„ძალიან მინდა ვთქვა, რომ ეკონომიკა ჩვენი დამსახურებით გაიზარდა, მაგრამ ასე არაა - არც გარე ეკონომიკური ფაქტორების დამსახურებაა; ეს არის გარე პოლიტიკური ფაქტორების დამსახურება" - ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ იურიდიული ფირმა BLC law-ს მმართველმა პარტნიორმა ქეთი ქვარცხავამ განაცხადა.
„სამწუხაროდ, ასეთ ფაქტორებს აქვს დროებითი ხასიათი“ - ამბობს იურიდიული ფირმის მმართველი პარტნიორი.
მისი შეფასებით, დღეს, საქართველოში გაურკვეველი პოლიტიკური სიტუაციაა, რაც არათუ უცხოური ინვესტიციებისთვის, არამედ ადგილობრივი ბიზნესებისთვისაც მიმზიდველ კლიმატს არ ქმნის, რაც ეკონომიკას ეტყობა.
„ეკონომიკას აქვს თავისი მამოძრავებელი ელემენტები; როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ ახალი ინვესტიციის მოზიდვა გვინდა, ამისთვის გვჭირდება ახალი განაცხადის გაკეთებაც ანუ რატომ უნდა მოვიდეს შენთან ინვესტორი. როცა უზბეკეთის მაგალითზე ვსაუბრობთ, [სადაც BLC-მ ოფისი გახსნა], იქ გამოყოფილია რიგი პრიორიტეტული დარგები და ამ მიმართულებით მიდის რეფორმები, რათა ხელი შეუწყონ ინვესტიციების მოზიდვას. ჩვენც გვჭირდება, გამოვყოთ წამყვანი მიმართულებები და ვთქვათ, რომ ამ დარგებს ექნება სახელმწიფოს ხელშეწყობა, განხორციელდება რეფორმები და ა.შ. ასეთ შემთხვევაში პოზიტიურ სიგნალს გავაგზავნით ეკონომიკის აქტორებისთვის, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ ეკონომიკა დაიძრას. სამწუხაროდ, ეს სიგნალი არ ჩანს.
ამდენად, ძალიან მარტივი ახსნა აქვს ეკონომიკის ზრდის ტენდენციას, რაც ბოლო წლებში გვაქვს - ჩვენ ბუნებრივად ვისარგებლეთ ჩვენი გეოგრაფიული მდგომარეობით, როცა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო, ქვეყნებს მიწოდების პრობლემა შეექმნათ; ქვეყნებმა დაიწყეს მიწოდების ახალი არხების მოძიება და ეს არხი აღმოჩნდა საქართველო, რითაც გაიზარდა ეკონომიკა“, - განაცხადა ქეთი ქვარცხავამ, რომელიც არაა ერთადერთი, ვისაც მიაჩნია, რომ ბოლო წლებში საქართველოს ეკონომიკური ზრდის მთავარი ფაქტორი სწორედ რუსეთ-უკრაინის ომიდან გამომდინარე „დადებითი შოკია“.
„წერტილთან“ ინტერვიუში ქვარცხავამ თავისი იურიდიული ფირმის საქმიანობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, მართალია, BLC-ს იურიდიული ფირმა დატვირთულია და საქმეები აქვთ, მაგრამ 2025-2026 წლებისთვის დაგეგმილ მაჩვენებლებს გარკვეულწილად ჩამორჩებიან.
„დაქცეულ მდგომარეობაში არ ვართ. წინ მიდის საქმე, ბაზარზე მოძრაობები შეინიშნება და მოლოდინი მაქვს, მესამე კვარტალი არ იქნება ისეთი ცუდი, როგორიც მეორე და პირველი კვარტალი იყო“, - განაცხადა მან.