სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია ამბობს, რომ ენერგეტიკული ბირჟის სრულად ამოქმედების გადავადებაზე არ უმსჯელიათ. ამიტომ აქვს მოლოდინი, რომ ივლისიდან ბირჟა სრული დატვირთვით დაიწყებს ფუნქციონირებას.
მისივე თქმით, ბირჟამ ფინანსურად გაამართლა.
"ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, სისტემა უკვე გამართულად მუშაობს და მზად არის. ვნახეთ, რომ მომხმარებლებმა, რომლებმაც ნებაყოფლობით რეჟიმში ივაჭრეს 400 ათას ლარზე მეტი დაზოგეს. ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ ბირჟამ ფინანსურად გაამართლა. ხარვეზები ოპერაციებთან დაკავშირებით არ ყოფილა. ამიტომ მეტი მომხმარებელიც რომ შევიდეს ჩემი აზრით, სისტემა მზად არის რომ ყიდვა-გაყიდვის ოპერაციები შეუფერხებელ რეჟიმში წარმართოს. მომხმარებელმა თუ კარგად არ გააცნობიერა ის რომ მოგებიანია და გარკვეულ სარგებელს ნახავს, მანამდე სურვილი არასდროს არ ექნება. როცა სავალდებულო გახდება მოუწევთ ივაჭრონ და მერე უკვე ნახავენ სარგებელს", - აცხადებს ნარმანია.
ბირჟა გარდამავალი მოდელით 2025 წლის ივლისამდე მუშაობს. გარდამავალ მოდელში ბირჟაზე ვაჭრობა ხდება საათობრივი პროდუქტებით, ხოლო საბალანსო ელექტროენერგიისთვის საანგარიშო პერიოდია თვე. ივლისიდან ვაჭრობა პლატფორმაზე სრულყოფილად უნდა დაიწყოს. დღით ადრე და დღიურ ბაზრებზე მოხდება საათობრივი პროდუქტებით ვაჭრობა, ასევე ამოქმედდება საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზარი. სამიზნე მოდელში გათვალისწინებულია ასევე საათობრივი დაბალანსების ვალდებულება.