კომპანია ET Sinergy დამფუძნებელისა და მმართველის, მერაბ ლომინაძის თქმით, ენერგორესურსი მილევადია და ამიტომ მისი ოპტიმალური გამოყენება გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. ენერგოეფექტურობა თითოეული საწარმოს მეტ მოგებას ნიშნავს, რაც თავისთავად იმაზე მიუთითებს, რომ კომპანია ან საწარმო მდგრადი განვითარების გზაზე დგას, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში ეს კერძო სექტორს საშუალებას აძლევს, უკეთესად მართოს რესურსები და განავითაროს ბიზნესი,- ამის შესახებ მან რადიო „კომერსანტის“, ევროკავშირისა და KFW-ის მხარდაჭერით მომზადებულ რუბრიკაში ისაუბრა.
,,21-ე საუკუნეში რთულია, დაასახელო კომპანია, სადაც ენერგორესურსებს მთავარი როლი არ უკავია. ენერგორესურსი მილევადია და ამიტომაც, მისი ოპტიმალური გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია.
ენერგოეფექტურობა თითოეული საწარმოს მეტ მოგებიანობაა, რაც თავისთავად იმის ნიშანია, რომ კომპანია ან საწარმო მდგრადი განვითარების გზაზე დგას და შესაბამისად, გრძელვადიან პერსპექტივაში უყურებს ბიზნესს. ბიზნესის გრძელვადიანი პერსპექტივა, თავის მხრივ გულისხმობს მომხმარებლისთვის შედარებით დაბალი მარჟების დაწესებას მოკლევადიან პერიოდში. ბიზნესი როცა თავს კომფორტულად გრძნობს, არ აწესებს მაღალ მარჟას მათ პროდუქციაზე. ენერგოეფექტურობა მომხმარებლისთვის ნიშნავს, რომ ის იღებს სტაბილურად ხარისხიან და დაბალფასიან პროდუქტს. ნებისმიერმა კომპანიამ, იქნება ეს მცირე თუ საშუალო საწარმო, უნდა იფიქროს, თუ როგორ გააუმჯობესოს თავისი ენერგოეფექტურობა, რაშიც არ იგულისხმება მხოლოდ ელექტროენერგიის მოხმარების შემცირება, აქ ნაგულისხმევია ნებისმიერი ენერგომატარებლის მოხმარების შემცირება და მისი ეფექტურობის ზრდა“,- აღნიშნა მერაბ ლომინაძემ.
ლომინაძის თქმით, ენერგოეფექტურობა, როგორც სავალდებულო კომპონენტი, სასარგებლოა არა მხოლოდ საწარმოსთვის, არამედ მომხმარებლისთვისაც. დღევანდელ კონკურენტულ გარემოში, ნებისმიერი კომპანია – იქნება ეს მცირე თუ საშუალო საწარმო – აუცილებლად უნდა ფიქრობდეს იმაზე, თუ როგორ გააუმჯობესოს თავისი ენერგოეფექტურობა. ეს არ გულისხმობს მხოლოდ ელექტროენერგიის მოხმარების შემცირებას; საუბარია ნებისმიერი ენერგომატარებლის მოხმარების შემცირებას და მისი ეფექტურობის ზრდაზე. ენერგოეფექტურობა, პირველ რიგში, საზოგადოების ვალდებულებაა.
„თუ, ჩვენ, ადამიანები, არ მივალთ იმ გადაწყვეტილებამდე, რომ ენერგოეფექტურობა პირველ რიგში, ჩვენი თავისთვის არის სასარგებლო, მანამდე ძალიან გართულდება ეს ქმედებები კომპანიებისგან მოვითხოვოთ.
თითოეულმა ჩვენგანმა უნდა სცადოს და ენერგოეფექტურობისაკენ ნაბიჯები გადადგას, ანუ ძალიან ბანალურად რომ ვთქვათ, ენერგოეფექტური ნათურების შეძენით დავიწყოთ. ასევე, ვეცადოთ ნაკლებად მოვიხმაროთ ნაკლები ენერგომატარებლები, მაგალითისთვის შევიძინოთ ნაკლები წვის ავტომობილები.
მნიშვნელოვანია, მოვიხმაროთ ნაკლები გაზი გათბობის მიზნით, რისი მიღწევაც ენერგოეფექტური კედლებით არის შესაძლებელი, რაც სამშენებლო სექტორის პასუხისმგებლობაა.
როცა ხალხი ენერგოეფექტურობისაკენ გადადგამს ნაბიჯს, მხოლოდ ამის შემდეგ უკვე კომპანიების ქმედებაში ითარგმნება ენერგოეფექტურობა. კომპანიები შეეცდებიან გამოიყენონ უფრო მაღალტექნოლოგიური და დაბალხარჯიანი ხელსაწყოები და ტექნოლოგიები“,- თქვა მერაბ ლომინაძემ რადიო „კომერსანტის“ ეთერში.