“ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი [DCFTA] ვერ იქნება პანაცეა და ვერ მოახდენს სასწაულს, თუ ეკონომიკის რეფორმირება არ მოხდა,” – ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის დირექტორმა ირინა გურულმა განაცხადა.

საქმე ის არის, რომ DCFTA-ის რეჟიმის მიუხედავად, 2014 წელს საქართველოს ადგილობრივ ექსპორტში ევროკავშირის წილი 22% იყო, 2024 წელს ეს მაჩვენებელი 16%-მდეა შემცირებული. საქსტატის თანახმადვე, 2014 წელს საქართველომ ევროკავშირის ბაზარზე გაყიდა $407 მილიონის საქონელი, DCFTA-ის ამოქმედებიდან მეათე წელს კი, ეს რიცხვი მხოლოდ $477 მლნ დოლარი იყო. ბოლო ათი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი ექსპორტი EU-ში 2019 და 2022 წლებში დაფიქსირდა.

„დიახ, საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტის ზრდა მცირეა და გამომწვევ მიზეზებზეც შეგვიძლია ვისაუბროთ - მხოლოდ ის, რომ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი გვაქვს, ვერ და არ მისცემდა ქართველ მეწარმეებს იმის საშუალებას, რომ სწრაფად მოეხდინათ საკუთარი პროდუქციის უფრო მეტად კონკურენტუნარიან ბაზარზე გადასროლა... DCFTA ვერ მოახდენს სასწაულს თუ ეკონომიკის რეფორმირება არ მოხდა და შესაბამისი რაოდენობის და ხარისხის საქონელი არ გვექნება.

ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება იმით არის განსაკუთრებული, რომ პარალელურ რეჟიმში უნდა მომხდარიყო ეკონომიკის რეფორმირება, რაც საქართველოს მისცემდა საშუალებას, ჩაერთოს ღირებულებათა ჯაჭვში ანუ მხოლოდ პროდუქცია კი არ გაგვეყიდა ევროპის ბაზარზე, არამედ მოგვეზიდა ევროპული ინვესტიციები. მოკლედ, საქართველოში ბიზნესის კეთებით ევროპელი ინვესტორების დაინტერესება უნდა მომხდარიყო, რაც არ გამოვიდა და არ გამოვა იმ პირობებში, რაშიც ახლა ვართ.

მეც და სხვებიც, DCFTA-ის ვუყურებდით როგორც საინვესტიციო ინსტრუმენტს... თუნდაც იმიტომ გახდა საქართველო ჩინეთისთვის საინტერესო - გავაფორმეთ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ჩინეთთან და ჰონკონგთან... თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმებით საქართველოს გლობალური მშპ-ის 40%-ზე აქვს წვდომა, რაც ჯამურად 2-მილიარდიან ბაზარს ნიშნავს.

ამდენად, DCFTA და სხვა თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმები, რეალურად, ძალიან საინტერესო საინვესტიციო ინსტრუმენტია იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ჰაბი ინვესტიციებისთვის, მაგრამ ამისთვის საჭიროა ინსტიტუციების გაძლიერება - პირველ რიგში, დამოუკიდებელი სასამართლო, დემოკრატიის კონსოლიდაცია და დიქტატურის დამარცხება“, - განაცხადა ირინა გურულმა.

„წერტილთან“ ინტერვიუში EPRC-ის დირექტორის მოადგილემ სწორედ სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკით და ვექტორით ახსნა ის ფაქტიც, რომ ქართული ბიზნესიც შედარებით მომთხოვნ, მაგრამ სტაბილურ ევროპის ბაზარზე ექსპორტის დივერსიფიკაციისთვის მაქსიმუმს არ აკეთებს.

„მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა იმიტომაა მოგონილი და იმიტომ გვაქვს ეკონომიკის სამინისტრო, რომ მათი პოლიტიკა გადაეცემა ბიზნესს; კერძო სექტორის როდესაც ხედავს, რომ სახელმწიფოს ვექტორი არის შეცვლილი და გადასულია მოკლევადიან გეგმებზე, ბიზნესიც ვერ ახდენს ინვესტირებას ისეთ ბაზარზე, რომელიც სტაბილურია, მაგრამ უკუგებას გვიან მოიტანს... ბიზნესიც თვითგადარჩენის ეტაპზეა“, - აღნიშნა მან.

bm.ge