ფოთის ტერმინალი შუა დერეფნის ნაწილი გახდა. ამის შესახებ სატრანსპორტო-ლოგისტიკური საინვესტიციო კომპანიათა ყაზახური ჯგუფი - PTC Holding იტყობინება.

ბაქოში ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR) საერთაშორისო ასოციაციის სამუშაო შეხვედრის ფარგლებში Poti TransTerminal JSC ოფიციალურად შეუერთდა ასოციაციას.

ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, იგივე შუა დერეფანი ჩინეთს, ყაზახეთს, კასპიის ზღვას, აზერბაიჯანს, საქართველოს, თურქეთს და ევროპას აერთიანებს.

ცნობისთვის, ქართულ-ყაზახური ინვესტიციით ფოთში საკონტეინერო ტერმინალი 2025 წლის აპრილში გაიხსნება. ყაზახეთის რკინიგზა და სატრანსპორტო-ლოგისტიკური საინვესტიციო კომპანიათა ყაზახური ჯგუფი, PTC Holding ფოთის მულტიმოდალური საკონტეინერო ტერმინალის მშენებლობაში 30 მლნ დოლარის ინვესტიციას განახორციელებენ. ფოთის საკონტეინერო ტერმინალი წელიწადში 80 ათას TEU-ზე მეტი სიმძლავრის იქნება.