ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) საქართველოს უმსხვილეს ქიმიურ საწარმო "რუსთავის აზოტს" 65 მილიონი დოლარის კრედიტი გამოუყო - ამის შესახებ ინფორმაციას თავად EBRD აქვეყნებს.
EBRD-ის თანახმად, ეს ინვესტიცია დააფინანსებს თანამედროვე, ამონიუმის გვარჯილის საწარმოს მშენებლობას, ასევე, კომპანიის არსებულ ქარხანაში ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას გარემოზე ზემოქმედების შემცირების მიზნით.
"რუსთავის აზოტი" 2023 წელს სასუქების წარმოების გლობალურმა ლიდერმა INDORAMA ჰოლდინგმა შეიძინა. რუსთავის აზოტის წლიური წარმოების სიმძლავრე 550,000 ტონა ამონიუმის გვარჯილაა და ის ემსახურება რეგიონალური მასშტაბის კლიენტებს.
"EBRD-ის ინვესტიცია ხორციელდება იმ დროს, როდესაც რეგიონული სასურსათო სისტემების მდგრადობა და გლობალური სასურსათო უსაფრთხოება უმთავრესი პრიორიტეტია. საქართველოში სასუქების წარმოების მოდერნიზაცია ხელს შეუწყობს მაღალი ხარისხის სასოფლო-სამეურნეო რესურსების უფრო სტაბილურ, ადგილობრივად ხელმისაწვდომ მიწოდების პროცესს. დაფინანსების მნიშვნელოვანი ნაწილი სტრუქტურირებულია როგორც მწვანე სესხი, რომელიც შეესაბამება „სესხების ბაზრის ასოციაციის“ (Loan Market Association ) მიერ გაცემული მწვანე სესხის პრინციპებს; ფინანსური რესურსი კი მოხმარდება შესაბამის მწვანე პროექტებს,"- ნათქვამია EBRD-ის პრესრელიზში.
ფრედერიკ ლუსენეტმა, EBRD-ის წარმოებისა და მომსახურების სექტორის გლობალურმა ხელმძღვანელმა, განაცხადა: „რუსთავის აზოტის მოდერნიზაცია შეესაბამება ჩვენს მისიას ხელი შევუწყოთ სამრეწველო დეკარბონიზაციას ჩვენს რეგიონებში, გამონაბოლქვის რთულად შესამცირებელ სექტორებში, როგორიცაა სასუქების წარმოება. ჩვენ სიამოვნებით ვუჭერთ მხარს დიდი ხნის კლიენტის ინდორამას სტრატეგიულ ინვესტიციას საქართველოში.“
კორპორაცია ინდორამა ჯგუფის ვიცე-თავმჯდომარემ ამიტ ლოჰიამ აღნიშნა: „მადლიერები ვართ EBRD-ის ურყევი მხარდაჭერისა და ნდობისთვის, რაც აისახა ამ მნიშვნელოვან მწვანე დაფინანსებასა და ჩვენი მზარდი პარტნიორობის გაღრმავებაში. ეს პროექტი დაეხმარება რუსთავის აზოტს ოპერაციების მოდერნიზებაში, დეკარბონიზაციის დაჩქარებასა და პროდუქციის დივერსიფიკაციის გაზრდაში. ჩვენ მოუთმენლად ველით რუსთავის აზოტის კონკურენტუნარიანობის გაზრდას ამგვარი მიმდინარე საინვესტიციო პროგრამებით.“
2025 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან უცხოეთში ექსპორტზე 69 მილიონი დოლარის ღირებულების 227 ათასი ტონა აზოტოვანი სასუქების ექსპორტი განხორციელდა, რაც წინა წელთან შედარებით $9 მილიონით მეტია. 2024 წელს კი აზოტოვანი სასუქების ექსპორტი $118 მილიონ დოლარს და 412 ათას ტონას შეადგენდა.