გლობალური ეკონომიკა გამოწვევების წინაშეა. ამაზე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული ანგარიშები და ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებლები მეტყველებს. გამოწვევები განსაკუთრებით დონალდ ტრამპის სატარიფო პოლიტიკამ გამოკვეთა. ,,კომერსანტი“ დაინტერესდა რა უნდა გააკეთოს საქართველომ, რათა გლობალურ ეკონომიკაში თავის დამკვიდრება შეძლოს და ეკონომიკური ზრდა გააგრძელოს. საკითხზე ეკონომისტს სოსო არჩვაძეს ვესაუბრეთ. ის განმარტავს, რომ გლობალურ ეკონომიკაში არსებული გამოწვევები იმპორტირებულ პროდუქტზე მოთხოვნას ამცირებს. შესაბამისად ეს საქართველოდან იმპორტირებულ პროდუქტზეც აისახება. გარდა ამისა, ქვეყანა თავად იმპორტზე დამოკიდებულია. ეკონომისტი განმარტავს, რომ  ეკონომიკური ზრდის ტენდენციის შესანარჩუნებლად საქართველომ შიდა მოთხოვნა მეტ წილად თვითონ უნდა დააკმაყოფილოს, რისთვისაც წარმოების გაზრდა აუცილებელია.

,,საქართველოს ეკონომიკის ზრდა მიმართული იქნება იქით, რომ უფრო სრულად მოხდეს შიდა მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. იმ ფონზე, როდესაც გლობალური მასშტაბით შეიძლება ისეთი ზრდა არ იყოს ჩვენს პროდუქციაზე, როგორსაც ვისურვებდით. ეკონომიკური ზრდა რეფორმების ხარჯზე უნდა გავაგრძელოთ. იმისათვის, რომ შევძლოთ შიდა მოთხოვნის დაკმაყოფილება და ვიყოთ უფრო კონკურენტუნარიანი გლობალურ ბაზრებზე. ეს სტრატეგიული ამოცანა დგას უახლოეს წლებში საქართველოს წინაშე.’’- აცხადებს სოსო არჩვაძე.

ეკონომიკური ზრდის არსებული მაჩვენებლის მიუხედავად, მოსახლეობის დიდი ნაწილი უკმაყოფილებას გამოთქვამს და აცხადებს, რომ მათი ცხოვრების ხარისხი არ უმჯობესდება. ეკონომისტს ვკითხეთ, რატომ არ აისახება ზრდის არსებული ტემპი რიგით მოქალაქეებზე და რას უკავშირდება მათი უკმაყოფილება. სოსო არჩვაძე მოსახლეობის მიერ ცხოვრების დონით უკმაყოფილებას ე.წ. ტოპულის ეფექტით ხსნის.

,,ეკონომიკაში და სოციოლოგიაში არის ასეთი ტერმინი ე.წ. ტოპულის ეფექტი. როდესაც ჩვენი მოლოდინები წინ უსწრებს ეკონომიკის ზრდის შესაძლებლობებს და ადამიანთა გარკვეულ კონტინგენტს ემართება ფრუსტრაცია ანუ დაუკმაყოფილებლობის გრძნობა. ამის გამო ადამიანი უკმაყოფილებას გამოხატავს, როგორც ვერბალურად, ასევე ემიგრაციისადმი ლტოლვით. გასულ წელს საშუალო ხელფასი საგრძნობლად გაიზარდა. ოფიციალური სტატისტიკით დაბალი ინფლაციის პირობებში, მაგრამ ხელფასის მიმღებთა რაოდენობა მაინც 200 ათასით ნაკლებია, ვიდრე ოჯახების რაოდენობა. იმის გათვალისწინებით, რომ ზოგ ოჯახში 2 და მეტი წევრი არის დაქირავებით დასაქმებული. გამოდის, რომ ეს ზრდა ვრცელდება არა მთელს მოსახლეობაზე, არამედ დაახლოებით მოსახლეობის 2/3-ზე. 1/3-ის მდგომარეობის გაუმჯობესება ძირითადად სახელმწიფო ბიუჯეტისა და სოციალური ქოლგის ფუნქციონირებაზე არის დამოკიდებული. სწორედ ეს კონტინგენტი განიცდის ყველაზე მწვავედ უკმარისობას და საკუთარი მდგომარეობის გაუმჯობესებაში რეალური ცვლილებების სიმცირეს. ე.წ. ტოპულის ეფექტი და მეორეს მხრივ, ის რომ ეკონომიკის ზრდა ჯერჯერობით საზოგადოების ყველა წევრზე და ფენაზე არ ხორციელდება, ქმნის ნეგატიურ მუხტს.’’- აცხადებს სოსო არჩვაძე.