უკრაინელი სუმოისტი აონიშიკი არატა (ნამდვილი სახელი დანიილო იავგუსიშინი) კარიერაში პირველად დაეუფლა იმპერატორის თასს, რომელიც პროფესიული სუმოს ექვსი ყოველწლიური გრანდიოზული ტურნირიდან (ბაშოდან) ერთ-ერთია.
კიუშუ ბაშოს (Kyūshū basho) ბოლო დასკვნითი დღის შეხვედრები 23 ნოემბერს, იაპონიის ქალაქ ფუკუოკაში დასრულდა.
იავგუსიშინამდე არცერთ უკრაინელ მოჭიდავეს ამ სპორტში ასეთი წარმატება არასდროს ჰქონია.
შეჯიბრების ბოლო დღემდე სამი რიკიში ლიდერობდა 11-11 გამარჯვებით: იოკოძუნა დაიკი ონოსატო, იოკოძუნა ტომოკაცუ ჰოსერიუ და სეკივაკე აონიშიკი არატა.
ტურნირის ბოლო დღეს იოკოძუნა ჰოსერიუმ დაამარცხა იოკოძუნა ონოსატო და მე-12 გამარჯვება მოიპოვა, ხოლო დანიილო იავგუსიშინმა დაამარცხა ოძეკი მასაკაცუ კოტოზაკურა, რომელმაც ტურნირი რვა გამარჯვებით დაასრულა. შედეგად კიუშუს ბაშოს (Kyūshū basho) ფინიშზე, ორ საუკეთესო მოჭიდავეს იოკოძუნა ჰოსერიუს და სეკივაკე აონიშიკის დაუგროვდათ 12-12 გამარჯვება. იმპერატორის თასის გამარჯვებული აონიშიკისა და ჰოსერიუს შორის გამართული პლეი-ოფის მატჩით გადაწყდა. დანიილო იავგუსიშინმა მონღოლ იოკოძუნას სამი წინა ბრძოლა მოუგო, მათ შორის ერთი ამავე კიუშუ ბაშოზე. უკრაინელმა სუმოისტმა გამარჯვებების ეს სერია ყველაზე გადამწყვეტ მომენტშიც განაგრძო: 21 წლის ვინიცელმა რიკიშიმ კიდევ ერთხელ დაამარცხა იოკოძუნა და, ოძეკის წოდებასთან ერთად იმპერატორის თასიც მოიპოვა.
21 წლის უკრაინელმა მოჭიდავემ (სიმაღლე 182 სმ, წონა 140 კგ) ეს ტიტული უმაღლეს, მაკუუჩი დივიზონში ასპარეზობის დაწყებიდან 14 ტურნირში მოიპოვა.