ეროვნულ ბანკში ქართული ოცნების ინიციატივით შექმნილ თანამდებობაზე ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, ნათია თურნავა აირჩიეს.

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დღევანდელ სხდომაზე სწორედ თურნავა აირჩიეს პირველ ვიცე-პრეზიდენტად, რითაც ის ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გახდა. აღსანიშნავია, რომ ეროვნული ბანკის ყოფილ პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს უფლებამოსილება 2 მარტს ამოეწურა და დღემდე მის მოვალეობას ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი ასრულებდა.

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში შესული ცვლილებით, რომლის ინიციატორებიც საპარლამენტო უმრავლესობის წევრები იყვნენ, შეიქმნა პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, შესრულებს სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობას. მას დანიშნავს და გაათავისუფლებს ეროვნული ბანკის საბჭო.

ცვლილებებს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო, თუმცა პარლამენტმა ვეტო 13 ივნისს დაძლია, რასაც წინ ხმაურიანი პროცესი უძღოდა. აღსანიშნავია, რომ კანონში ცვლილებები და ვეტოს დაძლევის შესახებ განცხადება გააკრიტიკა საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც. IMF-მა მიუთითა, რომ პროცესები სებ-ის დამოუკიდებლობას და სანდოობას აზიანებს.

ეროვნული ბანკის საბჭო

საბჭო ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანოა, რომელიც 9 წევრისაგან შედგება. მის წევრებს პარლამენტი პრეზიდენტის წარდგინებით, 7 წლის ვადით ირჩევს.

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოში 2 ვაკანტური თანამდებობაა, რომლებზე ასარჩევადაც სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს გიორგი ბაქარაძისა და დიმიტრი ჯაფარიძის კანდიდატურები წარუდგინა. ოცნებაში კი აცხადებენ, რომ ზურაბიშვილის მიერ წარდგენილ კანდიდატურებს მხარს არ დაუჭერენ. პრეზიდენტსა და მმართველ გუნდს შორის დაპირისპირების ერთ-ერთი საგანი იყო საბჭოს წევრად მოქმედი ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის კანდიდატურის წარდგენის საკითხიც. ქართულ ოცნებაში თქვეს, რომ კონსულტაციების შედეგად, პრეზიდენტმა დაუდასტურა მზაობა, ეროვნული ბანკის საბჭოს ერთ-ერთ წევრად ლაშა ხუციშვილი წარედგინა, თუმცა შეთანხმება დაარღვია.

ამ ეტაპზე საბჭოში 7 წევრია და ის შემდეგნაირადაა დაკომპლექტებული:

საბჭოს თავმჯდომარე, სებ-ის პრეზიდენტია;

საბჭოში არის სამი ვიცე-პრეზიდენტი: არჩილ მესტვირიშვილი, პაპუნა ლეჟავა და ნიკოლოზ გაგუა.

ეროვნული ბანკის საბჭოში 4 არააღმასრულებელი წევრია: ნათია თურნავა, რომელიც პრეზიდენტის წარდგინებით, პარლამენტმა გასული წლის 7 ივნისს აირჩია, ეკატერინე მიქაბაძე, რობერტ სინგლეტარი და ეკატერინე გალდავა.