სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) გლობალური გამოფენის „თესლიდან საკვებამდე“ ფარგლებში, ქართული პურისა და ღვინის დეგუსტაცია გამართა. ღონისძიებამ საერთაშორისო ვიზიტორების დიდი ინტერესი გამოიწვია და მათ ქართული ხორბლისა და ვაზის კულტურასთან დაკავშირებული ტრადიციებისა და სამეცნიერო ცოდნის გაცნობის შესაძლებლობა მისცა.
ღონისძიება ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ გახსნა. მან სტუმრებს ქართული ხორბლის ენდემური სახეობები და ადგილობრივი ჯიშები, ქართული ვაზის მრავალფეროვნება, მათი ისტორიული მნიშვნელობა, ასევე ხორბლის მოყვანასთან, პურის ცხობასა და მევენახეობა-მეღვინეობასთან დაკავშირებული ტრადიციები და რიტუალები გააცნო.
დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო ქართული ხორბლის ენდემური სახეობებისა და ადგილობრივი ჯიშებისგან დამზადებული პური, ჯიღაურას ბაზაზე დაცული იშვიათი ქართული ვაზის ჯიშებისგან დამზადებული ღვინის ნიმუშები და ტრადიციული ქართული პროდუქტები.
საერთაშორისო სტუმრებს, ცენტრის სტანდარტების და სერტიფიცირების სამსახურის უფროსმა თამარ ჯინჯიხაძემ და მარცვლოვანი კულტურების კვლევის სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა ნანა ჩხუტიაშვილმა, ქართული ხორბლის კვებითი ღირებულებისა და ნუტრიციული მახასიათებლების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. ყურადღება გამახვილდა ხორბლის სხვადასხვა სახეობისა და ადგილობრივი ჯიშების თავისებურებებზე, მათ მნიშვნელობაზე და გამოყენების შესაძლებლობებზე.
ქართული ხორბლის კულტურას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ქვეყნის აგრობიომრავალფეროვნებისა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისთვის. მისი ტრადიციები და რიტუალები 2025 წელს UNESCO-ს კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში შევიდა, ხოლო ქართული ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ტრადიციული მეთოდი ამავე სიაში 2013 წლიდან არის შეტანილი. FAO-ს გლობალური გამოფენის ფარგლებში ქართული ხორბლისა და ვაზის კულტურის, მათთან დაკავშირებული ტრადიციებისა და სამეცნიერო ცოდნის საერთაშორისო აუდიტორიისთვის გაცნობა სწორედ ამ მემკვიდრეობის დაცვისა და პოპულარიზაციის მნიშვნელობას უსვამს ხაზს.
ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ავრცელებს