ენერგეტიკულ სექტორში კადრების დეფიციტს საკმაოდ სისტემური სახე აქვს მიღებული. განსაკუთრებით თვალსაჩინოა დეფიციტი რეგიონებში, - აცხადებს GREDA-ს პროექტის მენეჯერი მატა გორდეზიანი.

როგორც რადიო „კომერსანტის“ ეთერში მატა გორდეზიანმა განმარტა, გარდა იმისა, რომ ქვეყანაში სპეციალისტების დეფიციტია, საკმაოდ დიდ გამოწვევად რჩება კვალიფიკაციაც.

„ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი განახლებადი სადგურის მშენებლობა დაიგეგმა, რაც ბუნებრივია, იწვევს კადრებზე მოთხოვნას. ერთი მხრივ არის ეს გამოწვევა და მეორე მხრივ არის გამოწვევა ისიც, რომ იზრდება ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისა და ენერგოეფექტურობის, ასევე, ევროკავშირის ენერგეტიკულ ჩარჩოებთან დაახლოების მოთხოვნები, რასაც ადამიანური რესურსით ვერ ვუმკლავდებით.

განსაკუთრებით სუსტია კადრების ბაზა რეგიონებში, რის გამოც კომპანიებს თანამშრომლების მოძიება თბილისში, უფრო ხშირ შემთხვევაში კი უცხოეთში უწევთ, რაც ბუნებრივია, ხარჯების ზრდასაც იწვევს და პროექტის დროულად განხორციელებასაც აფერხებს“, - აცხადებს მატა გორდეზიანი.

როგორც ირკვევა, დარგში ყველაზე მეტად დეფიციტური ინჟინრის პროფესიაა, იქნება ეს ჰიდრო, ქარის თუ მზის მიმართულებები. ამასთან ერთად, სამწუხაროდ, პროფესიით ახალგაზრდები სულ უფრო ნაკლებად ინტერესდებიან.

„მიუხედავად იმისა, რომ ჰიდრო ენერგიის ძალიან დიდი გამოცდილება გვაქვს ქვეყანაში, კადრები, ვინც ჰიდრო ენერგიაში გვყავდა, ასაკში შედიან და ახალგაზრდების მხრიდან ნაკლები დაინტერესებაა. ასევე, უკვე ტექნიკურ პერსონალშიც პრობლემაა, ვინც უშუალოდ მონტაჟს შეძლებს, სადგურს ტექნიკურად მოემსახურება“, - განმარტავს მატა გორდეზიანი.

არანაკლებ დეფიციტურია ენერგეტიკული პროექტების დეველოპმენტი, ის სპეციალისტები, რომლებსაც აქვთ გამოცდილება ნებართვების მიღების, საბანკო მოთხოვნების, ფინანსური მოდელირების, პროექტების მშენებლობამდე მიყვანის და ასე შემდეგ. ძალიან მნიშვნელოვანი ახალი მიმართულებაა საქართველოსთვის გარემოს დაცვითი და სოციალური მართვა. განსაკუთრებით, როცა სადგურები იღებენ დაფინანსებას სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან, მათ აქვთ მოთხოვნები გარემოს დაცვითი და სოციალური მიმართულებებით და აქაც მნიშვნელოვანი დეფიციტია.

„საბოლოო ჯამში, საკმაოდ ბევრი მიმართულებაა, რომელიც ჯერ კიდევ ქართულ სასწავლებლებში არ ისწავლება. ეს არის ერთ-ერთი დიდი გამოწვევა, რის გამოც ამ რეალობაში ვართ - მხოლოდ ერთ უნივერსიტეტში ისწავლება ენერგეტიკა.

ჩვენი რესურსებით ვცდილობთ, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი კადრების მომზადებას, გვაქვს კურსები, მაგრამ აუცილებელია გრძელვადიანი პროგრამები დაინერგოს უნივერსიტეტებში და რადგან ქვეყნის განვითარებისთვის სტრატეგიული დარგია, მომავალ თაობებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, სათანადო ცოდნა მიიღონ“, - განაცხადა მატა გორდეზიანმა.