ოთხშაბათს, 19 ნოემბერს, ლუვრის მუზეუმის დირექტორს, ლორანს დე კარს, ოქტომბერში მის დაწესებულებაში მომხდარი ძარცვის საკითხებზე, საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის კულტურის საკითხთა კომიტეტში მოუწია კითხვებზე პასუხის გაცემა.
ლუვრის გაძარცვიდან თითქმის ერთი თვის შემდეგ, მუზეუმის დირექტორმა, ლორანს დე კარმა ფრანგ კანონმდებლებს რამდენიმე საგანგებო ზომა გააცნო, რომლის მიღებასაც ის აპირებს. „2026 წლის ბოლომდე 100 კამერა დამონტაჟდება“, - განაცხადა ლუვრის მუზეუმის ხელმძღვანელმა ოთხშაბათს, 19 ნოემბერს, საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის კულტურის საკითხთა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე.
მან „ლუვრის ტერიტორიაზე პოლიციის მობილური საგუშაგოს განთავსებაც“ დააანონსა. ლორანს დე კარი განმარტავს, რომ „საგანგებო ზომების“ მიღება „კულტურის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გამართულ კონსულტაციებზე გადაწყდა“. დაწესებულების დირექტორის განმარტებით, დასახულია „ოცზე მეტი საგანგებო ზომა“, რომლებიც უახლოეს თვეებში განხორციელდება, მათი პირველი ნაწილი კი „უკვე დეკემბერში ამოქმედდება“.
წყარო: 1 არხი