„ეროვნული ბანკი ეროვნული ძარცვის ბანკია“ - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „სანდრო ვეფხვაძე შენობით ბიზნესთან“ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ისაუბრა. მისი თქმით, ეროვნულ ბანკთან მისი პრეტენზიები უკავშირდება იმას, რომ „საკანონმდებლო კუთხით ეროვნული ბანკი დღეს არ აძლევს ალტერნატიულ წყაროებს განვითარების საშუალებას“.
„მე ეროვნული ბანკისადმი შენიშვნები მაქვს იმ კუთხით, რომ ეროვნული ბანკი დღეს არ აძლევს ალტერნატიულ წყაროებს განვითარების საშუალებას საკანონმდებლო კუთხით, ვგულისხმობ კაპიტალის ბაზარს, ვგულისხმობ საფონდო სტრუქტურას... ეგ უპერსპექტივოა,“ - განაცხადა ვასაძემ.
მისი თქმით, ქვეყანაში საფონდო ბაზარი და ბირჟა უპერსპექტივოა.
„4-მილიონიან ქვეყანაში რა საფონდო ბაზარი და რა ბირჟა და რა სააქციო ბაზარი, ეგ მოუყვნენ ნაცარქექიას ბებიას. იმიტომ, რომ პატარა ბაზარი ვართ და ქართული ბირჟა არა ტოროლა. არაფრის შანსი არ გვაქვს. ჩვენ, მთავარი საბაზისო რაღაცები გვაქვს მოსაწესრიგებელი. ეროვნულმა ბანკმა უნდა დაბეჭდოს მშპ-ს ფარდობაში ასი პროცენტი ფული მაინც, ქეში. ქართულ ეკონომიკაში ხელოვნურად არის დეფიციტი ლარის. ფული არის უშოვნელი, რატომ? იმიტომ, რომ ეროვნული ბანკი ექვემდებარება საერთაშორისო სავალუტო ფონდს, ასრულებს მის პირდაპირ დარიგებებს და ხელოვნურად, ღარიბად უჭირავს საქართველო. ეს ერთი, მეორე - როცა ამ ფულს ბეჭდავენ, მერე ხომ ბანკებს აძლევენ სესხად, ბანკებს მაგ ფულს უნდა აძლევდნენ სესხად 0%-ში, 1%-ში და ამდენი წელია აძლევენ 7 და 9%-ში, რის შედეგადაც მერე ბანკები თავისას ზევიდან ადებენ და შენამდე სესხი მოდის 15%-ში. იმიტომ არის გაკოტრებული მთელი საქართველოს მოსახლეობა და ყველა ქართული ბიზნესი; მესამე - სიგრძე ამ ფულის უნდა იყოს 5-დან 7-წლამდე, ამათ ხელში არის 1-დან 3-წლამდე“, - განაცხადა ლევან ვასაძემ.
ლევან ვასაძის თქმით, ქვეყანა ეკონომიკური პოლიტიკის კუთხით აბდაუბდა გზას ადგას და „სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი ეკონომიკები საბალახოზე მიშვებულ ქვეყნების ეკონომიკებს უგებენ“.
„აბდაუბდა გზას ვადგავართ. ჩვენ არ გვაქვს განსაზღვრული ეკონომიკური პოლიტიკა; ეკონომიკას, როგორც ყალბ ფსევდომეცნიერებას, რომელიც არ არის ზუსტი მეცნიერება, რამდენი ნობელიც არ უნდა დაარიგონ ამაში, რაღაც თავისი ასე თუ ისე კანონები ნამდვილად გააჩნია. ორი მოდელიდან - ბაზარი ყველაფერს დაარეგულირებს და სახელმწიფომ დაგეგმოს ქვეყნის ეკონომიკა, ორი აზრი არ არის, რომ სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი ეკონომიკები უგებენ საბალახოზე მიშვებულ ქვეყნების ეკონომიკებს“, - განაცხადა ლევან ვასაძემ.
მისი თქმით, ყველაფერს თავის სახელი უნდა დავარქვათ, პრაგმატულები და ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის დამცველები უნდა ვიყოთ.
„საექსპორტო კულტურებს შორის პირველ ადგილზეა ჯართი, მეორეზე - თხილი, მესამეზე არის ავტომობილების არაექსპორტი, არამედ რეექსპორტი. ეს ერთი და მეორე - ქვეყანა თავიდან ბოლომდე დგას დოტაციებზე უცხოური დონორების მხრიდან. რატომ ხდება ეს ყველაფერი? მე ვგულისხმობ გრანტებს სავალუტო ფონდისგან, მე ვგულისხმობ გრანტებს მსოფლიო ბანკისგან...
ეგ არაფერი არ არის, ნეტო გააქვთ აქედან. რაც ჩვენ ფული დავხარჯეთ ჩვენ ჯარისკაცებზე ერაყში და ავღანეთში, რომ გადათვალო ამერიკული ხელფასი, დაზღვევა და პროტეზირება დაჭრილზე, გამოდის დაახლოებით ათი მილიარდი დოლარი, იმიტომ რომ ჩვენ ვიხდით ქართველი ჯარისკაცების ხელფასებს ანუ ნეტო არაფერი არ შემოგვდის ჩვენ მაგათგან. როგორც გვძარცვავდნენ, ისე გვძარცვავენ. ეს მითია, რომ ჩვენ გვეხმარება საერთაშორისო სავალუტო ფონდი და არასამთავრობოები. სხვადასხვა ფორმის კრედიტებით ძარცვავენ ჩვენ ქვეყანას, ეს არის მათი კოლონიური ტრადიცია“, - განაცხადა ვასაძემ.
გადაცემაში ვასაძემ ისიც თქვა, რომ ის პოლიტიკიდან არსად წასულა და თუ ჯანმრთელობა ხელს შეუწყობს, „გააგრძელებს მსახურებას“.
„მე არც წავსულვარ არსად, მე ვთქვი, რომ როცა ავად გავხდი, რომ თუ ცოცხალი დავრჩი, მე არ მეშინია ამისი და გავაგრძელებ მსახურებას. არათუ დაბრუნებას, არსად არ წავსულვარ. მე გავაკეთებ ყველაფერს, არა იმიტომ, რომ მე რაღაც სკამი მინდა ან ცნობადობა მაკლია ან ფულის შოვნა მინდა, მაგრამ ეს ლიბერალური პოლიტიკა უნდა დამთავრდეს“, - განაცხადა ვასაძემ.