის უშუალო გამგზავნებთან, რათა ჩამოვაყალიბოთ კლიენტთა უდიდესი ფონდი“, - აცხადებს PTC Holding-ის გამგეობის თავმჯდომარე ტიმურ კარაბაევი.

კომპანიების ჯგუფის განვითარების მნიშვნელოვანი მიმართულებაა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, მათ შორის სატრანსპორტო და ლოგისტიკური ტერმინალების მშენებლობა ევროპასა და ჩინეთს შორის მთავარ სახმელეთო საერთაშორისო დერეფნებზე.

ტიმურ კარაბაევის თქმით, ჰოლდინგი ისტორიულად საკუთარი აქტივების საფუძველზე განვითარდა.

”ჩვენ ყოველთვის დიდი ხნის განმავლობაში ყურადღებით ვაკვირდებით ინდუსტრიას,  დიდი ხნის განმავლობაში ვსწავლობთ პარტნიორებს, კონკურენტებს, ინფრასტრუქტურას, „ვიწრო ადგილებს“. როგორც წესი, თუ გინდა რაღაც კარგი გააკეთო, რათა პარტნიორებისა და კლიენტების პატივისცემა დაიმსახურო, უნდა დააკვირდე, როგორ შეგიძლია შეცვალო არსებული მდგომარეობა“, - მიიჩნევს PTC Holding-ის ხელმძღვანელი.

მისი აზრით, სიტუაცია ყოველთვის ეფუძნება არსებულ ინფრასტრუქტურულ შესაძლებლობებს. ეს შეიძლება იყოს როგორც ძირითადი მარშრუტების სახელმწიფო ინფრასტრუქტურა, ასევე ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა პორტების, ტერმინალების, ჩატვირთვა-გადმოტვირთვის ადგილების სახით.

„ჩვენ ყოველთვის ვაშენებდით ჩვენს სტრატეგიას „ვიწრო ადგილების“ პოვნაზე და ფულს ვდებთ იქ, სადაც ისინი არსებობენ და არის მათი ფიზიკურად გაფართოების შესაძლებლობა ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებით. ეს არის ის, რაც უზრუნველყოფს ჩვენს კონკურენტულ პოზიციას ბაზარზე. ჩვენი პოზიცია ყოველთვის ცალსახა იყო - განვავითაროთ  ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა“, - აცხადებს ტიმურ კარაბაევი.

მომზადებულია forbes.kz-ის მიხედვით