„ინვესტორებისთვის ძალიან მომხიბვლელია ჩვენი ქვეყანა, რადგან განახლებადი ენერგიის სამივე რესურსის შეთავაზება შეგვიძლია. განსაკუთრებით ჰიდროენერგეტიკაში. ჰიდროენერგეტიკაში  ჩვენი რესურსი დაახლოებით 10-ჯერ უფრო დიდია, ვიდრე მზეში და ქარში ერთად აღებული. ამავდროულად, მზე და ქარი ითვლება ცვალებად ენერგიად და ჰიდროენერგეტიკაში ჩვენ მეტი გამოცდილება გვაქვს“, - ამის შესახებ საქართველოს განახლებადი ენერგიის ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ გიორგი აბრამიშვილმა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „ბრენდი საქართველო“ სტუმრობისას განაცხადა. 

მისი თქმით, საქართველოში ენერგეტიკულ სექტორში ინვესტიციების მოზიდვას რამდენიმე ფაქტორი ართულებს, რომელთაგან ერთ-ერთი გარკვეულ პროექტებთან მიმართებით საზოგადოების წინააღმდეგობაა. საზოგადოებაში არსებობს აზრი, რომ ენერგეტიკის სექტორში საქართველოში ძალიან დიდი მოგების მიღება შეიძლება, რაც რამდენიმე ფაქტორის გამო მცდარია.

„ენერგეტიკის ბიზნესი ინვესტიციების საკმაოდ დიდ მოცულობას მოითხოვს და ამასთანავე დბალმარჟიანია, მიუხედავად იმ მოარული იგავებისა, თითქოს ძალიან ბევრი ფული შეიძლება იშოვო აქ. გარდა ამისა, ძალიან გრძელვადიანი პერიოდია  საჭირო იმისთვის, რომ ინვესტორმა საკუთარი ჩადებული ფული ამოიღოს. ეს შეიძლება იყოს 10, 15 ან შეიძლება 17 წელიც კი ან 20 წლამდე გაიწელოს. 

ინვესტიციების განხორციელება ჩვენს ქვეყანაში პირველ რიგში უკავშირდება პოლიტიკური არასტაბილურობის ფაქტორის გადალახვას. მეორე საკითხია დაბალი მარჟა. ელექტროენერგიის ფასები დაბალია როგორც მოსახლეობისთვის, ისე სამრეწველო სექტორისთვის. ამ ყველაფერს კი პროექტების განხორციელების პერიოდში ემატება უამრავი სოციალური პრობლემა და ვიღებთ შუა გზაში გაჭედილ პროექტებს“, - აღნიშნა გიორგი აბრამიშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების უდიდესი პოტენციალი აქვს და ქვეყანამ მისი ევროპაში ექსპორტის შესაძლებლობაც აუცილებლად უნდა გამოიყენოს.

„განახლებადი ენერგიის არ განვითარება უბრალოდ დანაშაულია.  ჩვენი ქვეყნის მთავარი საექსპორტო პოტენციალი შემდეგი 10-15 წლის განმავლობაში უნდა გახდეს უკვე ჩვენი განახლებადი ენერგია ანუ მწვანე ენერგია, რისი ექსპორტიც უნდა განვახორციელოთ. იმედი მაქვს, რომ შავი ზღვის კაბელების პროექტით, რომელიც ძალიან პერსპექტიულია, ჩვენი ენერგიის ექსპორტს შევძლებთ ევროპაში“, - განაცხადა გიორგი აბრამიშვილმა.