მიმდინარე მოვლენების ფონზე განსაკუთრებით აქტუალურია საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობა, რომლის მომავალიც, როგორც ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, საქართველოს ლიდერების ხელშია.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის პირველი ხელშესახები პარტნიორობა 1996 წელს იწყება, მაშინ, როცა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ხელი მოეწერა პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას. მოვლენის კვალდაკვალ შეიქმნა - საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის საბჭო, საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის კომიტეტი, საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტი, საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ქვეკომიტეტები. მას შემდეგ - საქართველო ეტაპობრივად და თანმიმდევრულად უახლოვდება ევროკავშირს საერთო ევროპული ფასეულობებისა და პრინციპების დაცვით, საუკეთესო ევროპული სტანდარტებისა და ნორმების დანერგვით ყველა დარგში.
მეორე მნიშვნელოვანი თარიღი - 2014 წელია. 2014 წლის ივნისში ევროკავშირმა და საქართველომ ხელი მოაწერეს ასოცირების შესახებ შეთანხმებას, რომელიც ძალაში სრულად 2016 წლის ივლისში შევიდა. გარდა ამისა, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე (DCFTA) ხსნის ევროკავშირის ბაზარს ქართული ბიზნესებისა და პროდუქტებისთვის. შეჯამებისთვის, დოკუმენტმა ევროკავშირის 500 მილიარდიან ბაზარზე წვდომისა და მის წევრ 27 ქვეყანასთან თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობა მოგვცა.
პროცესს მალევე, მოჰყვა ვიზალიბერალიზაცია. ადამიანთა შორის უფრო მჭიდრო კონტაქტებისა და მობილობისთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლა 2017 წლის 28 მარტიდან ამოქმედდა. საზოგადოების აზრით, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი მონაპოვარი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების პროცესში.
მნიშვნელოვან თარიღად ინიშნება - 2022 წელი, მაშინ, როდესაც საქართველომ განაცხადი გააკეთა ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე.
განაცხადს მალევე მოჰყვა - ევროკავშირის მხრიდან თვალსაჩინო ნაბიჯები. განაცხადის შეტანის შემდეგ, იმავე წლის ივნისში აღიარებულ იქნა ქვეყნის ევროპული პერსპექტივა და საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი 2023 წლის 14 დეკემბერს მიენიჭა.
სამწუხაროდ, მას შემდეგ, რაც კანდიდატის სტატუსის მიღებით მთელმა ერმა იზეიმა, ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებში ბზარი ჩნდება და 18 წლიანი ევროინტეგრაციის პროცესი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. ნახევარი წლის შემდეგ, 2024 წლის 27 ივნისს, ევროპულმა საბჭომ გამოაცხადა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია. მიზეზი კანდიდატის სტატუსის შესახებ ევროკომისიის მიერ მომზადებულ რეკომენდაციაში მოცემულ ნაბიჯებთან დაკავშირებით უკუსვლაა.
2024 წლის 17 ოქტომბერს ევროპულმა საბჭომ აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერდა და მოუწოდა საქართველოს გაეტარებინა დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები.
ურთიერთობების გაუარესებას წამოეწია 30 ოქტომბერს გამოქვეყნებული გაფართოების ანგარიში, რომელშიც საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის მიმართულებით მიღწეული რეგრესი არის ასახული. დოკუმენტი ხაზს უსვამს, რომ ხელისუფლებას არ ჰქონია პროგრესი ევროკავშირის ცხრა დათქმის შესრულების მიმართულებით, შესაბამისად, ევროკომისია საქართველოსთან მოლაპარაკების გახსნის რეკომენდაციას არ გასცემს.
მხოლოდ 9 დათქმის შესრულების მიმართულებით არსებული ნულოვანი პროგრესი არ იყო ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ევროკომისიამ არ გასცა რეკომენდაცია საქართველოსთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნაზე. ამის კიდევ ერთი მიზეზია ხელისუფლების მიერ ევროპული გზიდან გადახვევა, რაც გამოიხატება სამოქალაქო საზოგადოების და დამოუკიდებელი მედიის შემზღუდავი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონისა და ოჯახური ღირებულებების დაცვის შესახებ კანონების მიღებაში. სწორედ ამ კანონების გათვალისწინებით, ევროკომისიამ აღნიშნა, რომ საქართველოს გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია.
და ბოლოს, ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობაზე საუბრისას, აუცილებელია ვახსენოთ ისიც, რომ ევროკავშირი საქართველოს ყველაზე დიდი დონორია და ყოველწლიურად საქართველოს ამბიციური რეფორმების დღის წესრიგის მხარდასაჭერად გრანტების სახით დაახლოებით 85 მილიონი ევროს ოდენობის თანხას გამოყოფს. თუმცა დემოკრატიული უკუსვლის შედეგად, საქართველო 2022, 2023 და 2024 წლებისთვის ევროკავშირის დახმარების სახით გამოყოფილი თანხებიდან 121 მილიონ ევროს დაკარგავს.
წყარო: bm.ge